„პროგრესი იწყება საკუთარი თავიდან“
ეს ინტერვიუ მკითხველს შემოქმედის გულთან ახლოს მიიყვანს – პოეტი, პედაგოგი ჟანა ანანიძე პოეზიას არა მხოლოდ ქმნის, არამედ მისით ცხოვრობს. კითხვები მის ახალ ნაბიჯებს, ფესტივალის – „ლექსების გამოფენა“ ემოციებსა და იმ შინაგან ბგერებს შეეხება, სადაც ადამიანის ფიქრი, ნოსტალგია და ოცნება ერთმანეთს ერწყმის… მოკლედ, ეს ინტერვიუ საინტერესო მოგზაურობაა პოეტის შინაგან სამყაროში, სადაც თითოეული ბილიკი სასურველი და სანატრელი შუქის არეალში ციალებს.
– ახლახან, ბათუმში გამართულ ფესტივალში – „ლექსების გამოფენა“ მონაწილეობდით, რა შეგიძლიათ მასზე გვითხრათ, როგორც შემოქმედისთვის რით იყო ის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
– ყოველგვარი ლიტერატურული ღონისძიება კულტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ფესტივალის ფარგლებში გამოცდილება მივიღე და სხვა კალმოსნები გავიცანი. მაინც, უმეტესწილად, არა მარტო ,,ლექსების გამოფენა“, არამედ სხვა კონკურსებიც უსიამოვნო განცდას იწვევს, როდესაც ჟიურის წევრების უმრავლესობა მამაკაცია. ჩემი აზრით, უფრო მეტი ქალი ჟიურის წევრია საჭირო, ვინაიდან ქალი ავტორების რიცხვი გაიზარდა. კონკურსის ორგანიზატორებმა ინოვაციას უნდა მიაქციონ ყურადღება და არა – უკვე კარგად ნაცნობი თემატიკის გადამღერებას.
ჩემთვის სასიამოვნო იყო პირველ ადგილზე გასული ლექსის გზავნილი
– ,,რუსეთი ოკუპანტია; ანწუხელიძე უკვდავია“.
კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებული ლექსების ავტორებს და წარმატებებს ვუსურვებ. მადლიერებას გამოვთქვამ ზაზა ფირცხალაიშვილისამდი, რადგან ასეთ რთული დროებაში მთელი თავისი რესურსი ჩადო ლიტერატურულ ფესტივალში, ამდენი მწერალი ერთად შეკრიბა. ჩემი ლექსი „ცისფერი აზღუდი მეთორმეტე წელს“ ფინალისტებს შორის იყო, რასაკვირველია სასიხარულოა, შენს შემოქმედებას რომ აფასებენ. მადლიერებას გამოვთქვამ ეს ლექსი იყო გულწრფელი ქალობის ფილოსოფია, როგორც ხდები ქალი, რომელშიც მქონდა გამოყენებული ალუზია გნოსტიკური სახარების აპოკრიფებიდან.
ვფიქრობ, ყველა ქალის ხმა გავაჟღერე ფესტივალზე და ეს ასმაგად მახარებს.
– მკითხველს უყვარხართ და გაფასებთ, ეს ნათლად ჩანს თქვენს ფეისბუქგვერდზე… თავად როგორ აღიქვამთ დადებით გამოხმაურებებს?
– ჩვენ, კალმოსნებს საზოგადოება გვზრდის პოეტებად, პროზაიკოსებად, დრამატურგებად და ა.შ. ჩემი აზრით, ნებისმიერი ხელოვანისთვის უმნიშვნელოვანესია პუბლიკა, ხოლო გამოხმაურება, იქნება ეს უარყოფითი თუ დადებითი, ძალიან სასიამოვნოა. ნებისმიერი კომენტარიც კი საკმარისია ზოგჯერ, რომ არ შეგაწყვეტინოს წერა, თუმცა უპირატესობას ვანიჭებ ჯანსაღ კრიტიკას. დღევანდელ პერიოდში, უიშვიათესად გაისმის კრიტიკა, ან, უარესი, კრიტიკას და სალანძღავ ტექსტებს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. ზოგჯერ, გადამეტებული ქებაც და ავტორის დაუმსახურებელი ამაღლებაც გამაღიზიანებელია.
