
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების” , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” , ა(ა)იპ „საფარის” , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა, მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე, საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში, რასაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. შედეგად, ძალადობრივმა ჯგუფებმა სამართალდამცავი უწყების ათეულობით თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების, მათ შორის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას. მოძალადე ჯგუფებმა ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობას, რითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა საკანონმდებლო ორგანო. ასევე, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკას, გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებული ქონება.
სამართალდამცავების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ძალადობრივი აქციის ცალკეული მონაწილეები პოლიციასთან დაპირისპირებისას აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური აირწინაღებით, ჩაფხუტებით, სახის დასაფარი ნიღბებით, პირბადეებით, დამცავი სათვალეებით, ხელკეტებით და სხვა საშუალებებით. ასევე, აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთგზის დაფიქსირდა პოლიციელების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება.
გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით.
აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ, ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად. ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი, თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. ხსნებული ქმედებების მიზანი ერთი მხრივ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების წახალისება და მეორე მხრივ, ამ ქმედებაში ჩართული პირების მფარველობა იყო. საბოლოოდ, კოორდინირებულ მოქმედებას უნდა გამოეწვია სამართალდამცავი უწყებების დასუსტება და მათი ნორმალური ფუნქციონირების მოშლა.
ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს.
როგორც დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, 31 მაისის ბრძანებით, რაჟდენ კუპრაშვილმა საკუთარ თავს და ანტიკორუფციულ ბიუროს იმაზე მეტი უფლებამოსილება მიანიჭა, ვიდრე ეს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ არის განსაზღვრული.
„მას შეუძლია დაიწყოს მოკვლევა, ინსპექტირება, მიმართოს სასამართლოს ყადაღის დადების მოთხოვნით იმ ორგანიზაციების მიმართ, ვისაც მიაჩნია, რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში. ამგვარი უფლებამოსილებები უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში გაწერილი არ არის და მათი მიღება ფორმალური საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე მოხდა.
აღნიშნული იწვევს ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე ორგანიზაციების უფლებების დარღვევას, რადგან ჩვენი უფლებები კანონმდებლობისა და კონსტიტუციის დარღვევით მიღებული ნორმების საფუძველზე იზღუდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ვითხოვთ, 2025 წლის 31 მაისის ბრძანების ცალკეული დებულებების ბათილად გამოცხადებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მათი უკანონობის გამო“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
არასამთავრობოების შეფასებით, მათ მოთხოვნას სრულად ადასტურებს ევროპის საბჭოსთან არსებული სპეციალური ექსპერტთა საბჭოს (Conference of INGOs) სამართლებრივი დასკვნა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დასკვნის მიხედვით, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების უფლებას, მათ შორის იმის გამო, რომ კანონში არსებული ბუნდოვანი დებულებები ადამიანის უფლებების მრავალგზის შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
„დასკვნაში საუბარია რვა დამატებით მიზეზზე, რის გამოც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის აღნიშნულია სანქციის სიმკაცრე, რომელიც იმაზე უფრო დიდ სასჯელს ითვალისწინებს ვიდრე რუსეთის ფედერაციის კანონი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო სწორედ ამ საფუძვლით.
ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი, რათა წინ აღვუდგეთ რეპრესირებულ კანონებს და მოგვეცეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლო საქმიანობის გაგრძელება“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.