
პროგრამა ამართლებს
უკვე რამდენიმე წელია ქედაში ,,ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების შეცვლის“ პროგრამა მოქმედებს. მის ფარგლებში წელს სოფლებში 4 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
სოფელ უჩხითში თენგო ცინცაძის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მამუკა თურმანიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ და პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ დაათვალიერეს.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიას, პროგრამის ფარგლებში, თენგო ცინცაძის ექვსსულიანი ოჯახი დროებით ქირით ჰყავს გაყვანილი. ცინცაძეების ოჯახს საცხოვრისი გასულ წელს ხანძრის შედეგად დაეწვა.
პროგრამის ფარგლებში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს სახლების მშენებლობა ცხმორისში, კვაშტასა და სირაბიძეებში.
აღნიშნული პროგრამისთვის 400 000 ლარია მობილიზებული.
„ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების შეცვლის“ პროგრამის ამოქმედებიდან 22 თანამედროვე ტიპის სახლი აშენდა.
ცოტნე ცაბაძე