რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება განიხილეს
By

რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება განიხილეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება განიხილეს. კანონმდებლების წინაშე ანგარიში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ წარმოადგინა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების ორი კვარტალის გეგმა 396 294,9 ათასი ლარით იყო განსაზღვრული და ფაქტობრივად, 349 134,9 ათასი ლარით შესრულდა, რაც გეგმის 88,1 პროცენტია. რაც შეეხება შემოსავლების გეგმას, რომელიც 327 424,9 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, 344 951,2 ათასი ლარით, ანუ გეგმის 105,4 პროცენტით შესრულდა.

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, II კვარტალის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 98,0 პროცენტი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს და საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის გეგმა 107,4 პროცენტითაა შესრულებული.

ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინა მათი წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის, სოციალურ, მუნიციპალური ტრანსფერებისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს შეეხებოდა.

გაერთიანებულ სხდომას დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეები – ვახტანგ ბერიძე და ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდნენ. ორივე კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

  • No Comments
  • სექტემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *