რეაბილიტირებული ცენტრალური მეჩეთის შენობა დაათვალიერეს
საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს ხულოს ცენტრში არსებულ მეჩეთს. შარშან დაიწყო და წელს დასრულდა მეჩეთის შენობის რეაბილიტაცია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა რეაბილიტირებული ცენტრალური მეჩეთის შენობა დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, არსებულ შენობას მეორე სართული დააშენეს და პირველი სართულის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. კეთილმოეწყო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია, მოწესრიგდა ეზო და გარე სივრცე.
როგორც მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, მეჩეთის შენობის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია და მუსლიმ მრევლს კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში ლოცვის შესაძლებლობას მისცემს.
რეაბილიტირებული მეჩეთის შენობა მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა, სამუფთოს ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.
ცოტნე ცაბაძე