რა ქმნის, ნინო ხიმშიაშვილის აზრით, კონკურენტუნარიან და პრობლემებისადმი  მედეგ ადამიანს. . .
By

რა ქმნის, ნინო ხიმშიაშვილის აზრით, კონკურენტუნარიან და პრობლემებისადმი  მედეგ ადამიანს. . .

გზა ნიგაზეულიდან თბილისის სკოლის პედაგოგობამდე

ნინო ხიმშიაშვილი სოფელ ნიგაზეულიდანაა. აჭარის მთიანეთის ისტორიულ სოფელში დაბადებულმა, ღირსეული მამულიშვილების შთამომავალმა სტუდენტობიდანვე ცხოვრებისა და შრომის სანაქებო გზა აირჩია. ახლა თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს. მას მშობლიურ ნიგაზეულში ვესაუბრეთ.

ქალბატონო ნინო, რატომ აირჩიეთ პროფესიად პედაგოგობა?

– მშობლები პედაგოგები არიან. ბავშვობიდანვე ჩამესმოდა: სკოლა, მოსწავლე, მასწავლებელი. . . ამიტომ ეს პროფესია ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

იშვიათობაა, თქვენი ასაკის გოგონა თბილისის სკოლის პედაგოგი გახდეს. გვიამბეთ იმ გზზე, რომელიც სტუდენტობიდან პედაგოგობამდე გაიარეთ. . .

– დავასრულე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების ფაკულტეტი. ძმის რჩევითა და მხარდაჭერით სწავლა გავაგრძელე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინკლუზიური განათლების (კერძოდ, სპეციალური განათლება) მიმართულებით. შემდგომ ვფიქრობდი, რომელი სკოლა იქნებოდა ჩემთვის სასურველი, სადაც არა მარტო დავსაქმდებოდი, არამედ ჩემს განვითარებაზეც ვიზრუნებდი და მეტი შესაძლებლობა მომეცემოდა განათლების სფეროში წარმატების მისაღწევად. მოვიძიე სასურველი ვაკანსიები, რამდენიმე სკოლამ ამიყვანა ერთდროულად, რადგან ეს სფერო საკმაოდ სპეციფიკურია და ეძებდნენ კადრს, რომელსაც სიღრმისეული ცოდნა ექნებოდა ამ მიმართულებით. მშობლების რჩევით თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში გადავწყვიტე მუშაობა, რამაც ნამდვილად გაამართლა ჩემი იმედები.

ყველას ოცნებაა, იყოს საქართველოში პირველად გახსნილი უნივერსიტეტის თანამშრომელი. იქ როგორ აღმოჩნდით?

– ჩემი სკოლის დირექტორი არის ძალიან აქტიური, შრომისმოყვარე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი. განათლების სისტემაში განხორციელებულ ყველა ინიციატივას მხარს უჭერს. თვლის, რომ მათი განხორციელება სკოლის, მასწავლებლის ან მოსწავლის განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის თანამშრომელი, სადაც ვარ სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის პრაქტიკის მენტორი.

ინტერესმოკლებული არ იქნება პირველი გაკვეთილის გახსენება. . .

– სპეციალური პედაგოგობა საკმაოდ საინტერესო, ამავდროულად, ძალიან რთული სფეროა. როდესაც დავიწყე მუშაობა, დამხვდა არაჩვეულებრივი გუნდი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ფსიქოლოგი, ქალბატონი სოფიო თევდორაძე, რომლის მხარდაჭერა ჩემდამი იყო უსაზღვრო, შესაბამისად, როგორც პირველი, ასევე ყველა შემდგომი გაკვეთილი წარმატებით დასრულდა. ერთ რამეს ნამდვილად მივხვდი – თუ გუნდი გაგიმართლებს, არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ადამიანი თავს ვერ გაართმევს.

ასაკობრივი ზღვარი თქვენსა და მოსწავლეებს შორის დიდი არ არის. რა მეთოდებს იყენებთ აღსაზრდელებთან მუშაობისას?

– მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჯანსაღ კომუნიკაციასა და კეთილგანწობილი გარემოს შექმნას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული მეთოდი, მთავარია გიყვარდეს შენი საქმე, ენდობოდე მოსწავლეებს და მათი თვალებით ხედავდე სამყაროს.

თქვენს საქმიანობაში მოსწავლეების ოჯახურ პირობებს რამდენად ანიჭებთ მნიშვნელობას?

– ოჯახის როლი ნებისმიერ საქმიანობაში და განსაკუთრებით პედაგოგიკაში, ერთ-ერთი უპირატესია. მოსწავლეს ის განწყობა, ემოცია და მხარდაჭერა მოჰყვება სკოლაში, რაც აქვს ოჯახში და ეს შემდგომი წარმატების პირდაპირპროპორციულია.

მოსწავლე გოგონებთან უფრო გიადვილდებათ მუშაობა თუ ვაჟებთან და რატომ?

– ინკლუზიურ განათლებაში განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს სქესს. ნებისმიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს აქვს სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული და ინდივიდუალური აკადემიური თუ ქცევითი სირთულეები, მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ვგეგმავ სწავლების პროცესს და ვარჩევ შესაბამის გარემოს.

მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ?

– გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩემი ყველა მოსწავლე ჩემი მეგობარია. თითოეული მათგანი მგულშემატკივრობს და ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავს. ინკლუზიურ განათლებაში ეს სიყვარული სიტყვებით ნაკლებად გამოიხატება, ეს მათ თვალებსა და ჩახუტებაშია ყველაზე ლამაზად ნათქვამი.

იმედია, მალე მენტორი მასწავლებლის წოდების მოპოვებაზეც იზრუნებთ. ეს მიგაჩნიათ უპირველეს საქმედ თუ დოქტრანტურის კურსის გავლა?

– რა თქმა უნდა, ნებისმიერი საფეხურის გავლას ვაპირებ. რაც შეეხება სტატუსის ამაღლებას, ველოდებით განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მის საფუძველზე ცვლილებებს. ჯერჯერობით წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის კარიერული ზრდის სქემა მუშავდება.

რამდენად ინტერესდებიან მოსწავლეები ჩვენი კუთხის ისტორიით. გაკვეთილი, რომელიც აჭარის წარსულისა და დღევანდელობის გაცნობას მიუძღვენით. . .

– ინკლუზიურ განათლებაში, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა ნაკლებად მეძლევა, მაგრამ სამომავლოდ ვაპირებ დაწყებით საფეხურზე გადასვლას და აუცილებლად ბევრს გაიგებენ ჩემი მოსწავლეები იმ დიდი ისტორიული კუთხის შესახებ, რომელსაც აჭარა ჰქვია.

რამდენი თაობის კოლეგებთან გიწევთ მუშაობა, მათთან ურთიერთობის რა ფორმებს ირჩევთ?

– საკამოდ დიდ გუნდში მიწევს მუშაობა, ნებისმიერი თაობის წარმომადგენელთან ვთანამშრომლობ, რა თქმა უნდა, სუბორდინაციის დაცვით.

სელიმობა, შუამთობა, ზამლეთობა ნიგაზეულთან უშუალო კავშირშია. თქვენს კოლეგებს თუ ჰქონიათ ამ სახალხო ზეიმებზე დასწრების სურვილი?

– მათმა უმრავლესობამ იცის თითოეული სახალხო დღესასწაულის მნიშვნელობა და დასწრების დიდი სურვილიც აქვთ, მაგრამ ვერ ახერხებენ ჩამოსვლას სიშორის გამო.

ცხოვრების ოქროს ხანა გაქვთ. წარმატებები არ გაკლიათ. ოჯახის შექმნაზე არ გიფიქრიათ?

– გამაღიმეთ, ეს არის კითხვა, რომელსაც საკმაოდ ხშირად მისვამენ ამ ეტაპზე და მეც მიჩნდება კითხვა, მართლა ჩემი ბედნიერების სადარაჯოზე არიან და მგულმშემატკივრობენ თუ იმ ნორმებს ვერ ვაკმაყოფილებ, რისი დაკვეთაცაა საზოგადოებიდან?! ნებისმიერ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს სურს ოჯახი შექმნა, დანარჩენი კი ღმერთის ნებაა.

როგორია ოჯახის როლი დიდ სარბიელზე გასასვლელად?

– მრავალი ადამიანი დამოუკიდებლად აღწევს ყველაფერს, აქვთ ამბიცია, მიზანი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ოჯახის დამსახურებაა ყველაფერი. თითოეულ ჩემს ნაბიჯს დარაჯობდნენ და არასდროს მაძლევდნენ უკან დახევის უფლებას. მახსოვს, მე-8 კლასში ვიყავი, როდესაც მითხრეს, ცხოვრებაში ყველაფერს გაპატიებთ და მხარს დაგიჭერთ, გარდა წიგნზე უარის თქმისაო. ყველა სირთულის დროს ეს ფრაზა იქცა ჩემს მოტივატორად.

რას ვერ ეგუებით?

– ამ წამს რაც გამახსენდა, ეს არის ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ სამ სხვადასხვა გარემოში ვმუშაობ და აქტიურად ვმონაწილეობ უამრავ სემინარში, ნებისმიერი ცვლილება მირღვევს კომფორტის ზონას, თუმცა მყარად ვდგავარ და ვცდილობ, მარტივად და მცირე დროში ვადაპტირდე, რადგან ამ პროცესის გარეშე შეუძლებელია განვითარება.

მარტო წიგნებიდან დანახული სამყარო არაა საკმარისი. ქუჩისა და საზოგადოების როლზე რას იტყოდით?

– ქუჩა, საზოგადოება, ოჯახი, წიგნები ყველაფერი ერთად ქმნის ბრძოლისუნარიან, კონკურენტუნარიან და პრობლემებისადმი მედეგ ადამიანს. სხვა შემთხვევაში დავრჩებით მიხეილ ჯავახიშვილის თეიმურაზივით და ჩვენ ირგვლივ მყოფი ჯაყოს მსგავსი ადამიანები გვმართავენ.

წიგნი, რომელიც მოსწავლეობიდან მოყოლებული, თქვენი ერთგულ მრჩეველია?

– ასეთი გამორჩეული წიგნი არ მაქვს, მაგრამ ძალიან მიყვარს ქართული ლიტერატურა, სიბრძნით სავსეა და თითოელი ავტორის ნაწარმოები, რომელიც არ უნდა წავიკითხო, ეს იქნება ილია, აკაკი, ვაჟა თუ ბევრი სხვა, მავსებს სიყვარულით, სიძლიერითა და პატრიოტიზმით.

ლექსი ან პროზაული ნაწარმოები თუ დაგიწერიათ. . .

– მოყვარულის დონეზე ვწერდი იუმორისტულ ლექსებს ბავშვობაში, პროზაული ნაწარმოების დაწერა არსდროს მიცდია.

მრავალი ახალგაზრდა უცხოეთში ფიქრობს წასვლას. თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?

– ძალიან მიმზიდველია მრავალფეროვანი გარემო, სადაც მეტი შესაძლებლობებია – კომფორტული ცხოვრება, მაღალანაზღაურებადი სამსახური. . . მაგრამ იყო შენს ქვეყანაში შენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ეს უფრო ღირებულია ჩემთვის, ვიდრე სხვა ქვეყანაში ცხოვრება. თუ გვიყვარს შრომა, ყველა გარემოში შევძლებთ, ვიპოვოთ საყვარელი საქმე და მოვერგოთ ჩვენს ფინანსურ შემოსავალსაც.

ოცნება, რომლის ასრულებასაც უპირველესად მიიჩნევთ?

– ასე, გამორჩეულად ოცნება არ მაქვს, უფრო მეტად – მიზნები, რომელთა მიღწევისთვის თანმიმდევრულად ვიბრძვი. ბევრს ვშრომობ, შემდეგი ნაბიჯი არის განათლების სამინისტროში ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის პოზიციის დაკავება და ამას ახლო მომავალში აუცილებლად მივაღწევ. მართლაც, სასიამოვნო გამოცდილება იყო ინტერვიუში მონაწილეობა. გულწრფელი მადლობა თქვენ ინტერესისა და ყურადღებისთვის. წარმატებას გისურვებთ საქმიანობაში, რომლითაც გსურთ ახალგაზრდების წარმოჩენა.

ესაუბრა ოთარ ცინარიძე

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *