რა თქვეს ეუთოს ასამბლეაზე?  ოპოზიცია რეზოლუციაზე საუბრობს,  ხელისუფლება – დეზინფორმაციაზე
By

რა თქვეს ეუთოს ასამბლეაზე?  ოპოზიცია რეზოლუციაზე საუბრობს,  ხელისუფლება – დეზინფორმაციაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანაში „ივანიშვილის რეჟიმის“ მხრიდან ავტორიტარული ტენდენციებისა და მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების აღწერას ითვალისწინებს.
ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ,,ევროპის სახალხო პარტიამ“ და მასთან დაკავშირებულმა ყველაზე დიდმა და გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მხარი დაუჭირეს საგანგებო რეზოლუციას. მისი თქმით, ასამბლეა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საერთაშორისო ბერკეტი, მათ შორის, ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც „ივანიშვილის რეჟიმის ფინანსურ შეზღუდვასა და რეპრესიული მექანიზმების შეჩერებას“ უზრუნველყოფს, რათა „საქართველოში დიქტატურის კონსოლიდაციისთვის არ იქნას გამოყენებული კორუფციული ფული“.
ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი მაია ბითაძე, რომელმაც „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „საკუთარ მოსაზრებებს ეუთოს გადაწყვეტილებად ასაღებენ“. მისივე თქმით, თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი, „კონფერენციის პარალელურად, დერეფნებში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს საკუთარი პარტიის წევრებთან“ და ახლა ქვეყანას ისეთ ინფორმაციას აწვდიან, რომელიც „არ ასახავს ეუთოს რეალურ პოზიციას“.
ბითაძე ამტკიცებს, რომ ეუთოს ფორმატში „ევროპის სახალხო პარტიას“ „არანაირი ოფიციალური მანდატი არ გააჩნია“ და ოპოზიცია „ეუთოს სახელს იყენებს საკუთარი პოლიტიკური მესიჯებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად“. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „არც სხდომის ფარგლებში გაჟღერებულა და არც ეუთოს ოფიციალურ წყაროებში იძებნება“.

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *