18 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
რა მდგომარეობაა ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების მხრივ?
By

რა მდგომარეობაა ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების მხრივ?

 

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევები სერიოზულ საზოგადოებრივ პრობლემას წარმოადგენს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებზე. ყოველწლიურად ფიქსირდება ასეულობით ავარია, რაც ათასობით ადამიანის დაშავებას ან გარდაცვალებას იწვევს.
ამ თემისადმი ჩვენი დაინტერესება გამოიწვია მიმდინარე თვეში აჭარაში მომხდარმა შემთხვევებმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამი უმძიმესი ავარია, სადაც ახალგაზრდები დაიღუპნენ.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს გონიოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი 25 წლამდე გოგონა დაიღუპა. დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთ-ერთი სახლის წინ მდგომ სატვირთო მანქანას. 17 ივნისს კი ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, რითაც ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავდა სამი ადამიანი, ერთი კი დაიღუპა. 19 ივნისს, იმავე ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა ორი. დაღუპულებს შორის იყვნენ დედა და მცირეწლოვანი შვილი.
ამ ფაქტების ფონზე არ არის რთული დასკვნის გამოტანა, თუმცა ჩვენ დავინტერესდით 2024-2025 წლის პირველი კვარატლის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკით და თვალი გადავავლეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს.
როგორც აღმოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავდა 7587 და დაიღუპა 444 ადამიანი, ხოლო 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, დაშავდა 1763 და დაიღუპა 112 ადამიანი. 2024 წლის მონაცემებით, სიჩქარის გადაჭარბების შედეგად დაიღუპა 59 ადამიანი, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში – 26 ადამიანი. სამწუხაროდ, გაიზარდა ქვეითად მოსიარულების გარდაცვალების ფაქტებიც, კერძოდ, 2024 წელს 101 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2025 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში – 50 ადამიანი. აქვე გამოსაყოფია აჭარის რეგიონი, სადაც 2024 წლის საბოლოო ანგარიშით, 683 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, შედეგად კი 904 ადამიანი დაშავდა და დაიღუპა 46.
საქართველოში რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის 2025 წლის I კვარტალის სამეული ასე ნაწილდება: პირველ ადგილზეა თბილისი 662 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით, 783 დაშავებულითა და 28 დაღუპულით, მეორე ადგილს იკავებს აჭარის რეგიონი 140 შემთხვევით, 198 დაშავებულითა და 10 დაღუპულით, მესამე ადგილზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთია 57 შემთხვევით, 88 დაშავებულითა და 7 დაღუპულით.
რაც შეეხება 2025 წლის პირველ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და დაღუპული ადამიანების ასაკობრივ განაწილებას, ასე გამოიყურება: ძირითადად, ამ აპერიოდში 26-40 წლამდე ახალგაზრდები არიან დაშავებულები და დაღუპულები, მეორე ადგილზეა 18-25 წლამდე ასაკობრივი კატეგორიაა მესამეზე კი 61 წლის და მეტი.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი, 1455 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 1073 და დაიღუპა 51 ადამიანი.

ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებიც მრავალფეროვანია და ხშირად ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები ასახელებენ 10 ძირითად მიზეზს, რის გამოც ხდება ავარიები. ესენია: სიჩქარის გადაჭარბება; ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედება; ყურადღების გაფანტვა (დისტრაქცია) – ტელეფონზე საუბარი, შეტყობინებების წერა, საჭესთან ჭამა ან მუსიკის ხმამაღლა მოსმენა – ყველა ეს ფაქტორი აქვეითებს კონცენტრაციას; დაღლილობა და უძილობა; უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა; სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობა; საგზაო ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებები – გაუმართავი შუქნიშნები, არასაკმარისი განათება, გზის გაურკვევლად მონიშვნა ან გადაჭარბებული მოსახვევები. გარე პირობები – ცუდი ამინდი (წვიმა, თოვლი, მოყინული გზა და ა.შ), გადაჭარბებული მგზავრების რაოდენობა ან ტვირთი; საგზაო წესების უგულებელყოფა.

