„რასა იუკნევიჩიენე ჩვეულებრივი „ნაცია“
როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენეს ობიექტურობა მოსთხოვო?! – ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობის” დღის წესრიგსა და სოუსშია გადამხტარი – ის ჩვეულებრივი „ნაცია”, ოღონდ არა ქართული წარმოშობის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ქართველთმოძულე, არაობიექტური, ორმაგი სტანდარტის მქონე ევროპარლამენტარებისგან ტყუილების გარდა არაფერს არ უნდა ველოდოთ”.
„ეს არის არაფრის მეტყველი, არგუმენტისგან სრულიად დაცლილი, მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრის, დაქალის სურვილები, რომ ჩვენი ქვეყანა დააზიანოს. მოცემულობას დაუკვირდით – ევროპარლამენტში იმ ადამიანს ავალია საქართველოს თაობაზე მდგომარეობის შეფასება და ანგარიშის მომზადება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, დამნაშავე ადამიანთან, სააკაშვილთან, რომელიც დემენციისგან სასწაულებრივად განიკურნა, მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა. როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენეს ობიექტურობა მოსთხოვო?! ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგსა და სოუსშია გადამხტარი. ეს ადამიანი ჩვეულებრივი „ნაცია“, ოღონდ, არა ქართული წარმოშობის. მან საქართველოში მომდინარე პროცესებზე ობიექტური შეფასება როგორ უნდა გააკეთოს?! მას საქართველო ძალიან არ უყვარს. ქართველთმოძულე, არაობიექტური, ორმაგი სტანდარტის მქონე ევროპარლამენტარებისგან ტყუილების გარდა არაფერს არ უნდა ველოდოთ. გახსოვთ, რეზოლუციებში რა სისულელეებს წერდნენ, მათ შორის, სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რატომ, არავინ იცის. თურმე, სააკაშვილი პოლიტპატიმარი ყოფილა და საქართველოში არაჟნის კონტეინერით ჩვენ შემოგვიყვანია. იმას ითხოვენ, რაც ტყუილია და იმ დოკუმენტს არანაირი ფასი არ გააჩნია, რომელსაც სიმართლის არანაირი ნიშანწყალი არ აჩნია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
გარდა ამისა, მათიკაშვილი გამოეხმაურა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის წარდგენას.
მისივე თქმით, „ჯო უილსონის სიზმრების აქამდე საქართველოშიც არ სჯეროდათ და ახლა ამერიკაშიც არ სჯერათ”.
„ეტყობა, ჯო უილსონმა რაღაც ახალი სიზმარი ნახა. წინა სიზმარში არსებული მოცემულობა ჩავარდა და ე.წ. „MEGOBARI აქტი“ თავზე გადაახიეს, ახლა მეორე სიზმარი ნახა და საქართველოს დაზიანებას რაღაც ტყუილებით ცდილობს. ჯო უილსონის სიზმრების აქამდე საქართველოშიც არ სჯეროდათ, ახლა ამერიკაშიც არ სჯერათ. რა ბედიც „MEGOBARI აქტს“ ეწია, იგივე ბედი ელოდება მორიგ ილუზორულ სიზმრებს. ჯო უილსონი გამორჩეულია კეზერაშვილის დაფინანსებით. როგორც ჩანს, მას მესიჯი მისცეს, რომ თავიანთ აგენტურას, საქართველოში მეხუთე კოლონას, აცნობოს, რომ არ ინერვიულონ და მხარში უდგანან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“. კანონპროექტის ინიციატორი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონია. კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში 24 თებერვალს წარადგინეს.