ზომიერების დაცვაა საჭირო, რასაკვირველია, ყველაფერს გადააფასებს დრო…
– მთელი ცხოვრება კითხვებია მოაზროვნე ადამიანისათვის – თქვენც ასე ფიქრობთ? რა არის უმთავრესი კითხვა, რომლის პასუხი ჯერ კიდევ გაფიქრებთ?
– დიახ, მოაზროვნე ადამიანისათვის მთელი ცხოვრება ეჭვები და კითხვებია… უამრავი კითხვაა ჩემს გონებაში და ჩემეულ პასუხებს ვცემ, ზოგჯერ არც ვიცი, რისთვის დავიბადე, ვინ ვარ, რა შემიძლია კარგი გავაკეთო ჩვენი ხალხისთვის. მგონია, რომ ყოველთვის ვცდები და ჩემზე უფრო გამოცდილ ადამიანებს ვუგდებ ყურს. თუ სიცოცხლე არსებობაა, რატომ მეუფლება არარსებობის განცდა?!
– თქვენი ლექსი „ცისფერი ყვავილი“ მგონი, ერთგვარი აღსარებაა, წერთ: „მენატრება ცისფერი ყვავილი სულიდან ამოზრდილიო“, ამ მეტაფორას კიდევ რით შეავსებდით?.. მოდით, გვამოგზაურეთ თქვენს შემოქმედებით სამყაროში…
– რაც შეეხება ,,ცისფერ ყვავილს“, უბრალოდ, ჩანახატია. სოციალურ ქსელში იშვიათად ვაქვეყნებ მსგავსი თემატიკის ტექსტებს, რადგან ვთვლი, რომ უბრალო ჩანახატებს არ აქვთ ლიტერატურული ღირებულება, ან ძალიან პირადი, ინტიმური ამბებია მათში მოთხრობილი… ამ ჩანახატში აღწერილია მონატრება ჩემი სოფლის მიმართ, თითქოს საზოგადოებას, სადაც გავიზარდე ვსაყვედურობ, რომ ვერ მიიღო ჩემი პერსონა, რომ იქ თავს ზედმეტად ვგრძნობდი… ჩემი შემოქმედება მგავს, ჩემი სისხლი და ხორცია… ჩემსავით იზრდება ცისფერი ყვავილი… თუ შემოქმედია – ყველას ექნება სულში ამოზრდილი თავისი ყვავილი, წვიმა სჭირდება ყვავილებს, რომ გაიზარდოს, ხოლო სევდა ზრდის ადამიანს, სევდა გაახლოებს შენს ნამდვილ პიროვნებასთან… ზოგჯერ persona non grata ხარ… ამას ვერაფერს უზამ, ჭეშმარიტი შემოქმედის გზა via dolorosa-ა…
იყო ხელოვანი – გადიხარ სულიერ ჯვარცმას, ცდილობ გადარჩე, რადგან ასმაგად განიცდი… ძნელია იყო კარგი ხელოვანი და კარგი ადამიანი, სევდას მგვრის, როდესაც ვკითხულობ ძალიან კარგ ლექსს და მისი ავტორი პიროვნულად აცდენილია თავის შემოქმედებას.
– ამ ერთი წლის წინათ, როცა თქვენი წიგნის პრეზენტაციაზე მკითხველს შეხვდით, ენთუზიაზმით იყავით სავსე, სიახლეს აანონსებდით…
ახლა რას გვეტყვით, რას შესთავაზებთ მკითხველს მორიგ შეხვედრაზე?
– ძალიან კარგი კითხვაა, ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც საპროტესტო აქციები დაიწყო. მაქსიმალურად ჩართული ვიყავი და ახლაც ვარ. საქართველომ გადაუხვია ევროინტეგრაციის გზას. უამრავი საღამო და ღონისძიება გამოვტოვე… სწორედ ჩემი სამოქალაქო პოზიციის გამო, რადგან სოლიდარობას ვუცხადებ უკანონოდ დაკავებულ მწერლებს, მთარგმნელებს, გამომცემლებს… ფაქტობრივად, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ წინა თაობის ვერგაკეთებული საქმე გამოვასწოროთ და სად უნდა იყოს ხელოვანი დღეს? რა თქმა უნდა, ხალხის გვერდით…
ყურში ჩამესმის ილია ჭავჭავაძის უკვდავი სიტყვები: „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის“… პროგრესი იწყება საკუთარი თავიდან – თუ რამის შეცვლა გსურს, ჯერ შენში უნდა მოხდეს ძვრები. მჯერა სამართალი იზეიმებს, მჯერა, ჩვენი ქვეყანა გადარჩება და უძვირფასესი ქართველი ემიგრანტები ორმაგად გაძლიერებულები დაუბრუნდებიან სამშობლოს.
– საყვარელი ჟანა მასწავლებელი – ასე მოგიხსენიებენ თქვენი მოსწავლეები და ემპათიას საჯაროდ გამოხატავენ… ამ სიყვარულის სათავეს და მდინარებას ინტერესით გავეცნობით…
– ბედნიერი ვარ ბავშვებთან, ისინი ყველაზე გულწრფელი და წმინდა ქმნილებები არიან. ვმადლობ სამყაროს, ასეთ სუფთა არსებებთან რომ მომცა მუშაობის შნო და შესაძლებლობა.
ბავშვები არიან ჩვენი მომავალი და ასეთ თავისუფალ, ლაღ ქმნილებებს ვერავინ გამოკეტავს წითელ დილეგში. ბოლომდე ვიბრძოლებ მათი თავისუფლებისთვის და ვეცდები, უკეთესი თაობა აღვზარდო.
– ლიტერატურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ხართ, ესწრებით საღამოებს… რას ფიქრობთ, სამომავლოდ როგორ აჯობებს ასეთი საღამოების და საერთოდ, ლიტერატურული ღონისძიებების გამართვა?
– ვფიქრობ, რაღაცები ძირფესვიანად შესაცვლელია. როდესაც ყველაფერი დალაგდება, აუცილებლად მექნება იმის განწყობა, რომ ახალი საინტერესო სიახლეები შევთავაზო მკითხველს.
ლექსის წერას, რასაკვირველია, არ ვწვეტ, რადგან არ შეიძლება ახლა ვინმე გაჩერდეს.
– წიგნები და ავტორები, რომლებიც გიყვართ… მათ თარგმანში კითხულობთ თუ დედანში? რას ურჩევდით ახალგაზრდებს?
-არ მაქვს ერთი საყვარელი წიგნი და არ მყავს ერთი საყვარელი ავტორი. წიგნს, რომელიც შთაგონებას არ მაძლევს, სხვებს წასაკითხად არ ვურჩევ.
როგორც მიმიწვდება ხელი ისე ვკითხულობ. ვურჩევ, ბევრი იკითხონ და არ იფიქრონ დაშვებულ შეცდომებზე. მინდა კიდევ ბევრი უცხო ენა ვისწავლო და ორიგინალში შევძლო სხვადახვა ტექსტის წაკითხვა.
– წერთ ლექსებს, ასწავლით ბავშვებს და კიდევ? თქვენი ინტერესების სფერო გაგვაცანით…
– ვწერ, არამარტო ლექსებს, ასევე, ვხატავ. მიყვარს წიგნების რეცენზიების წერა. ხეებთან, ზღვასთან საუბარი. ყვავილების მოვლა… მარტო ყოფნა ჩემი ჰობია, საინტერესო მოგზაურობას მთავაზობს ჩემი გული და გონება, რომელიც შემიძლია სხვა ადამიანებს გავუნაწილო…
– ზოგ მწერალს თავი უცხოპლანეტელად მიაჩნია, თქვენ?
– ვფიქრობ, ზედმეტად მიწიერი ვარ. ჩემი სამშობლო დედამიწაა.
ჩემში უცხოპლანეტელის არაფერია. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჰიპერემპათია გამაჩნია, სულ ესაა და ეს.
– მუსიკა, მელოდია რომელიც თქვენი სულის თანაზიარია…
– მუსიკა მიყვარს, ნებისმიერი ჟანრს რომელიც სულს აწვდის საზრდოს. ბუნების მუსიკა ეს უკვდავების ხმაა… თუ უნდა გამოვარჩიო მაინცდამაინც ერთი მუსიკალური სინგლი, ეს იქნება The Queen – ,,The show must go on“…
– ზღაპარი, როგორც ჟანრი, ახლა და მომავალში…საყვარელი ზღაპარი…
– ,,ელისი საოცრებათა ქვეყანაში“… თავს ვაიგივებ ელისთან, ზუსტად ასე ვმოგზაურობ საკუთარ თავში, ხშირად ლექსებში ვიყენებ ამ ზღაპრის ალუზიას. როდესაც კითხვა ვისწავლე (არა, სასკოლო გაგებით, არამედ წაკითხვა მთავარი სათქმელის, სიმბოლიკის) მაშინვე მივხვდი ლუის კეროლის ზღაპრის მთავარ არსს… ჭეშმარიტ ხელოვნებას დრო არ გააჩნია, არ არსებობს დრო ლიტერატურაში, მაშინ ის პუბლიცისტიკა გამოდის, ან უბრალოდ, დათარიღებული ისტორია. დრო ლიტერატურაში, ფაქტობრივად, არ არსებობს…
– ხელოვნურ ინტელექტთან მეგობრობთ? ამ თემასთან თქვენი მიმართება, როგორ დააკვალიანებდით ახალგაზრდებს?
– არა, თუმცა მქონდა შეხება და ძალიან არ მომწონს. ადამიანი აზროვნებისთვის არის მოწოდებული და ხელოვნური ინტელექტის ჭარბი მოხმარება გააზარმაცებს ტვინს. როგორც დამხმარე ინსტრუმენტი დროის დაზოგვაში შეიძლება დაგეხმაროს, თუმცა სრულად მაინც ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს, ვინაიდან, რაც ხელოვნურ ინტელექტს აქვს ისიც ადამიანის შედგენილია, ისიც წიგნებიდან არის. იყო აზრთა სხვადასხვაობა ლექსის წერაზე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. შეუძლებელი ამბავია. ლექსი იწერება განცდით, ემოციით, გამოცდილებით, მოგონებებით და ა.შ. ხელოვნურ ინტელექტს არცერთი არ გააჩნია. გაყინული სიტყვების აკინძვა გამოვა ალბათ. ამასთანავე თითოეულ პოეტს აქვს თავისი შინაგანი ხმა, ახალ ხმას ვერანაირად ვერ შექმნის, სრული აბსურდია.
– ბათუმმა სახე იცვალა, მეგაპოლისად იქცა… როცა ქალაქის ქუჩებში დადიხართ, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ?
– გუშინ მოსწავლემ ყვავილებისთვის მიწა მაჩუქა. გამიხარდა და მწარედ ავტირდი… რა უნდა ვთქვა? გაყიდულია ჩვენი ქვეყანა კაპიკებად, ეს არის მწარე რეალობა. ზოგჯერ ქართველის ხმის გაგონება რომ მოგენატრება, ესაა ცხოვრება? ლუკმაპურისთვის გადახიზნული ჩვენი ქვეყანა…
– ხვალ რომ გათენდება… პირველი სიტყვა, რომელსაც იტყვით...
– ნამდვილი მშვიდობა მინდა, ბავშვები შიმშილით აღარ იხოცებოდნენ, მინდა თავისუფალი ქვეყანა, არ მინდა დიქტატურა, არ მინდა, უკანონოდ დააკავონ ახალგაზრდები, რომლებიც თავისუფალი საქართველოსთვის იბრძვიან… სხვა არაფერი მინდა ამ სამყაროსგან, არცერთ ბავშვს არ მინდა შიოდეს, სციოდეს და იყოს მოშორებული საკუთარი დედისგან… ღმერთს არასდროს ვაწუხებ ჩემი პირადი ინტერესებისთვის, რაც მოსახდენია, ისედაც მოხდება,
,,მშვიდობა მსოფლიოს“ ბავშვობიდან მოყოლებული,
ვიმეორებ გულში… მეც მინდა ჯიქურ მჯეროდეს, უკანასკნელი სიტყვა ღმერთს რომ ეკუთვნის….
ლაშა ხომერიკი