პრეზიდენტი გიორგი ცინცაძეზე – ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ეს მისი არჩევანია
By

პრეზიდენტი გიორგი ცინცაძეზე – ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ეს მისი არჩევანია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა. კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ კი ღირსების ორდენზე უარი განაცხადა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველას საკუთარი არჩევანი აქვს.
პრეზიდენტმა გაიხსენა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც, რომელთა გამოყენებასაც ოპოზიციური ძალები ევროპის ჩემპიონატის წინ ცდილობდნენ.
„სულ ახლახან, ღირსებისა და წმინდა გიორგის ორდენებით ჩვენი კალათბურთელები დავაჯილდოვე, ჩვენი საამაყო ხალხი, რომლებსაც ერთ თვეში ეწყებათ ევროპის ჩემპიონატი. წარმატება მინდა მათ ვუსურვო. რა თქმა უნდა, მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის და გულშემატკივრის სახელით. ის იყო ჩვენთვის საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ – ეს მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა. ერთი რამ მინდა მას ვუთხრა, რომ ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს, რომ საკუთარი მეგობრები და კალათბურთელები დაზიანდნენ, რადგან მათ მნიშვნელოვანი შეკრება დაეწყოთ და მონაწილეობა უნდა მიიღონ. მინდა წარმატება ვუსურვო. ეს იქნება ჩემი მიმართვა. ის თავისუფალი ადამიანია და თავად გადაწყვიტოს, რა სურს.
ჩვენ გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ჩვენ გვახსოვს ქოჩორაშვილი, როგორ ცდილობდნენ მათ გამოყენებას ევროპის ჩემპიონატის წინ. ასევე, შუღლი შეეტანათ, დაეპირისპირებინათ. ეს ადამიანები არიან მავნებლები – ყველაფერს პირიქით აკეთებენ.
აი, როგორ წარმოგიდგენიათ, ღამე ვიძინებდე და ვიღვიძებდე იმ მოტივით, რომ როგორმე ცუდი მოხდეს საქართველოში: რაღაც დაინგრეს, ჩამოინგრეს, ვიღაც მოკვდეს და ამ ნიუსებით ვიყო. არ ვიცი, რა დავარქვა! ჩემთვის წარმოუდგენელია! ეს ადამიანები ამით ცხოვრობენ. მეცოდებიან, რადგან სულ ნეგატივზე არიან ჩასაფრებული, მაგრამ მათდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ეს წარმატებები დასაწყისია. კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ ჩვენი ბიჭები. ჩვენი ქვეყანა მაგარი ქვეყანაა, მაგარი ხალხი გვყავს და უფრო წარმატებული ვიქნებით, უფრო მშვიდობიანი ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, გადატეხილია ეს პროცესი, ვერავინ ვეღარ გვერევა – მცირე ნაწილია რადიკალური ფრთის, რომელიც ნეგატივით ცხოვრობს და ერთმანეთს ვეღარ იტანენ, ისეთ მდგომარეობაში არიან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *