
რევოლუციური მოწოდებები და ჩორჩანის სკანდალის გამოძახილი
საქართველოში უწყვეტი პროტესტია. საზოგადოების ნაწილი კვლავ მთავრობის გადადგომას, ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა პროტესტის მე-200 დღეს ამ მოწოდებებს რევოლუციისკენ მოწოდებაც დაემატა. მიმდინარე კვირის დასაწყისში გარკვეულმა ჯგუფმა ჩირაღდნებით, ნიღბებითა და რევოლუციური მოწოდებებით აქცია-მსვლელობა გამართა კანცელარიიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე.
საპროტესტო აქციაზე გაჟღერებული რევოლუციური მოწოდებები ოპოზიციურ სპექტრშიც განხილვის თემად იქცა. ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მიუღებელია და ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია.
„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი რადიკალური პროცესის განვითარება, მათ შორის, რევოლუცია არის მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის საზიანო“, – ამბობს პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი.
ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მოწოდებები გამოხატვის თავისუფლებაა.
„რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. კონსტიტუცია აძლევს უფლებას ყველა ადამიანს, რომ მშვიდობიანი რევოლუციით გაისტუმროს ესენი. არაფერი რადიკალიზაცია არ არის პროცესების, ერთადერთი მოძალადე ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“, – აცხადებს პარტია „დროას“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
მმართველ გუნდში კი რადიკალურ სცენარზე საუბრობენ და საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ყველა, ვინც ეცდება კანონის დარღვევას, სათანადოდ დაისჯება.
„ყველამ ვნახეთ მაქსიმალური ესკალაციის მცდელობა თვეების განმავლობაში როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების შემდეგ. ვხედავთ იმ გათითოკაცებულ პარტაქტივს, რომელიც, პირველ რიგში, ქუჩაშივე ერთმანეთის ბულინგით და შეურაცხყოფით არის დაკავებული და ვხედავთ იმ შემცირებული ფულადი სახსრების შედეგს, რასაც იმკიან. თუ ვინმე კანონს დაარღვევს, კანონის წინაშე სრული პასუხისმგებლობით და მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია.
მიმდინარე კვირაში საქართველოს პროკურატურაში განხილვის თემა იყო ე.წ. ჩორჩანის ეპიზოდი. ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას შეკითხვები პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დაუსვეს.
ცნობისთვის, 2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, რის შემდეგაც მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყებოდა.
მალევე, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ძალებმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები განათავსეს. ვითარება განიმუხტა, მაგრამ 2019 წლის აგვისტოს შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა მილიონი კვადრატული მეტრი ტყითა და საძოვრებით ვეღარ სარგებლობს. აღნიშნულ დანაკარგზე დღეს მმართველ გუნდთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც საუბრობს.
„ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმამ ჩვენი მოსახლეობა ძალიან დააზარალა. ჩვენს და ოსურ დასახლებას შორის გადიოდა მდინარე, რომლის ზემოთ იყო სოფლის ტყე. საგუშაგოს ჩადგმამდე იმ ტყით ვსარგებლობდით, ჩავდიოდით მდინარემდე, ხმას არავინ გვცემდა. საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ რუსები ამოვიდნენ, 1,5 კილომეტრით ზემოთ ამოიწიეს და დაარჭვეს თავიანთი დროშები, ახლა პოსტიც აქვთ ჩადგმული, საგუშაგო. 120 ჰექტარი ტყე, ჩვენი სოფლის საკოლმეურნეო ტყე დავკარგეთ. ეს იყო იმ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩორჩანის მკვიდრმა არჩილ ლომიძემ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ.
საკითხზე 16 ივნისს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ალექსანდრე ტაბატაძე და კახა კახიშვილი იმყოფებოდნენ. ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანის ეპიზოდის დროს სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო კახა კახიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის.
ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსაფრთხოების სამსახურთან და საერთაშორისო მისიებთან შეთანხმებული არ ყოფილა და მან თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება.
ჩორჩანის ეპიზოდს აქტიურად სწავლობს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, სადაც გიორგი გახარია 23 ივნისს კიდევ ერთხელ არის დაბარებული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა იგი სხდომაზე.
გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტიის ლიდერის დაბარება მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური შურისძიებაა. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ თავის დროზე ჩორჩანაში გახარიას ქმედებით „ქართული ოცნება“ ამაყობდა კიდეც.
„და რა მოხდა ჩორჩანაში? საქმე ეხება საგუშაგოს განთავსებას ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მაშინ სახელმწიფომ აბსოლუტურად მშვიდობიანად, ოღონდ პრინციპულად, დაიცვა საკუთარი ფუნდამენტური ინტერესები, რასაც არ მოჰყოლია ესკალაცია. აი, ასე, უბრალოდ, სახელმწიფომ გაატარა საკუთარი სუვერენული ინტერესი. ხაზგასმით ვამბობ, სრულიად მშვიდობიანად. ამ ქეისით ამაყობდა კიდეც „ოცნების“ მაშინდელი დეპუტაცია დაწყებული ირაკლი კობახიძით და გაგრძელებული მინისტრთა კაბინეტით. მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო ბიძინა ივანიშვილი და რამდენიმე თვეში სწორედ მისი წარდგინებით დაინიშნა გახარია პრემიერ-მინისტრად, დღეს კი ამ გაუგონარი და სრულიად აბსურდული ბრალდებით ცდილობენ გახარიას პოლიტიკურ იზოლაციასა და განეიტრალებას“, – გვითხრა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა არჩილ სამნიძემ.
გიორგი გახარია დაიცვეს ოპოზიციურ სპექტრში. მასთან დაკავშირებულ მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ კოალიციაში „ლელო – ძლიერი საქართველო“.
„ჩორჩანის შესახებ გამოძიება, ცალსახად და ყოველგვარი მეორე მოსაზრების გარეშე, პოლიტიკური დევნის მიზანს ემსახურება. ჰოი, საოცრებავ, რატომ დადგეს გახარიას მინისტრობის დროს საგუშაგო ჩორჩანაში? – ამ თემის გამო გახარიას გამოეკიდონ, ამას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სარჩული აქვს, თორემ, ვინმეს რეალურად რომ ადარდებდეს რაიმე სამართლებრივი მოკვლევა ამ თემასთან დაკავშირებით ან ამ ყველაფერში მართლა რაიმე ბრალეულობა არსებობდეს გიორგი გახარიას ისეთი, ეგეთ კაცს, ალბათ, შემდეგ პრემიერ-მინისტრად არ დააწინაურებდნენ“, – აღნიშნა მედიასთან საუბარში `ლელო – ძლიერი საქართველოს~ წევრმა თაზო დათუნაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს თავად გახარიას პარტიაში.
„გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად არ დაგვიკარგავს არც ერთი გოჯი მიწა – პირიქით, დავიცავით, ჯამში, 17.5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია!“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ გიორგი გახარიამ პასუხი უნდა გასცეს, მინიმუმ, ორ შეკითხვას: რატომ არ შეათანხმა საგუშაგოს გახსნა საკუთარ გუნდთან და რატომ ამტკიცებს, რომ საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა.
„რა მიზნებით მოქმედებდა მაშინ გახარია, როდესაც აშკარა იყო, რომ ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯებს მოჰყვებოდა კონტრნაბიჯები. მან მიიღო ის კონტრნაბიჯი, რაც ძალიან ადვილად გამოსაცნობი იყო. როგორც ახლა ირკვევა, ამაზე აფრთხილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვის დროს გახარიამ თავადაც დაადასტურა, რომ სუს-თან არ იყო შეთანხმებული. მან თქვა, რომ სუს-ს და სხვა სტრუქტურებს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ, მიუხედავად ამისა, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მან ტერიტორიები არ დათმო კიარადა, მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დღეს არ არის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პრემიერ ირაკლი კობახიძეს ჩორჩანაში განხორციელებულმა ქმედებამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გაახსენა.
„საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში. ეს თავისთავად აჩენს ეჭვებს. თუ რაღაც ისეთი, პრობლემური ხდებოდა, რატომ არ ჩააყენა არავინ საქმის კურსში, არც პრემიერ-მინისტრი, არც სუს-ის უფროსი, არც დაზვერვის ხელმძღვანელი? არც სხვა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი. არცერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, არც ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ იყო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც უცნაურს აკეთებდა, რბილად რომ ვთქვათ, ბატონი გიორგი გახარია. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან. რეალურად, ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინიმოდელი, რაც მანამდე მოხდა, 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. თქვენ იცით, რა შედეგები მოჰყვა ამას ჩვენი ქვეყნისთვის. გადაიდგა არასწორი ნაბიჯი, რასაც მოჰყვა მილიონი კვადრატული მეტრი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია. ეს არის განსახილველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ალექსანდრე ტაბატაძესთან და კახა კახიშვილთან ერთად, პროკურატურაში უკვე გამოკითხეს ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას და, ასევე, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
ვინ არის მართალი, მმართველი გუნდი თუ გიორგი გახარია, ამაზე მკაფიო პასუხი საზოგადოებაში ჯერ არ არსებობს – ორივე მხარეს საკუთარი სიმართლე აქვს.
თამარ ლამპარაძე