
რა წერია პორტოს დეკლარაციაში, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო?
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო პორტოს დეკლარაცია, რომელიც მოიცავს რეზოლუციას საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ“.
„ასამბლეა მიესალმება ეუთოს ვენის მექანიზმის ამოქმედებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების საპასუხოდ, რომლებიც, ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა. აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პროცესებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული შეშფოთების მოსაგვარებლად და მოუწოდებს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, ძირითადად ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებით და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ასამბლეა გმობს პოლიტიკურ დაკავებებსა და მედიის შეზღუდვას,“ – წერია დეკლარაციაში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა პორტოს დეკლარაციით ასევე მოუწოდებს სირიის მთავრობას, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.
„მოხარული ვარ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში. ის „მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის და უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, – დაწერა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სოციალურ ქსელში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „უცხოელი ბიუროკრატების“ შეფასებების მიუხედავად, მთავარია, თუ რა ხდება ქვეყანაში და დასძინა, რომ ამას ყველაზე მეტად ქართველი საზოგადოება ხედავს.
„ჩვენ მიჩვეული ვართ მოვლენების მსგავსი სახით განვითარებას, არის ხოლმე პოლემიკა, დებატები, სხვადასხვა მოსაზრებები, მათ შორის კრიტიკული შენიშვნები. ჩვენთვის მთავარია, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ამას ყველაზე კარგად ხედავს ქართული საზოგადოება. სწორედ ქართული საზოგადოების რეაქციაა პირველ რიგში მთავარი. დღეს ყველა ხედავთ, თუ როგორია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული. მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიციამ გაინადგურა თავი, არის ის, რომ მან დაკარგა ის მხარდაჭერაც კი, რაც ჰქონდა საზოგადოებისგან. ეს არის რეალურად მთავარი შეფასება, რასაც აკეთებს საზოგადოება. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, უცხოელ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს, მათ შეიძლება ჰქონდეთ ან ასეთი ან ისეთი შეფასება, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის ის, თუ რა რეალობაა შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა. ვიღაცებს სურდათ, რომ ამ დემოკრატიული სისტემისთვის შეექმნათ უხეში წინააღმდეგობა, თუმცა სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ყველა გამოწვევას უპასუხა. იყო გარედან მართული პროცესები, რევოლუციის ოთხი მცდელობა იყო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერი იყო გარედან მართული, თუმცა საზოგადოება დადგა მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებამ დაიცვა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქართული დელეგაცია სიცრუეს უწოდებს გავრეცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მათ რეზოლუციისთვის მხარი დაუჭერეს.
„ბუნებრივია, ჩვენი დელეგაცია სწორედ იმიტომ გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით როგორც საკომიტეტო მოსმენებზე, ისე პლენარულ სესიაზე, რომ ჩვენ ვაპროტესტებდით იმ ცვლილებებს რეზოლუციის პროექტში, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული და მხარდაჭერილი ერთ კლუბად შეკრული გარკვეული დელეგაციების მხრიდან, რომლებსაც საკმაოდ მაღალი რაოდენობის ხმები ჰქონდათ სხვა წევრებთან შედარებით და ბუნებრივია, ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და ამ შესწორებების გამო, სამწუხაროდ, მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც კი, რაც ამ შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროა. ეს არის მტკნარი ტყუილი, რომელიც, კიდევ ერთხელ, მიზნად ისახავს, მათ შორის, დისკრედიტაციას იმ წარმატებული შენატანისა რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ჩვენი დელეგაციის მხრიდან იქნა მოთხოვნილი და შეტანილი. ვგულისხმობ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე და აცხადებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას მხარი არაფრისთვის დაუჭერია. „რეზოლუციაში როდესაც სიცრუე და დეზინფორმაცია იწერება, ამას არ ექნება, საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა“, – აღნიშნა მან და განმარტა, რომ დოკუმენტს მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონი და უკრაინის დელეგაცია, ასევე, სხვა ცნობილი ჯგუფები.
„დოკუმენტის პირვანდელ ვერსიას ჰქონდა მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებაც შევიდა. ჩვენი დელეგაციის ინიციატივა იყო, რომელიც გაითვალისწინეს ტექსტის ავტორებმა, ამ მხრივ, მთლიანად რეზოლუცია მეტ-ნაკლებად მისაღებია. რომ არა ეს ერთი მავნებლური წინადადება, რომელიც უკრაინის დელეგაციის და ჯო უილსონის ინიციატივით იქნა შეტანილი, ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა. ჩვენი ინიციატივა იყო ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი, ჩვენ საერთაშორისო ინსტრუმენტებს ვიყენებთ, რათა მოვუწოდოთ ყველას, აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის არაღიარების პოლიტიკის ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.