რამაზ საყვარელიძე: ვინც უარს იტყვის, ის აგრძელებს ომს საკუთარი ამომრჩევლების კეთილდღეობის ხარჯზე
By

რამაზ საყვარელიძე: ვინც უარს იტყვის, ის აგრძელებს ომს საკუთარი ამომრჩევლების კეთილდღეობის ხარჯზე

უკრაინულმა მედიამ გაასაჯაროვა დონალდ ტრამპის მიერ დამტკიცებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომლის მისაღებად ზელენსკის დრო 27 ნოემბრამდე მისცა. ვაშინგტონი მოელის, პროცესი დეკემბრის დასაწყისისთვის დასრულდეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უკრაინის პრეზიდენტის ოფისში გეგმის რამდენიმე პუნქტი კიევისთვის „წითელი ხაზად“ აღიქვეს.

გეგმა ითვალისწინებს უკრაინის მიერ დონბასზე უარის თქმას, არმიის პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების შემცირებას და ფრონტის ხაზის გაყინვას რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. როგორც Financial Times-ი წერს, უკრაინელები ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც კიევის კაპიტულაციად ჩაითვლება ან უფრო მომგებიანი იქნება მოსკოვისთვის.

ამ თემაზე გთავაზობთ ინტერვიუს ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძესთან.

– რას ფიქრობთ ტრამპის მიერ ზელენსკისთვის შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე, განსაკუთრებით, რომელმა პუნქტმა მიიქცია თქვენი ყურადღება?

– ყველა პუნქტი საყურადღებოა, იმ მხრივაც, რომ რუსეთის ინტერესები უფროა დაცული, ვიდრე უკრაინის, თანაც ამ დოკუმენტის მიხედვით, კიევი წაგებულ პოზიციაშია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი წინააღმდეგობა ჩანს ამ პუნქტებში, სწორედ, წაგება-მოგების თვალსაზრისით, ასიმეტრიულად არის წარმოდგენილი უკრაინისა და რუსეთის პოზიციები, ამიტომ არის მისი რეალიზაციის წინააღმდეგი უკრაინელთა და ევროპელთა ნაწილი, ხოლო ზელენსკი უფრო ფრთხილ პოზიციას ირჩევს. აი, ამ ფონის გაანგარიშება, სავარაუდოდ, შეეძლოთ ტრამპის ანალიტიკოსებს, თუმცა აგერ, ახლა, გამოჩნდა მარკო რუბიოს რეპლიკა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას საერთოდ არ აქვს ამ დოკუმენტთან კავშირი: რუსეთმა გადმოგვცა ეს 28 პუნქტი და ჩვენ, როგორც შუამავალმა, გადავეცით მეორე მხარესო, ანუ ამჯერად, ეს ვერსია ამოტივტივდა. ამით რუბიომ დისტანცირება გააკეთა ამ პროცესთან.

– ზელენსკიმ მიმართა თანამემამულეებს, რომ მძიმე არჩევანის, ღირსების ან საკვანძო პარტნიორ დაკარგვ რისკის წინაშე აღმოჩნდნენ… როგორ ფიქრობთ, რას აირჩევენ უკრაინელები?

– არსებობს ფაქტობრივი მხარე და არსებობს ანალიტიკური მხარე. თუკი გავაანალიზებთ, რაში მდგომარეობს რუსეთის, უკრაინის, ამერიკის და ევროპის ინტერესები, ძალიან საინტერესო სურათს მივიღებთ. აშშ კარგა ხანია, ეჭიდავება ევროპას. ორთაბრძოლა განსაკუთრებით გამძაფრდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ერთ-ერთი პიკი იყო უკრაინა-რუსეთის ომის წინ. ევროპელების პოზიცია იყო: ამერიკა ნუ გვიკარნახებს, ვცხოვრობთ ისე, როგორც მიგვაჩნია საჭიროდ… დაიწყო ევროპის სუვერენიტეტზე ლაპარაკი, საფრანგეთი აცხადებდა პრეტენზიებს და ა.შ. პრინციპში, სუვერენიტეტისკენ მისწრაფება სრულიად ბუნებრივია ევროპელების მხრიდან. არადა, აშშ ბევრ რამეს უკეთებდა ევროპას, უზღუდავდა არჩევანის თავისუფლებას და რაღაც პირობებსაც უყენებდა. სწორედ აქედან გამოთავისუფლება სურდა ევროპას. ასეთი პრეტენზიული და ამბიციური ევროპა ამერიკისთვის მიუღებელი და სირთულეების შემქმნელია. ვნახეთ კიდეც, მათ მიმართ უკმაყოფილება გამოავლინა ჯერ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, ხოლო შემდეგ, გაეროს სხდომაზე – დონალდ ტრამპმა, უფსკრულისკენ მიდიხართო. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ვკითხულობთ მათ დამოკიდებულებას, ანუ უფსკრულისკენ მიდიხართო კი თქვა, მაგრამ ჩვენ გიშველითო, არ უთქვამს, გამოდის, მიუშვა უფსკრულში… ეს უფსკრული არის ომი. სავარაუდოდ, ტრამპი არც აპირებს უშველოს ევროპას, უშვებს გადასაჩეხად, რადგან თუკი წამყვანი ქვეყნები ეკონომიკურად, პოლიტიკურად ან სხვა კუთხით დაიჩაგრებიან (ომში ჩაბმა არ არის აუცილებელი), ტრამპი კმაყოფილი იქნება. როგორც ჩანს, ევროპა მისი მეტოქე გახდა რაღაც ეტაპზე და ამდენად, მისი მოთოკვა სჭირდება. თუ გახსოვთ, ურსულა ფონ დერ ლაიენს არც კი დაელაპარაკა… მოკლედ რომ ვთქვათ, მიუშვა ომისკენ, გინდათ? იომეთო, თავად კი, არცთუ ენერგიულად, ცდილობს ამ სამხედრო კონფლიქტის შეჩერებას, ანუ არ შეეწირება ამ ომს.

– გამოდის, 28 პუნქტის დახმარებით ტრამპი თავიდან იცილებს ომის შეჩერების და უკრაინელთა დახმარების პასუხისმგებლობას. თუ არ მიიღებენ უკრაინა და ევროპა სამშვიდობო დოკუმენტს, აშშ ხელს დაიბანს?

– ასე გამოდის, სწორედ იმიტომ არის ასე შედგენილი დოკუმენტი, რომ უარი უთხრან . . .

– რაც შეეხება კორუფციულ სქემებს, ზელენკის და მის გარემოცვას რომ ამოუტივტივეს?

– აქაც საყურადღებოა ამერიკის როლი. ის სტრუქტურა, რომელმაც ეს კორუფციული სქემები ამოატივტივა, აშშ-ის დიქტატის ქვეშ მუშაობს. გამოდის, კორუფცია ზედაპირზე ტრამპმა ამოიტანა. აქვე ისიც გაიხსენეთ: განაცხადეს, ამ სქემებში ზელენსკი მონაწილეობდა თუ არა, იმასაც გავასაჯაროებთო. პრაქტიკულად, კორუფციის წინააღმდეგ ამუშავებული მანქანაც ურტყამს ომის იდეას, თუნდაც იმით, რომ მსოფლიო აღაშფოთა ფულადი სახსრების პირადი ანგარებით გამოყენებამ. შვედეთმა უკვე გამოთქვა პრეტენზია, თუკი ჩვენი ფულით უკრაინის ცალკეული პირები მდიდრდებიან, მათ რატომ ვაფინანსებთ და საკუთარ ხალხს ვაკლებთო. ასე დგება საკითხი ევროპელი ამომრჩევლების წინაშე. თუკი ეს თემა მომწიფდება და გამძაფრდება, მაშინ ამომრჩევლები საპროტესტო მუხტს საკუთარი მთავრობების წინააღმდეგ მიმართავენ, რაც ნიშნავს, რომ ევროპელი ლიდერებით უკმაყოფილო ელექტორატმა შეიძლება შეცვალოს მმართველობის პოლიტიკური ჯგუფები. ეს პროცესი, პრაქტიკულად, დაწყებულია რიგ ქვეყნებში, სადაც უკვე გაკეთდა აქცენტი „კონსერვატორთა“ სათავეში მოყვანით. ანუ ევროპელებს ამ კუთხითაც მისცა ბიძგი ტრამპმა და ამიტომ წამოსწია წინა პლანზე კორუფციის თემა. მეორე მხრივ კი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა და დააყენა საკითხი – ვინც უარს იტყვის, ის აგრძელებს ომს საკუთარი ამომრჩევლების კეთილდღეობის ხარჯზე. აი, ამ სურათს ქმნის ახლა ტრამპი. ფაქტობრივად, გარდა იმისა, რომ უკრაინის ბედი გადაწყვეტილი აქვს, ამ შეთანხმების წინაშე მსოფლიოს დაყენებით, მან აღიარა, რომ მეტოქედ აღიქვამს სწორედ ევროპას, ანუ იმას, ვინც არის პასუხისმგებელი ომის გაგრძელებაზე.

– თუკი ეს შეთანხმება მიიღეს, რუსეთი გამარჯვებულის პოზიციაში რჩება და რაში აწყობს ტრამპს კრემლისთვის პრიორიტეტის მინიჭება?

– რაში არ აწყობს? ფაქტობრივად, ტრამპი რუსეთს არ აღიარებს პარტნიორად და მის წინაშე არანაირი ვალდებულება არ აქვს, ხოლო ევროპა პარტნიორია და მისი უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებაც აკისრია, რაც მილიარდები უჯდებოდა. თუკი ფინანსური მხრიდან შევხედავთ, ევროპისგან განსხვავებით, აშშ-ს რუსეთზე ფული არ ეხარჯება. აი, სწორედ, ამ ხარჯის მოხსნა სურს. ამიტომ, რუსეთი დაიძახებს „გავიმარჯვე!“ თუ – არა, სრულიადაც არ აწუხებს, რადგან პირადად ამერიკის ინტერესებს არაფერში ეხება. მით უმეტეს, რომ აშშ და რუსეთი ჯერჯერობით არ ეჯახებიან ერთმანეთს… ვეჭვობ, კრემლიც, თავის მხრივ, აშშ-ის მიმართ რაღაც ეშმაკურ ნაბიჯებს დგამს.

– რაც შეეხება რუსეთს, რამდენად დააკმაყოფილებს ამ შეთანხმებაში გაწერილი პირობები, იქნებ მეტიც მოუნდეს?

– მეც ეჭვი მაქვს, რომ მეტი უნდა და მიუხედავად იმისა, რომ გეგმა პრორუსულია, პუტინიც არ იაქტიურებს შეთანხმების მიღებაზე. უკრაინაში ჯერ კიდევ დარჩენილია ტერიტორიები, რაც გემრიელი ლუკმაა რუსეთისთვის. შესაძლოა, პუტინმა დაასკვნას, რადგან ამდენი იომა, იარა – იქნებ ოდესამდეც მივიდეს და შავი ზღვის მარგალიტის პოტენციალი ხელში ჩაიგდოს.

– ახლა ვისზეა დამოკიდებული შეთანხმების მიღება, ზელენსკიზე თუ პუტინზე? თუკი უკრაინა დათანხმდება, რუსეთი ავტომატურად შეაჩერებს ომს?

– ყოველ შემთხვევაში, რუსეთმა განაცხადა, მე კი დავიწყებ ამაზე ფიქრს, მაგრამ უკრაინა ამ დოკუმენტს არ დათანხმდებაო, ანუ პასუხისმგებლობა ზელენსკის დააკისრა. ჯერჯერობით კრემლის პოზიცია მკაფიო არ არის.

– გამოდის, ზელენსკი რომ დათანხმდეს, არ ვიცით, პუტინი რას იზამს?

-კი, შეიძლება რაღაც პრეტენზიები რუსეთმა წამოაყენოს. ხომ იცით, მადა ჭამაში მოდისო… და ამ პრეტენზიების ხარჯზე დაამუხრუჭოს სამშვიდობო პროცესი. გამარჯვებულს აწყობს მშვიდობა? ფეხბურთი წარმოვიდგინოთ, გამარჯვებულს რაში აწყობს მატჩის დასრულება, რაც მეტ გოლს გაიტანს, უკეთესია. არის მეორე ვარიანტიც. პრინციპში, რუსეთს კი უნდა ეს ტერიტორიები, მაგრამ აქვს ერთი პრობლემა და ამის გამო ვერ გადაუწყვეტია, რა ქნას. ცხადია, „ველიკოდერჟავული“ ამბიციებით სურს უკრაინის ჩაყლაპვა, მაგრამ ეს დანგრეული ქვეყანა შემდეგ მისი აღსადგენი იქნება, ანუ შესაძლოა, მედლის მეორე მხარე უფრო აფიქრებს. არ არის გამორიცხული, არ იჩქაროს ახალი ტერიტორიების მითვისება და ხელუხლებლად დატოვოს, ის რაც დარჩა ამ სამშვიდობო შეთანხმების გარეთ. აქვს კი იმის თავი ან სურვილი, აღადგინოს დაპყრობილი ტერიტორიები? ჩვენ ვიცით, რა დღეშია აფხაზეთი. იქ არსებული შენობა-ნაგებობები ისევე დარჩა, როგორც ომის დასრულების დროს იყო. ასეთი ფსიქოლოგიის მქონე რუსეთს რაში უნდა უკრაინის უზარმაზარი სივრცე? ერთი აფხაზეთი ვერ მოუწესრიგებია, სადაც მისივე რუსები ისვენებენ. აქ ხაზს ვუსვამ სიტყვა, სურვილს, და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ შესაძლოა, ადვილად დაიყოლიონ რუსეთი ამ შეთანხმებაზე.

– რაღაც სანქციებიც ხომ მოეხსნება რუსეთს?

– თუ დათანხმდა, კი, რაღაც სანქციები შეუმცირდება, მაგრამ მარტო ეს არ არის საქმე. აქ ისევ გარემოცვას ვუბრუნდებით, რადგან უკრაინის აღდგენის პროცესში ჩართვას ევროპაც ცდილობს და ამერიკაც. ხანდახან ვლაპარაკობთ, რომ ომი კორუფციას აჩენს, მაგრამ აქვე ისიც ვთქვათ, მშენებლობები არ იწვევს კორუფციული სქემების ჩამოყალიბებას? ასე რომ, უკრაინის აღდგენის თემა ახალი კორუფციის წყაროდ იქცევა. რაც მთავარია, ამ აღდგენით დაინტერესებული არიან კორუფციაში გაწაფული უკრაინელებიც, რომლებიც ორ აგურს არ ირტყამენ თავში – ერთ-ერთს ყიდიან, ამით უდგათ სული.

– პრინციპში, ზელენსკი ტრამპმა დააშანტაჟა. თუკი არ დათანხმდება 28-ვე პუნქტს, ამოუტივტივებს მისი კორუფციაში მონაწილეობის ეპიზოდს.

– კი, ასე იქნება, ამიტომაც დგას უმძიმესი არჩევანის წინაშე, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მისი საქმე უკვე გადაწყვეტილი და დასრულებულია, აღარავის აინტერესებს, აქ უფრო დიდ მასშტაბებზე გავლენ.

– ევროპა აცხადებს, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში რუსეთი მას გამოუცხადებს ომს, რაშიც ეჭვი მეპარება – რაში სჭირდება ან რუსეთს ან ევროპას ეს ომი?

– თქვენც გეპარებათ ეჭვი? მეც ასე ვფიქრობ. ევროპას ომი არ სჭირდება, ომის ძახილი სჭირდება. ერთი რამ გამახსენა ამ სიტუაციამ. მახსოვს, საბჭოთა პერიოდში უჭმელ ბავშვებს მშობლები ემუქრებოდნენ, ახლა მილიციელი მოვა და დაგიჭერსო . . . და ბავშვი ჭამდა. ამ დროს იმ მილიციელს არც აინტერესებდა, არც იცოდა არაფერი. იგივე ხდება რუსეთშიც, აგერ აფხაზეთს არ მოუარა, უკრაინას არ მოუვლისო, ვამბობთ და რა, ევროპას მოუვლის თუ დაანგრია?!. თანაც, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, რის მაქნისია, ესეც სათქმელია. აცხადებდა, ერთ კვირაში ჩავალ კიევშიო, არადა აგერ, მეოთხე წელი დაიწყო და ვერ ჩავიდა . . . მაგრამ თუკი დავუშვებთ, რომ შევა ევროპაში და გაიმარჯვებს – მერე რას შვრება?

ბატონო რამაზ, მაინც რას ფიქრობთ, დათანხმდე ზელენსკი ამ შეთანხმებას თუ არა? როგორც ვიდეომიმართვაში ამბობს, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ომის დასრულება უკრაინის დასრულებას არ ნიშნავდეს . . .

– ახლა მიმდინარეობს შეთანხმება-დათანხმების პროცესები, მაგრამ მეეჭვება, დასთანხმდნენ ევროპელები ან ზელენსკი. თანაც მინდა, ისევ გავიხსენო მარკო რუბიოს განცხადება, რითაც, რბილად რომ ვთქვათ, მხარი არ დაუჭირა ამ გეგმას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სენატორებთან სატელეფონო საუბრისას უარყო, რომ მედიაში გავრცელებული 28-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ამერიკული მხარის შემუშავებულია და განმარტა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული დოკუმენტი რუსული მხარისგან მიიღო და რომ ის მოსკოვის „სურვილების სიას“ წარმოადგენს. ხოლო აშშ-ის „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მაიკ რაუნდსმა Halifax-ის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა: „ეს არის წინადადება, რომელიც მივიღეთ და როგორც შუამავალმა, გავაზიარეთ, არ გაგვივრცელებია, ამის გაჟონვა მოხდა, გასაჯაროება ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარა“. სენატორმა რაუნდსმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ არ სმენიათ ტრამპის ადმინისტრაციაში რაიმე სახის დისკუსიის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის მხარდაჭერის შეზღუდვას ეხება, რაც სხვა სენატორებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც დაუდასტურა. ზემოთქმულიდან გამოდის, კიევსა და მოსკოვში კი არადა, თეთრ სახლში არ ჩამოყალიბებულა ერთიანი სურათი. ვეჭვობ, რუსეთისადმი ტრამპის მხარდაჭერა ყველასთვის მისაღები იყოს. აქვე არ დაგვავიწყდეს, ტრამპი ძალიან ხშირად თამაშობს, ხან სიტყვებით – იტყვის რაღაცას და მეორე დღეს უკვირს, როდის ვთქვიო, ხან საქციელით, ანუ შოუმენია… სხვათა შორის, ეს არ არის ხარვეზი პოლიტიკოსისთვის. გავიხსენოთ, ასეთი თამაშის მოყვარული იყო მისი წინამორბედი რონალდ რეიგანიც, რომელმაც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის საყურადღებოდ გამოაცხადა, ვარსკვლავების ომს ვიწყებო. რეიგანმა მულტიპლიკაციური ფილმებით ანახა კრემლს, რას აპირებდა, ისე, რომ კაპიკი არ დაუხარჯია ამ პროექტზე, მაშინ როდესაც საბჭოეთის გენერალიტეტმა სერიოზულად მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, დაიწყო ეკონომიკის გადალაგება ამ მიმართულებით და… დაინგრა კიდეც საბჭოთა კავშირი. ასე, რომ, თამაშ-თამაშ დაანგრია რეიგანმა საბჭოთა ეკონომიკა. მოკლედ, თამაში არ არის მიუღებელი დიდ პოლიტიკაში, რეიგანი ძალიან მასშტაბური პოლიტიკური ფიგურა იყო. ვნახოთ, ახლა ტრამპის თამაში რას მოიტანს . . .

 

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *