რიგგარეშე სხდომა – ბათუმის საკრებულოში
By

რიგგარეშე სხდომა – ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დრო დეპუტატების განცხადებებს დაეთმო.

საკრებულომ, ბათუმის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საკითხი დეპუტატებს მერიის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გააცნო. მუხრან ჯორბენაძის განმარტებით, მერიაში დაწყებული რეორგანიზაცია მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურებში ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, შესაბამისი სამსახურების მიზნებისა და ფუნქციების, საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების ახლებურ განსაზღვრას და ჩამოყალიბებას, შტატების გადაადგილებას და შემცირებას ითვალისწინებს.

მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, მერიის საშტატო ნუსხა მცირდება: „მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპორტის განყოფილება განსაზღვრული იქნება განყოფილების უფროსისა და პირველი კატეგორიის ერთი უფროსი სპეციალისტის, მესამე კატეგორიის ერთი უფროსი სპეციალისტის და პირველი კატეგორიის ერთი უმცროსი სპეციალისტით, ნაცვლად განყოფილების უფროსის, ერთი პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და ერთი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა“.

ამ დრომდე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, 12 სპეციალისტით სამ განყოფილებას აერთიანებდა. ცვლილების შემდეგ სამსახურს ექნება 2 განყოფილება 10 სპეციალისტით. საშტატო ნუსხაში განყოფილებების დასახელებები შესაბამისობაში იქნება რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ ახალ სტრუქტურასთან, კერძოდ, „მუნიციპალური ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილებას“ დაარქმევენ „მუნიციპალური ქონების განკარგვის განყოფილებას“, ხოლო „მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებას“ – „მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის განყოფილებას“.

მიმდინარე წლის 9 იანვარს, ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე, მერიაში გამოცხადდა რეორგანიზაცია. შესაბამისად, საკრებულომ განიხილა ბათუმის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში ცვლილება და მხარი დაუჭირა. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, საშტატო ერთეულების რაოდენობა განისაზღვრა 135 ერთეულით. პირველადი სტრუქტურული ერთეული 8 სამსახურის, მეორადი კი 21 განყოფილების სახით ჩამოყალიბდა, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა მამუკა კაკაბაძემ.

საკრებულოს თანხმობით, ცვლილება 6 მარტიდან ამოქმედდება.

საკრებულომ „სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტზეც იმსჯელა. საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის სახელშეკრულებო მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ლაშა მგელაძემ გააცნო. მისი განმარტებით, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასს, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოები, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი წლის თებერვალში ადგენენ.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა ,,ქ. ბათუმში, წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩა №3ა-ში განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საკრებულოს განკარგულებაში. ცვლილების თანახმად, აღნიშნულ მისამართზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობისას, დაზუსტდება მე-3 სართულზე არსებული ბინის ფართი და ნაცვლად 50,8 კვმ ფართისა, განისაზღვრება 48,6 კვმ-ით, ხოლო მე-12 სართულზე არსებული ბინა №70, ნაცვლად 76,8 კვმ-ისა 78,6 კვმ-ით განისაზღვრება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ,,ქალაქ ბათუმში, ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა №7-ის მიმდებარედ განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ პროექტის თანახმად, განისაზღვრება ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა №7-ის მიმდებარედ არსებული ავარიული სახლის ადგილას აშენებულ შენობა-ნაგებობაში („ა“ კორპუსი) არსებული უძრავი ქონებების ავარიული საცხოვრებლის მესაკუთრეებისათვის გადაცემა და გაზრდილი ფართობის, რომელიც იზოლირებულია და შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია.

რიგგარეშე სხდომაზე, ცვლილები შევიდა ,,ქალაქ ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №94-96-ში განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საკრებულოს განკარგულებაში. ცვლილების მიხედვით, მომავალ მესაკუთრეთა სურვილის თანახმად, იგეგმება ბინა/ერთეულებში ცვლილება, კერძოდ, ბინების გაერთიანება, ქონების გადაცემის და სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები, ასევე, იმსჯელა განკარგულების პროექტზე, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არ არის უფლებამოსილი მის საკუთრებაში არსებული ქონება საკუთრებაში გადასცეს სხვა მუნიციპალიტეტს, დაიგეგმა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რვა ერთეული ავტობუსის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემა. გადაწყვეტილების თანახმად, ავტობუსები ქობულეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცემა.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს.

მანანა ტაკიძე

  • No Comments
  • თებერვალი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *