
რისთვის დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები?
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ, 24 სექტემბერს ასევე დაბარებული იყო საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, გერმანიის ელჩს განემარტა, რომ, ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
საქართველოში გერმანიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, რომელმაც კატეგორიულად დაგმო აღნიშნული ფაქტი და მას „აგრესიულ რიტორიკა“ და „უსაფუძვლო დაბარება“ უწოდა.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს.
საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მას არ მოუსმინეს.
„საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი „დაბარება“. გერმანიისთვის, დეტალურად უარვყავი ჩემს წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დავაკისრე, რომლებიც ქმედებებითა და რიტორიკით გამოიწვიეს ეს და ბლოკავენ ევროკავშირისკენ გზას. არ მომისმინეს.
რადიკალი არ ვარ. გერმანია მეგობრად რჩება“, – დაწერა პეტერ ფიშერმა.
ელჩების დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით: „ ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია“.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები.
„ყველა არ იქცევა ისე, როგორც იქცევიან ევროკავშირის, ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ზომა. ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია. ელჩი ხომ დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია დღეს არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის სტრუქტურებს, არამედ შესაბამისი სახელმწიფოების სტრუქტურებს. ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები“, – განაცხადა პრემიერმა.