რა გზავნილებით წარსდგა ირაკლი კობახიძე მსოფლიო სამიტზე?
By

რა გზავნილებით წარსდგა ირაკლი კობახიძე მსოფლიო სამიტზე?

2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტურ ცვლილებებსა და საქართველოს როლზე ამ ახალ რეალობაში. მისი თქმით, „შევდივართ პირველ ფაზაში, სადაც გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია, სადაც სტაბილურობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა და სადაც ურთიერთობების შენარჩუნების უნარი დიპლომატიური ხიბლი კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა“.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გლობალური ვაჭრობა სერიოზული დარტყმების წინაშე აღმოჩნდა. „მსოფლიოს კომერციული მარშრუტები დღეს იცვლება არა საბაზრო ეკონომიკის უხილავი ხელით, არამედ, გეოპოლიტიკის ძალიან მკაფიო მუშტით“, – განაცხადა მან და უკრაინაში ომის ფონზე ჩრდილოეთის დერეფნების დაზიანებასა და მიწოდების ჯაჭვების ჩამოშლაზე გაამახვილა ყურადღება.
პრემიერის თქმით, სავაჭრო ურთიერთობები პოლიტიზებულია აღმოსავლეთშიც, სადაც „ტარიფებმა, სანქციებმა და სტრატეგიულმა გამიჯვნებმა, ოდესღაც ყველაზე დინამიკური კომერციული ურთიერთობები გეოპოლიტიკურ დაპირისპირებად აქცია“, რამაც ტრადიციულ პარტნიორობებშიც კი გაურკვევლობა შეიტანა.
ამ ფონზე, კობახიძემ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გამოყო და აღნიშნა, რომ 2021-დან 2025 წლამდე ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 9.3 პროცენტით გაიზარდა, მიუხედავად გლობალური ვაჭრობის შენელებისა. მისი შეფასებით, ეს შედეგი მაკროეკონომიკური დისციპლინის, ინვესტორთა ნდობისა და მშვიდობის შენარჩუნების შედეგია.
პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე და განაცხადა, რომ „ტრანსპორტი და ლოგისტიკა ეროვნული ეკონომიკის ხერხემალს ქმნის“. მისი თქმით, საქართველომ 7 მილიარდი დოლარი გამოყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, დასრულდა სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია, გაიზარდა გამტარუნარიანობა და შემცირდა ტრანზიტის დრო, ხოლო ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტმა ქვეყნის სატრანზიტო როლი კიდევ უფრო გააძლიერა.
გამოსვლის დასასრულს, ირაკლი კობახიძემ საქართველოს საგარეო ეკონომიკურ სტრატეგიაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა კონფრონტაციის ნაცვლად, თანამშრომლობას ირჩევს. „მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა  – ინვესტიციებს, ინვესტიციები – ეკონომიკურ ზრდას“, – აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ „მეტოქე ბლოკების მიერ განსაზღვრულ ეპოქაში, საქართველომ კავშირი არჩია კონფრონტაციას“, პარტნიორებს კი სთავაზობს პლატფორმას, სადაც თანამშრომლობა შესაძლებელია 2.3 მილიარდ მომხმარებელზე წვდომით.

  • No Comments
  • თებერვალი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *