
რამაზ გელაძე: ჩვენი ვალდებულებაა, დაცული იყოს ყველა ბავშვის კონსტიტუციური უფლება
თვეზე ნაკლები რჩება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. გვესაუბრება ხულოს რესურსცენტრის უფროსი რამაზ გელაძე
– ბატონო რამაზ, რა სიახლეებით იწყებთ ახალ სასწავლო წელს?
– ბუნებრივია, ახალი სასწავლო წელი სიახლეებთან ასოცირდება. ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სიახლეებია, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით. კერძოდ, დასრულდება სსიპ „რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის“ მშენებლობა და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ გარემოში შეხვდებიან. მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკოსა და დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლების შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლის შენობას. მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლების ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობების მშენებლობა, რომელიც 2027 წელს დასრულდება. ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმწიფოს მიერ უფასოდ უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო სახელმძღვანელოებით, ყველა პირველკლასელს პროგრამა – „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცემა ბუკები.
– აჭარის მთიანეთში მხოლოდ ხულოში შენდება სკოლის ახალი შენობები. რა პრინციპით შეარჩიეთ დანისპარაული და უჩხო?
– ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის ამჟამინდელი შენობა არის ხის კონსტრუქციის, ძალიან მოძველებული. თავის დროზე იგი გადაიხურა მეორადი თუნუქის სახურავით, საკლასო ოთახების რაოდენობა არ არის საკმარისი და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დამატებით შენობაში (ყოფილი მაღაზია). მოგეხსენებათ, სოფელი მდებარეობს კურორტ გოდერძის მიმდებარედ, აქედან გამომდინარე ტურიზმმა და სამუშაო ადგილების ზრდამ ხელი შეუწყო სოფელში მოსახლეობის სრულად შენარჩუნებას, შესაბამისად, მოსწავლეთა კონტინგენტი, შემცირების ნაცვლად, მზარდია. გამომდინარე იქიდან, რომ ძველი ხის შენობა ვეღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და თანამედროვე სტანდარტებს, გაჩნდა ახალი სკოლის აშენების საჭიროება. იგივე ითქმის სოფელ უჩხოზეც.
– მეწყრული პროცესების შედეგად, დანისპარაულში 300 მოსწავლეზე გათვლილი კაპიტალური ნაგებობა დაიშალა...
– ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია არის მეწყრული ზონა. ამდენად, ახალი სკოლის აშენება სხვა ლოკაციაზე გადაწყდა. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც შენდება სკოლა, გეოლოგებმა სიღრმისეულად შეისწავლეს და მხოლოდ მათი დასკვნის საფუძველზე მიმდინარეობს მისი პროექტირება-მშენებლობა.
– კიდევ რომელ სოფლებშია სასწავლო პროცესისთვის შეუფერებელი შენობები?
– უჩხოზე უკვე გითხარით. აჭარის მთავრობა, კერძოდ აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო ხულოს მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ახორციელებს სკოლების შენობების სრულ და ნაწილობრივ რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში, ახლის მშენებლობას. რიგ სოფლებში არსებული ხის შენობები სადღეისო მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.
– რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე ხულოს წარმომადგენლობითი ორგანოდან მოხვედით. 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხომ არ მოიაზრებით მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში?
– პროპორციულ სიაში პიროვნებების ჩასმის გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის შესაბამისი თანამდებობის პირები იღებენ. გუნდის გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში ვცემ პატივს და მისაღები იქნება.
– ხულოს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე ასარჩევად მმართველმა პარტიამ ყოფილი მერის ვახტანგ ბერიძის კანდიდატურა წარადგინა. მხარდაჭერა რამდენად ექნება?
– ბატონი ვახტანგი მუნიციპალიტეტისთვის უცხო არ არის, კარგად იცნობს მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს. უეჭველია მას დიდი მხარდაჭერა ექნება. ჩემი შეფასებით, მერის კანდიდატურა გაიმარჯვებს პირველივე ტურში, ასევე გაიმარჯვებს მმართველი გუნდის ყველა მაჟორიტარი, დიდი მხარდაჭერა ექნება პარტიას.
– მიგრაცია ყველაზე მეტად მოსწავლეთა კონტინგენტზე ახდენს გავლენას, როდემდე შენარჩუნდება მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლები?
– მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არაერთი რეფორმა განახორციელა მთაში მოსახლეობის შენარჩუნების მიზნით, სამწუხაროდ, მიგრაციული პროცესები კვლავ მიმდინარეობს და სკოლებში ყოველწლიურად მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა. ჩვენი ვალდებულებაა, დაცული იყოს ყველა ბავშვის კონსტიტუციური უფლება, რომ მიიღოს ხარისხიანი ზოგადი განათლება. შესაბამისად, მანამ, სანამ ერთი ბავშვი მაინც იქნება სკოლაში, მას უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.
ესაუბრა ოთარ ცინარიძე