„რთულ მომენტებში ძალას ემპათია და პროფესიული ეთიკის დაცვის ვალდებულება მაძლევს“
ემპათია და მუდმივი თვითგანვითარებისკენ სწრაფვა – ეს ის ძირითადი თვისებებია, რომლებიც ახალგაზრდა ექიმს, ქირურგს ნამდვილ პროფესიონალად აყალიბებს. დავით ქობულაძის გზა სწორედ ამ ფასეულობებზეა დაფუძნებული და მკაფიოდ ასახავს მიზანმიმართულ, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობიან პიროვნებას, რომელმაც ბავშვობაშივე გააკეთა პროფესიული არჩევანი და მისი ერთგული დარჩა. დავითი სტუდენტობის წლებიდანვე გამოირჩეოდა არა მხოლოდ აკადემიური წარმატებებითა და სტიპენდიებით, არამედ აქტიური საზოგადოებრივი ჩართულობით, ლიდერული უნარებითა და მრავალფეროვანი ინტერესებით, იქნება ეს სამეცნიერო კონფერენციები, სტუდენტური პროექტები თუ მუსიკა. დღეს, 27 წლის ასაკში, დავითს უკვე აქვს მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება და მინსკში უროლოგიის რეზიდენტურას გადის. ყოველდღიური პრაქტიკა, ოპერაციები და რთული კლინიკური შემთხვევები მისთვის არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ განვითარების შესაძლებლობაა.
– დავით, გვიამბეთ თქვენზე. . .
– 2016 წელს ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა და ამავე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, დიპლომირებული მედიკოსის სპეციალობაზე. სწორედ, აქედან დაიწყო ჩემი დასახული მიზნების ასრულება. ჩემთვის, როგორც მომავალი ექიმისთვის, უმნიშვნელოვანესი იყო ხარისხიანი განათლების მიღება და ამიტომ პირველი კურსიდანვე მიზნად დავისახე, გავმხდარიყავი წარმატებული სტუდენტი, რისთვისაც დიდი შრომა და ბევრ რამეზე უარის თქმა მიწევდა, თუმცა მიზნებსაც ვაღწევდი. უნივერსიტეტში რამდენიმე სტიპენდიის მფლობელი ვიყავი, კერძოდ, საფაკულტეტო – მემედ კომახიძის სახელობისა და უნივერსიტეტის ფრიადოსნობის. თავიდანვე აქტიურად ჩავერთე სხვადასხვა პროექტში, კონფერენციასა და ღონისძიებაში. ვმონაწილეობდი სხვადასხვა სტუდენტური დებატის ტურნირზე, ინტელექტუალურ თამაშსა და საერთაშორისო ფორუმში, ასევე, ბსუ-ის მუსიკალურ ბენდში გიტარაზე ვუკრავდი. 2017 წლიდან ბსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი გავხდი, ასევე – უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს და სტრატეგიული განვითარების წევრი. უნივერსიტეტში ავამოქმედეთ ორგანიზაცია – ევროპელ მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც გახლდით.

– რატომ გადაწყვიტეთ ექიმი გამხდარიყავით?
– ბავშვობიდან მომწონდა ეს პროფესია, რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა, ექიმობა. ხშირად, ჩემთან მოსულ სტუმრებსაც კი სამედიცინო ხელსაწყოებით გასინჯვას ვუწყებდი. ადრეულ ასაკში დედის გარდაცვალებამ მეტი მოტივაცია გამიჩინა ექიმის პროფესიისკენ მიმავალ გზაზე. სურვილი გამიძლიერდა – სხვა ადამიანების სიცოცხლე გადამერჩინა და გამეუმჯობესებინა მათი ცხოვრების ხარისხი.
– როგორ ფიქრობთ, რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს კარგ ექიმს?
– კარგი ექიმისთვის აუცილებელია სწორი კომუნიკაციის უნარის ქონა, ემპათიური ურთიერთობა პაციენტებთან და მათთვის ინფორმაციის გასაგებად მიწოდება. აუცილებელია კრიტიკული აზროვნების უნარიც, კლინიკურ შემთხვევებში სწორი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, ასევე, ბიოეთიკის პრინციპების დაცვა და პაციენტისადმი ზრუნვა. კოლეგებთან და სამედიცინო პერსონალთან ეფექტური თანამშრომლობა. გარდა ამისა, მუდმივად საკუთარი თავის განვითარება და ტექნოლოგიური პროგრესის ათვისება.
– რა არის თქვენი ძირითადი მიმართულება?
– შარდ-სასქესო სისტემის დარღვევების მკურნალობა, როგორებიცაა: შარდ-კენჭოვანი დაავადებები, ცისტიტი, პროსტატი, წინამდებარე ჯირკვლის კეთითლთვისებიანი ჰიპერპლაზია, ვარიკოცელე, ერექციული დისფუნქცია, უშვილობა მამაკაცებში და სხვა.
– რატომ აირჩიეთ უროლოგია სხვა სპეციალობებს შორის?
– ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მოთხოვნადი და განვითარებადი სფეროა. უროლოგიაში დღეს აქტიურად გამოიყენება მაღალტექნოლოგიური ქირურგია, სადაც შესაძლებელია ღია, ენდოსკოპიური, ლაპარასკოპიული და რობოტული ქირურგიის მეთოდების გამოყენება. გარდა ამისა, ბავშვობიდანვე აქტიური შეხება მქონდა სამედიცინო სფეროსთან, რახან ოჯახში ბებია დღემდე უროლოგიური დეპარტამენტის ექთანია და ჩემთვის ეს სფერო ყოველთვის მეტად საინტერესო და პრიორიტეტული იყო.

– რა იყო ყველაზე რთული ეტაპი თქვენი სამედიცინო განათლების პროცესში?
– ჩემთვის ყველაზე რთული სტუდენტობისა და რეზიდენტურის საწყისი პერიოდები იყო. სტუდენტობის დროს, 1-დან მე-3 კურსის ჩათვლით, ინტენსიურად ვიტვირთებოდი თეორიული მასალით. ასევე, ძალიან რთული იყო უამრავი ინფორმაციის ათვისება და ემოციური ზეგავლენის ქვეშ ყოფნა. რაც შეეხება რეზიდენტურას, უცხო ქვეყანაში საკმაოდ რთულია საკუთარი თავის დამკვიდრება და ზოგადად, ქირურგიაში შენი უნარ-ჩვევების განვითარება.
– როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება საზღვარგარეთ?
– უკვე ორწელიწადნახევარია, რაც მინსკში რეზიდენტურას გავდივარ. სამუშაო დღეებში ჩემი ცხოვრება დისციპლინირებულია და, ძირითადად, რუტინულია. დილიდან საღამომდე მაქვს პრაქტიკები კლინიკაში. პაციენტებს დიაგნოსტირებას და ქირურგიულ მკურნალობას ვუტარებ, დასვენების დღეებში კი ვცდილობ, დავკავდე ფიტნესით, აქტიურად დავისვენო და გავერთო. ჩემი მიზანია, მაქსიმალურად ვიყო განვითარებაზე ორიენტირებული და სარგებლის მომტანი ნებისმიერ დროს.
– მინსკში მუშაობამ განსხვავებული გამოცდილება შეგძინათ?
– რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდი შესაძლებლობებია პრაქტიკული ცოდნის განვითარების თვალსაზრისით. კვირის განმავლობაში 24-25 ოპერაციაში აქტიურად ვმონაწილეობ როგორც ასისტენტის, ასევე ოპერატორის პოზიციაზე. ძალიან საინტერესო კლინიკური შემთხვევებია, გარდა ამისა, უამრავი პაციენტის მომართვიანობა და შემდგომში მათი ჰოსპიტალიზაცია.
– რა გაძლევთ ძალას რთულ მომენტებში, როდესაც პაციენტებთან მძიმე შემთხვევებს აწყდებით?
– რთულ მომენტებში ძალას ემპათია და პროფესიული ეთიკის დაცვის ვალდებულება მაძლევს. მახსენდება ის მომენტი, როცა წლების წინ დედაჩემი ავადობდა და რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის გვერდით დგომა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ერთ დღეს ჩვენც პაციენტები გავხდებით და ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ამ ყველაფრის გააზრება მაძლიერებს და ორიენტირებულს მხდის პაციენტებზე.
– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტთან ურთიერთობისას?
– მათთან კომუნიკაციის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობის მოპოვება, აქტიური მოსმენა, პროფესიონალიზმის გამოჩენა, პატივისცემა და ემპათია.
– გქონიათ შემთხვევა, რომელმაც განსაკუთრებით დაგამახსოვრათ თავი და შეგცვალათ, როგორც ექიმი?
– დიახ, იყო ასეთი შემთხვევები, როცა პაციენტები ძალიან დამწუხრებული, ძლიერი ტკივილებით, დისკომფორტით და უიმედოდ ყოფილან. ასევე, წარუმატებელი მკურნალობებიც ჰქონიათ, თუმცა სწორი და დროული მკურნალობის შედეგად, ბედნიერი, კმაყოფილი და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით გაგვიწერია კლინიკიდან.

–როგორ უმკლავდებით ემოციურ დატვირთვას, რომელიც ამ სფეროს ახლავს?
– ვცდილობ, შევინარჩუნო სიმშვიდე, მუდმივად ვიმუშაო საკუთარ თავზე და ვაკონტროლო ემოციები, თუმცა ამ ყველაფრის გარდა ჩემთვის აუცილებელია, აქტიურად დავისვენო და დრო გავატარო საყვარელ ადამიანებთან ერთად.
– სტუდენტობისას გიტარაზე დაკვრა ახსენეთ, რა როლს თამაშობს მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?
– მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დიახ, დღემდე ვუკრავ გიტარაზე და ვმღერი დილეტანტის დონეზე. ეს ყველაფერი მეხმარება სტრესის დაძლევაში და სიმშვიდეს მანიჭებს.
– რა გეგმები გაქვთ რეზიდენტურის დასრულების შემდეგ?
– რეზიდენტურის დასრულების შემდეგ ჩემს ქვეყანაში დაბრუნებას ვაპირებ და საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის, უნარ-ჩვევების მაქსიმალურად გამოყენებას.
მარიამ ხითარიშვილი