
„პორტო ფრანკო“ – ფორუმი, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ ინიციატივით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი „პორტო ფრანკო“ გაიმართა, რომელზეც მოწვეულმა ექსპერტებმა საქართველო-ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე, ევროპული იდეის განვითარებაში ქართველების როლსა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
– ფორუმის „პორტო ფრანკო“ ფარგლებში დღეს ისტორიულ რაკურსში მიმოვიხილეთ ქართულ-ევროპული ურთიერთობები, ის, თუ რა წინაპირობები გვქონდა აქამდე, რა ეტაპები გავიარეთ, რა ტიპის ურთიერთკავშირები არსებობდა საქართველოსა და ევროპას შორის და ახლა, უკვე ამ ეტაპზე, რა ტიპის გამოწვევები დგას, როგორ შეიძლება მათი დაძლევა. სამ განზომილებაში, როგორც წარსულში, ასევე, აწმყოსა და მომავლის პერსპექტივაში ვიმსჯელეთ საქართველოს ევროინტეგრაციის ძირითად ასპექტებზე, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუსმინეთ სამ კვალიფიციურ ექსპერტს, რომლებმაც როგორც ისტორიულ ჭრილში, ასევე, საგარეო ურთიერთობათა მიმართულებით ისაუბრეს. ფორუმის ფარგლებში გვაქვს სხვა ტიპის ღონისძიებაც. ერთ-ერთი არის სპეციალური ექსკურსი – ბათუმის ევროპული ტური. ჩვენ ვამცნობთ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, განსაკუთრებით სტუდენტებს, იმ არქიტექტურულ, ურბანულ სივრცეებს, რომლებიც ევროპასთანაა დაკავშირებული, იმ ევროპელ მოღვაწეებს, რომლებსაც საკმაოდ დიდი როლი მიუძღვით ქალაქის განვითარებაში, ურბანულ ფორმირებაში. ვცდილობთ, საზოგადოებას დავანახოთ ევროპის როგორც ისტორიული კავშირი, ასევე სამომავლო პერსპექტივები და ის სიკეთეები, რაც შეიძლება ევროინტეგრაციამ მოუტანოს ქვეყანას. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, გავდივართ მაღალმთიან სოფლებში, ვცდილობთ, მოვიცვათ ის სოფლები, სადაც ყველაზე ნაკლებად მიდის ინფორმაცია, ან თუ მიდის, დეზინფორმაციულ ჭრილში. ამიტომ ჩვენი საქმიანობის დიაპაზონი მაქსიმალურად გაფართოვდება უახლოეს პერიოდში, – გვითხრა ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ დირექტორმა ილია გუჩმანიძემ.
დიპლომატმა, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა გიგი გიგიაძემ იმ საფეხურებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გაიარა და გამოწვევებზე, რომლებიც აღნიშნული კუთხით უდგას ქვეყანას. ექსპერტმა ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე და მოთხოვნებზე, რომლებიც აქციების მონაწილეებს აქვთ.
– საქართველომ გამოიარა უნიკალური გზა იმ ნიშნულამდე, რასაც ჰქვია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს მართლაც უნიკალური გამოცდილებაა, ვინაიდან გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ევროკავშირის შემდგომი გაფართოებისას, ნამდვილად გავხდეთ წევრი ქვეყანა. რეალობა, რომელიც დადგა საქართველოსთვის, იმდენად წარმოუდგენელია, რომ მე, როგორც ქართველ დიპლომატს, რომელსაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გატარებული მაქვს ამ პროფესიაში, გამიჭირდებოდა თქმა, თუ როდის გაიხსნებოდა ეს ფანჯარა საქართველოსთვის. რომ არა 2024 წლის 24 თებერვალი და რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში, დიდი ალბათობით, ჩვენ კიდევ რამდენიმე ათწლეული არ გვექნებოდა განაცხადის გაკეთების და დადებითი პასუხის მიღების შესაძლებლობა. ეს არის ერთი განზომილება. მეორე განზომილება არის ის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. არალეგიტიმური „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ ეს უნიკალური შანსი ხელიდან გაუშვას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ფაზაში, როდესაც რეალურად შეგვიძლია, ერთის მხრივ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, დაახლოებით, 2030 წლისთვის მართლაც გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ან ძალიან დიდი ხნით დავკარგოთ ეს შესაძლებლობა. მინდა ვუთხრა ჩვენს აუდიტორიას, ჩვენს ქვეყანას ჰქონია უამრავი გამოწვევა და ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის წარმატებით დასრულდება. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირისკენ, გავაგრძელოთ ჩვენი დაახლოება ევროპულ ცივილიზაციასთან და, საბოლოო ჯამში, დავბრუნდეთ იქ, სადაც არის საქართველოს ბუნებრივი ადგილი. ეს არის ევროპა, ევროპული სივრცე, ევროკავშირის წევრობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ ამ გზის წარმატებით გავლას.
ასევე, მინდა ვისაუბრო პროტესტზე, რომელიც 200-ზე მეტი დღეა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება როგორც დედაქალაქში, რუსთაველის ქუჩაზე, ასევე, სხვადასხვა ქალაქში. ადამიანები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, მათ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აჩერებენ ევროპასთან დიალოგს. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს – ამ 200 დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც, როდესაც დაასანქცირეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ამ რეჟიმის გამაძლიერებლები, იქნება ეს მოსამართლეები, პოლიციელები, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები თუ ასე შემდეგ. რაც უფრო მეტად ამკაცრებს რეჟიმი წნეხს საკუთარ მოსახლეობაზე, მით უფრო მკაცრდება სანქციები და უფრო ხმამაღლა ისმის პირდაპირი გზავნილები დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის პროცესი, რომელიც დავიწყეთ სრულიად მშვიდობიანად, დემოკრატიულად. უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩაატაროს გამჭვირვალედ, ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით, – განაცხადა ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ.
ნანა აბულაძე
გალერეა


