რაში ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციას?
By

რაში ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციას?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის სრულად აღდგენას ელოდება და პასუხისმგებლობას ურთიერთობების გაუარესებაზე ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციას აკისრებს.

„ჩვენ ველით, რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა და სხვა მხრივ კონტაქტებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის ბრალი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინა ადმინისტრაციის პირობებში გაიფუჭა ქართველ ხალხთან ურთიერთობა და საქართველოსთან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონტაქტებს, სადაც მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გაესაუბრნენ.
მისი თქმით, მმართველ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ „ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ჩადენილ შეცდომებს ტრამპის ადმინისტრაცია გამოასწორებს“. პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორი იყო ნატოს მისიებში მონაწილეობით და ამის მაგალითად ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების რაოდენობას ასახელებს.
„საქართველო პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში. ეს არის ის მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ვაჩვენეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს არ დააფასა“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
პაპუაშვილის თქმით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, საქართველომ, მხარდაჭერის ნაცვლად, „ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრის მცდელობა“ იხილა, რასაც ის კიდევ ერთ „მნიშვნელოვან დანაშაულად“ აფასებს.
ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ მოლოდინის რეჟიმშია და მზადყოფნას გამოთქვამს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის. „ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ ძვრებს მსოფლიოში და ჩვენი მთავარი ამოცანაა უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში, პარალელურად კი სტრატეგიულ პარტნიორობაზე მზაობის ჩვენება“, – აღნიშნა მან.

  • No Comments
  • თებერვალი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *