
რა უნდა ვიცოდეთ შინაური ცხოველის საზღვარზე გადასაყვანად
ტურისტული სეზონის აქტიურ პერიოდში, შავიზღვისპირეთში იმატა „ოთხფეხა ტურისტების“ (ძაღლები, კატები) რაოდენობამ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ყოველდღიურად უამრავი ოთხფეხა „ვიზიტიორი“ შეჰყავთ. მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს. გაიცემა საექსპორტო ვეტერინარული სერტიფიკატი და საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ვაქცინაცია, რაც შინაური ცხოველების უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობაა.
ძაღლებისა და კატების მეპატრონეები ვალდებულნი არიან, ოთხფეხა მეგობრების საქართველოში შემოყვანის დროს იქონიონ ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველი ჯანმრთელია და ჩატარებული აქვს ყველა საჭირო ვეტერინარული მანიპულაცია, ხოლო საქართველოდან გაყვანისას, სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს საექსპორტო ვეტერინარულ სერტიფიკატს, რომლის ასაღებად აუცილებელია სააგენტოში ცხოველის მიყვანა.