აღსანიშნავია, რომ გარდა მძღოლებისა, ქვეითების მხრიდან დაუდევრობაც იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს. მაგალითად, ქვეითად მოსიარულეები გზას არასწორ ადგილას კვეთენ, ხშირად შუქნიშნის წითელ მაჩვენებელზე გადადიან, ბევრ მათგანს უყვარს ყურსასმენებით, უყურადღებოდ სიარული და არის შემთხვევები, როდესაც მანქანების წინ მოულოდნელად გადაირბენენ, ეს ყველაფერი ერთად კი შემთხვევების ალბათობას ზრდის.
საინტერესოა, რატომ არ იცავენ ადამიანები საგზაო უსაფრთხოების წესებს? საგზაო უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვერ ერკვევა საგზაო ნიშნებში, ასევე, არიან თავდაჯერებულები და მათზე არ მოქმედებს ჯარიმები, მეტიც, ასეთ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ ჯარიმების ან კონტროლის შიში. ექსპერტების აზრით, დღეს საზოგადოებაში არის დაბალი სამართლებრივი კულტურა.
ჩვენ დავინტერესდით თავად მძღოლების თვალსაზრისით, როგორ ხედავენ ისინი რეალობას და მათი აზრით, რამდენად ხშირად არღვევენ სხვა მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს.

გიორგი, 50 წლის: – მოძრაობის დროს ხშირად ვხედავ წესების დარღვევას. ყველას ეჩქარება, განსაკუთრებით, პიკის საათებში და ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, სწრაფად იარონ, რის შედეგადაც არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს და დანარჩენ მძღოლებსაც უქმნიან საფრთხეს.

ლაშა, 35 წლის: – რასაც ვხედავ, ყველაზე ხშირი ავტოსაგზაო წესების დარღვევიდან არის სიჩქარის გადაჭარბება, რაც ამდენ ავარიას იწვევს. ზოგიერთ მძღოლს წესიერად არ აქვს მართვის მოწმობა აღებული და გუშინ დაჯდა საჭესთან, ამიტომ სიჩქარის გადაჭარბების გარდა, სხვა მოძრაობის წესებსაც არღვევენ. მათ არც კამერები აშინებთ და არც ჯარიმები. ასევე, ძალიან ხშირია ნასვამი მძღოლები საჭესთან. ჩემი აზრით, კანონი უნდა გამკაცრდეს და ნებისმიერი საშუალებების თრობის ქვეშ საჭესთან მყოფ ადამიანს ერთი წლით მართვის მოწმობა ჩამოერთვას ან მეტიც, ციხეში წავიდეს, რადგან მთვრალი ადამიანი საჭესთან პოტენციური მკვლელია.

ნინო, 43 წლის: – არ მიყვარს ჩქარა სიარული, თუმცა ისე ჩამიქროლებენ სხვა მძღოლები, გააზრებასაც ვერ ვასწრებ. ყოველ დღე მიწევს ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზით გადაადგილება და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სახიფათოდ მოძრაობენ. ჩემ თვალწინაც მომხდარა ავარია, სწორედ, გადაჭარბებული სიჩქარის გამო. სწრაფად სიარული ამ გზაზე ჩვეულებრივი ამბავია და ამიტომაც ხდება ასე ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევები. კამერებიც ცოტაა და ბევრი არ ფიქრობს წესების დაცვაზე.

ჩვენ ვკითხეთ მძღოლებს, თუ რას თვლიან შექმნილ სიტუაციაში გამოსავლად. გამოკითხულთა უმეტესობამ დაასახელა მეტი საჯარიმო კამერის დაყენება. ასევე, მათი აზრით, უნდა გამკაცრდეს გზებზე პატრულირება. მძღოლებს მიაჩნიათ, რომ საგზაო ნიშნების დამატებაც აუცილებელია, მათ შორის გაფრთხილებების დამატება. მათი თქმით, სახელმწიფომ უნდა აწარმოოს საინფორმაციო კამპანიები და მძღოლების ცნობიერების ამაღლებას ამ კუთხით ხელი უნდა შეუწყოს.

ჩვენ იმავე შეკითხვით მივმართეთ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორ ირაკლი იზორიას.

– ამ ეტაპზე, ქვეყანაში საგზაო მიმართულებით მთავარი გამოწვევაა სიჩქარის მენეჯმენტის გაუმჯობესება, რაც მოიცავს აღსრულების გაუმჯობესებას, კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ვიდეო ჯარიმების მიბმას მართვის მოწმობის ქულათა სისტემაზე. მძღოლებს ვიდეოჯარიმების შედეგად უნდა ჩამოაკლდეთ ქულები, როცა სიჩქარეს გადააჭარბებენ. ასევე, სიჩქარის ლიმიტი ურბანულ დასახლებებში და სკოლებთან უნდა დაიწიოს 15 კმ/სთ-მდე. ესაა ძირითადი გამიწვევა, ვინაიდან წელიწადში 1,5 მილიონ ჯარიმაზე მეტი სიჩქარეზე იწერება და აქედან მხოლოდ 100-მდე მძღოლს აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა, – გვითხრა ირაკლი იზორიამ.

 თამარ ლამპარაძე

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *