პროექტები აქტუალურ თემებზე – სამოქალაქო განათლების ფარგლებში
By

პროექტები აქტუალურ თემებზე – სამოქალაქო განათლების ფარგლებში

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის №6 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების ფარგლებში, მე-10 კლასის მოსწავლეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი სოფიო კეკელიძე შეხვდა. მან მოსწავლეებს აჭარაში ნარჩენების მართვის პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა ნარჩენების სეპარირებისა და ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. მოსწავლეებმა მიიღეს საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მათ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარებათ.

მოსწავლეები ბათუმის დასუფთავების სამსახურსაც ეწვივნენ. გაეცნენ საწარმოს მართვის პრინციპს, ნარჩენების მართვის სისტემას და პერსონალის მუშაობის სპეციფიკას. ამასთან, სამოქალაქო განათლებაში ადიქციასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადდა საპროექტო აქტივობები: მოწვეულმა ფსიქოლოგმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ქათამაძემ ადიქციის პრობლემებზე ისაუბრა. მე-10 კლასის მოსწავლეებმა ადიქციის მავნებლობის შესახებ საინფორმაციო პოსტერები მოამზადეს, მე-7 კლასელებმა კი ამ თემაზე ნახატები შექმნეს. ასევე ჩატარდა ანტიბულინგური კამპანია.
პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რომელიც შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ხელს უწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ადიქციის ფორმების – ნარკო/ალკო დამოკიდებულების ბრძოლის წინააღმდეგ, რაც თავსებადია სახელმწიფო პოლიტიკასთან და მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასთან.
აღნიშნულ პროექტებზე ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის №6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამაზ მჟავანაძე გვესაუბრება.

– ბატონო თამაზ, როგორ მოხდა პროექტის სხვადასხვა თემის ნარჩენების მართვის, ადიქციის პრევენციისა და ანტიბულინგური კამპანიის ერთმანეთთან დაკავშირება სამოქალაქო განათლების ფარგლებში?

– სამოქალაქო განათლების ფარგლებში, მოსწავლეები მე-10 კლასში თავად ირჩევენ პროექტებს. სწორედ მათი გადაწყვეტილებით, სხვადასხვა კლასში აირჩიეს 3 პროექტი: ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ადიქციის წინაღმდეგ ბრძოლა და ნარჩენების მართვა. შესაბამისად, ამ მიმართულებებზე, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მე-10 და მე-11 კლასელებმა იმუშავეს.

რა იყო პროექტის მთავარი მიზანი და რა შედეგს ელოდებოდით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით?

– ბუნებრივია, პროექტული სწავლების მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაა. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში ჩართული იყვნენ მე-7 კლასებიც. მოსწავლეები სწავლობენ პროექტის მომზადებას, სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას, რაც მათ სამომავლოდ პასუხისმგებლიან და გადაწყვეტილების მიმღებ მოქალაქეებად ფორმირებაში დაეხმარათ. ჩვენ მიერ შერჩეული თემები ძალიან აქტუალურია – ბულინგი და ადიქცია, მათთან ბრძოლა, ასევე, ნარჩენების მართვა. გარემოს მოფრთხილება სწორედ სასკოლო ასაკიდან უნდა იწყებოდეს.

რამდენად აქტიურად იყვნენ მოსწავლეები ჩართული პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში და როგორ აისახა ეს მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე?

– რა თქმა უნდა, აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტებში. ამზადებდნენ პოსტერებს, პლაკატებს, ბუკლეტებს, ვიდეო-რგოლებს, ამ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებდნენ, ცნობიერების გარდა, მათ აიმაღლეს პრაქტიკული უნარები, მიიღეს გამოცდილება, რომელიც ცხოვრებაში გამოადგებათ.

რა მნიშვნელობა ჰქონდა სპეციალისტების (ფსიქოლოგის, სამინისტროს წარმომადგენლის) ჩართვას პროექტებში?

– მოსწავლეები ხვდებოდნენ დარგის სპეციალისტებს, ათვალიერებდნენ სახელმწიფო უწყებებს და ეცნობოდნენ მუშაობის სპეციფიკას, რაც ხელს უწყობს მათი ინფორმირებულობის ზრდას, ეჩვევიან ქალაქზე ზრუნვასა და სხვისი შრომის დაფასებას. ნარჩენების მართვის ფარგლებში, მე-10 კლასის მოსწავლეები ბათუმის სანდასუფთავების სამსახურსაც ეწვივნენ.

რამდენად შეესაბამება პროექტი ეროვნულ სასწავლო გეგმას და სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებს, განსაკუთრებით, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის კუთხით?

– აღნიშნული პროექტები, რა თქმა უნდა, ეროვნული სასწავლო გეგმის და სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისია. ჩვენს პროექტებში ჩართული იყო მანდატურის სამსახური, ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის №6 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და უშუალოდ დირექტორი, ბატონი ზურაბ ზაქარაძე. მოგეხსენებათ, სახელმწიფო სკოლებში სასკოლო ფორმის შემოღებას გეგმავს, ასევე, მობილური ტელეფონების შეზღუდვის სტანდარტების ამოქმედებას, რაც, ჩემი აზრით, სასკოლო პროცესის ხარისხის გაზრდისთვის და ბულინგის პრევენციის მიმართულებით, მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან საკანონმდებლო მასალასაც და სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსაც. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ არჩეული პროექტები მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები, ბავშვები და სასკოლო საზოგადოება ერთობლივად უნდა ქმნიდეს პროდუქტს, რომელიც პატარების მომავალს უკეთესს გახდის და ცხოვრებისეული პრობლემების გამკლავებისთვის მოამზადებს.

რამდენიმე კითხვით ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის №6 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მუკბანიანსაც მივმართეთ.

– მარიამ, რომელი აქტივობა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე ეფექტური?
– ჩემთვის, როგორც მოსწავლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა აქტივობაში ჩართული ვიყავი, ყველაზე საინტერესო ბულინგის თემა იყო. ეფექტური იყო ონლაინ ანონიმური გამოკითხვა, რომელიც ჩვენ, მოსწავლეებმა, თავად მოვამზადეთ და ჩავატარეთ. ანონიმურმა ფორმატმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გულწრფელად და თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი აზრები, გაეზიარებინათ გამოცდილებები. ძალიან საინტერესო იყო ჩემი თანატოლების პასუხების წაკითხვა, ბევრი მათგანი გულწრფელად წერდა, რაც პრობლემის რეალურ სურათს ასახავდა. ამ პასუხების ანალიზმა შესაძლებლობა მომცა, გამომეტანა დასკვნები და დამეწყო მცირე სტატიის წერა ამ თემაზე. სწორედ ამიტომ, ჩემთვის ეს აქტივობა ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
თქვენი აზრით, როგორ ეხმარება მსგავსი პროექტები მოსწავლეებს მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებასა და პასუხისმგებლიან მოქალაქედ ჩამოყალიბებაში?

– ეს პროექტები გვეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში. სპეციალისტებთან შეხვედრები, შემოქმედებითი სამუშაოები გვასწავლის, როგორ გავაზიაროთ მიღებული ინფორმაცია რეალურ სიტუაციებში, მივიღოთ გადაწყვეტილებები და ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. ამასთან, ასეთი გამოცდილება ხელს უწყობს პასუხისმგებელი მოქალაქის ჩამოყალიბებას, კრიტიკული აზროვნების, ემპათიის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებას.

იგეგმება თუ არა მსგავსი პროექტების გაგრძელება მომავალში?

– ვისურვებდით, რომ გაგრძელდეს, რადგან ვფიქრობთ ახალ იდეებზე, რომლებსაც თამაზ მასწავლებელთან ერთად განვახორციელებთ. საინტერესო იქნება მეტ სპეციალისტთან შეხვედრა და აქტივობებში მეტი მოსწავლის ჩართვა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • დეკემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *