
პროგრამა წელსაც გრძელდება
„აჭარის მთიანი სოფლის მოსახლეობის და მემთეურთა ავადობის უფასო კვლევის“ პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს. მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას კლინიკა „მედფემი“ უწევს. პროგრამის ფარგლებში მათ უტარდებათ სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები დაავადებების პრევენციისა და დროული გამოვლენისთვის.
პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რთულ გეოგრაფიულ პირობებში ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან ალპურ საძოვრებზე, სადაც პირუტყვს აძოვებენ. მათ ადგილზე უტარდებათ კვალიფიციური ექიმების სამედიცინო მომსახურება, დიაგნოსტიკური კვლევები. სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტებულია ოჯახის ექიმით, ნევროპათოლოგით, კარდიოლოგით, ენდოკრინოლოგით, ოფთალმოლოგით და რადიოლოგით. პროგრამა ჯამში მოიცავს 18 ვიზიტს.
მორიგი ვიზიტი განხორციელდა ხულოს მუნიციპალიტეტის მთა ზოტიყელში. ექიმთა ჯგუფთან ერთად აქ იმყოფებოდნენ და სამედიცინო მომსახურების პროცესს ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბერიძე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ვერძაძე და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ავთანდილ ფუტკარაძე.
წელს ექიმების კონსულტაცია და კვლევები უკვე ჩაუტარდა მთის 452 მკვიდრს.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
