18 C ბათუმი
Friday 20th June 2025
რას გულისხმობს ნათლობის წესში შესული ცვლილებები?
By

რას გულისხმობს ნათლობის წესში შესული ცვლილებები?

 

ნათლობის წესში ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2023 წელს სინოდმა მიიღო, რომლის განჩინების საფუძველზეც, ადამიანს მხოლოდ ერთი ან, მაქსიმუმ, ორი ნათლია უნდა ჰყავდეს, მაგრამ შეკითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე რჩება. შევეცადეთ, ეკლესიის წარმომადგენელთა განმარტებებზე დაყრდნობით, მათზე პასუხები გაგვეცა. ხშირად, ერთ ადამიანს 5, 7, 8 ნათლია ჰყავს, რაც, არასწორია. შესაბამისად, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნებოდნენ ძველ ტრადიციებს, რომლის თანახმადაც ნათლია უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანი, იშვიათ შემთხვევაში – ორი.
ნათლობის წესს ქართულ მართლმადიდებლურ ტრადიციაში ყოველთვის მაღალი სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა. ნათლობა არ არის მხოლოდ რიტუალი ან ცერემონია, ეს არის სულიერი კავშირი, რომელიც ბავშვსა და ნათლიას შორის მთელი ცხოვრების მანძილზე ყალიბდება. სწორედ ამიტომ, ნათლობის პასუხისმგებლობაზე საუბრისას, აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ მის ღრმა, სულიერ და პრაქტიკულ მნიშვნელობაზე.
დღეს, როცა საზოგადოების გარკვეულ წრეებში დამკვიდრდა მრავალი ნათლიის ყოლის პრაქტიკა, ეკლესიის წარმომადგენელთა განმარტებით, საფრთხე ექმნება ნათლობის ჭეშმარიტ არსს. ნათლობა ვერ იქნება სიმბოლური ჟესტი ან სოციალური კავშირების გაფართოების საშუალება. ნათლია არ არის მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ბავშვს ძღვენს მიართმევს დღესასწაულზე, ის სულიერი მამა ან დედაა, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა, იზრუნოს ბავშვის სულიერ განვითარებასა და ქრისტიანულ ცხოვრებაზე.

ერთი ან ორი ნათლიის არჩევა ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ნიშნავს. ეს გადაწყვეტილება გვეხმარება, ნათლიასა და ნათლულს შორის გაჩნდეს მჭიდრო და რეალური ურთიერთობა, რომლის დროსაც ნათლია ნამდვილად აცნობიერებს თავის როლს ბავშვის ცხოვრებაში. იგი ხდება რწმენის მასწავლებელი, მრჩეველი, მეგობარი და ლოცვებში თანამგზავრი.
ბევრი ნათლიის შემთხვევაში, რეალურად, პასუხისმგებლობა იფანტება. ვინ არის ის, ვინც მართლა ლოცულობს ბავშვისთვის? ვინ ზრუნავს მის სულიერ მდგომარეობაზე? ხშირად, ასეთი რაოდენობით ნათლიები უბრალოდ, სახელებად რჩებიან, არ ყალიბდება რეალური სულიერი კავშირი, რაც ნათლობის მთავარი მიზანია. შესაბამისად, სინოდის მიერ ჯერ კიდევ 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილება ნათლობის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, აძლიერებს ამ კავშირის სიღრმეს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ნათლობის წესის ცვლილება არ არის ფორმალური ან უბრალო რიცხობრივი შეზღუდვა, ეს არის დაბრუნება ნათლობის ჭეშმარიტ არსთან. ბავშვს სჭირდება ისეთი ნათლია, ვინც მასთან იქნება ყოველთვის, არა მხოლოდ ფოტოზე, არამედ ცხოვრებაში, რწმენასა და ლოცვაში.


ცვლილებების მიხედვით, თუ ადამიანს ეყოლება ერთი ნათლია, ის აუცილებლად უნდა იყოს თავისივე (მოსანათლის) სქესის, ხოლო თუ ადამიანს სურს ჰყავდეს ორი ნათლია, უნდა იყოს გოგო და ბიჭი, სიმბოლურად, როგორც მისი სულიერი მშობლები.

არსებობს განსაკუთრებული შემთხვევაც, მესამე ნათლიის დაშვება ხდება მაშინ, თუკი არსებობს მესამე, ან შემდეგი შვილი და ასევე, თუკი პატრიარქიც მოიხსენიება ნათლიებში. დანარჩენ შემთხვევაში, მესამე ნათლიის დამატება არ ხდება.
ეკლესიის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას, პატივი სცენ ნათლობის ჭეშმარიტ არსს და არ ვაქციოთ იგი ამქვეყნიურ, დროებით გარიგებად. მათივე თქმით, ნათლობა არის ღვთისგან მომადლებული სიწმინდე და როგორც სიწმინდეს, მასთან დაკავშირებული ყოველი მოქმედება უნდა იყოს დაფუძნებული ლოცვასა და პასუხისმგებლობაზე.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ივნისი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *