19 C ბათუმი
Tuesday 15th July 2025
რა ხდება „ბათუმის დინამოში“?
By

რა ხდება „ბათუმის დინამოში“?

რამდენიმე დღის წინ ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბმა „პირატები“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კლუბში არსებულ მძიმე კრიზისზეა საუბარი. ფანკლუბის წევრების თქმით, გუნდს ფინანსური დავალიანება – 1 420 000$ აქვს, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაშიც, ევროტურნირებზე 1-წლიანი დისკვალიფიკაცია, ამასთან სატრანსფერო აქტივობის შეზღუდვა ემუქრება. ფანკლუბის წარმომადგენლების თქმით, დავალიანების დაფარვის ბოლო დღე 15 ივლისია.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კლუბს ქულებიც დააკლეს, რის გამო, შესაძლოა, იგი მეოთხე ლიგაშიც დაქვეითდეს. „პირატები“ პოსტში მადლობას უხდიან ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს გაწეული შრომისთვის, თუმცა აღნიშნავენ, რომ უკვე მისი წასვლის დროა.

„ეს მხოლოდ სპორტული პრობლემა არ არის – ეს ჩვენი ქალაქის, მისი ღირსებისა და იმ ისტორიის დისკრედიტაციაა, რომელიც 100 წელზე მეტია მხოლოდ ბათუმის „დინამოს“ უკავშირდება.
ამავდროულად, გვინდა მადლობა გადავუხადოთ არჩილ ბერიძეს – ადამიანს, რომელიც კლუბში მაშინ მოვიდა, როცა „დინამო“ უმაღლესი ლიგიდან იყო გავარდნილი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ბათუმის „დინამომ“ სანუკვარი ჩემპიონობა მოიპოვა. გუნდმა არაერთი ისტორიული გამარჯვება იზეიმა და მრავალი სიხარული აჩუქა როგორც ქალაქს, ისე გულშემატკივარს.
თუმცა დგება დრო, როდესაც საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილების მიღება წასვლაზე, მაშინ, როცა კლუბის ინტერესები ამას მოითხოვს. არ დავუშვებთ, რომ კლუბი მიტოვებულად დარჩეს და წაიშალოს ყველაფერი, რაც აქამდე ყველამ ერთად შევქმენით.
დროა ვიმოქმედოთ, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის!“- წერენ „პირატები“.

მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბრეთ ფანკლუბის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ჩხაიძეს.

– როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ამჟამინდელი ფინანსური კრიზისი?

„ბათუმის დინამოს“ მენეჯმენტის არასწორმა მუშაობამ.

– თქვენი აზრით, რატომ ვერ აიცილა თავიდან კლუბმა ეს მდგომარეობა?

– ზოგადად, საქართველოში, რთულია, გუნდმა ფინანსური მდგომარეობა სტაბილურად შეინარჩუნოს, რადგან მასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. თუმცა, ეს მდგომარეობა პროგნოზირებადი არის იმ შემთხვევაში, თუ სატრანსფერო პოლიტიკა არ მართლდება, მაგალითად, როდესაც კლუბი ფეხბურთელის ყიდვაში იხდის ბევრს ან მას დიდ ხელფასს უხდის და ამის მიუხედავად, გუნდი შედეგზე ვერ გადის. ასევე, ხდება კლუბის მენეჯმენტის გამართული მუშაობის პროგნოზირება, ფეხბურთელთა სასელექციო პოლიტიკისა და საფეხბურთო აკადემიის მყარი ბაზის საფუძვლიდან გამომდინარე. ესენი თუ არ გაქვს მოწესრიგებული, ცხადია, გუნდში ფინანსური კუთხით არ იქნება სახარბიელო მდგომარეობა.

– როგორ აფასებთ ფანკლუბის როლს ამ კრიზისის დროს?

ფანკლუბს ამ სიტუაციაში აქვს გადამწყვეტი როლი. ჩვენთვის ფეხბურთი არის ცხოვრების ნაწილი, ხოლო ბათუმის „დინამო“ ჩვენი ღირსების სიმბოლოა. ამ საგანგებო ვითარებაში ვალდებულნი ვართ, გამოვეხმაუროთ და გვერდით დავუდგეთ გუნდს. ჩვენი მთავარი გზავნილია – ბიზნესმენები, ინვესტორები მოვიდნენ გუნდში და გადაარჩინონ ამ ქალაქში ფეხბურთი.

შეხვდით თუ არა კლუბის პრეზიდენტს?

დიახ. ის მზადაა, თუ ინვესტორი მოვა, გადააბაროს კლუბი და დაფაროს ეს დავალიანება. ჩვენი ფანკლუბის სახელით კი გარანტიას ვაძლევთ, რომ იგი მიიღებს კარგ დივიდენდებს და მოიხვეჭს ავტორიტეტს.

„პირატების“ განცხადებას „დინამომ“ ფეისბუქ პოსტით უპასუხა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ვადასტურებთ, რომ კლუბს აქვს ფინანსური კრიზისი. ბოლო დროს შევძელით არაერთი ვალდებულების გასტუმრება. გამომდინარე აქედან, დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კლუბს ემუქრება რეგიონულ ლიგაში დაქვეითება ან ეროვნულ ლიგაში 6 ქულის დაკლება – არ შეესაბამება სიმართლეს.

კლუბში შეუფერხებლად გრძელდება სავარჯიშო პროცესი და მზადება მომდევნო მატჩებისთვის.
მიმდინარე პერიოდში გუნდის წინაშე არსებული გარკვეული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ევროტურნირებზე მონაწილეობის ერთწლიანი აკრძალვა, თუმცა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის მოცემული გვაქვს გარკვეული ვადა. ჩვენი კლუბი სხვა ევროპული კლუბების მსგავსად, გადის უეფას ფინანსურ მონიტორინგს. მონიტორინგის ფარგლებში არსებული მოთხოვნების მოცემულ ვადებში სრულად შესასრულებლად აჭარის მთავრობასთან ერთად, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.
„დინამო ბათუმი“ ნებისმიერ საკითხზე იღებს ვალდებულებას გულშემატკივარი ჩააყენოს საქმის კურსში“, – წერია განცხადებაში.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ივლისი 14, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *