
როგორს ხედავს ირაკლი ცეცხლაძე ქობულეთს მომავალში
ქობულეთი, როგორც შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრი, იცვლება და ვითარდება. შესაბამისად, ტურისტების რაოდენობაც იზრდება. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი სწორედ ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძეა, რომელიც მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების შესახებ გვესაუბრა.
– სამ თვეზე მეტია, ქობულეთის მერის მოვალეობას ასრულებთ. ამ პერიოდში რა იყო თქვენი მთავარი მიღწევა და გამოწვევა?
– პირველ რიგში, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, არ შეჩერებულიყო ის სამუშაო პროცესი, რაც ჩავიბარე, დაწყებული პროექტების მშენებლობა გაგრძელებულიყო და მუშაობა დაგვეწყო სამომავლოდ განსახორციელებელ სიახლეებზე, პროექტებსა და პროგრამებზე, განსაკუთრებით ტურისტული სეზონის მოახლოებისას, როცა აუცილებელია ადგილობრივებსა და სტუმრებს საინტერესო სეზონი შესთავაზო. ვფიქრობ, თანამშრომლებთან ერთად მოვახერხეთ არსებული მდგომარეობის მართვა, გამოწვევებთან გამკლავება. რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას.
– როგორ შეაფასებთ ქობულეთში მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონს?
– სეზონი ყოველწლიურად იცვლება, ტურისტების რაოდენობაც იზრდება ჩვენს მუნიციპალიტეტში. წელსაც, ვფიქრობ, გამორჩეული სეზონია, როგორც სანაპირო მხარეს, ასევე მთიან ნაწილში. სამი დაცული ტერიტორიაა, რომელთა მიმართ დაინტერესება და დატვირთვაც წლიდან წლამდე იზრდება. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზეც საკმაოდ მზარდი ტურისტული ნაკადები შეინიშნება. ვიმედოვნებ, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება მსგავსი ტენდენცია.
– როგორც ვიცით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში რვა ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს. რა ეტაპზეა იგი და რამდენია ბიუჯეტიდან ამისთვის გამოყოფილი?
– ბოლო წლებში, ზაფხულის პერიოდში წყლის დებეტის ნაკლებობა სადაც შეინიშნება, აქტიურად ვახორციელებთ ჭაბურღილების მშენებლობას. ჯამში, სამუშაოებისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ჭაბურღილების მოწყობას მერია გასულ წლებშიც ახორციელებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სოფლებში მცხოვრებთ წყალი შეუფერხებლად მიეწოდოს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროექტს. ვფიქრობთ, რომ ერთობლივი მუშაობით ის გამოწვევები, რაც დღეს სოფლებში წყლის მიწოდების კუთხით დგას, აღმოიფხვრება.
– ცნობილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ათი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლები უნდა აშენდეს. რა ეტაპზეა მშენებლობა?
– მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის, საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, მერია უკვე მე-4 წელია აშენებს ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს. წელს ათი ოჯახი შეძლებს ახალ, კეთილმოწყობილ გარემოში ცხოვრებას. სამუშაოები ვადების დაცვით, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. გარდა მიმდინარე სამუშაოებისა, პროგრამის ფარგლებში, უკვე აშენდა 16 საცხოვრებელი სახლი.
– კიდევ რა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს ამჟამად ქალაქში და როდისაა მათი დასრულება დაგეგმილი?
– გარდა ინდივიდუალური სოციალური სახლებისა, მერიამ მიმდინარე წელს დაიწყო ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სოციალური სახლის მშენებლობა. პროექტი გულისხმობს ორი მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას. სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტი ორწლიანია და უკვე 2027 წლისთვის ეკომიგრანტ ოჯახებს გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები. წელს დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ფიჭვნარში ბულვარის მოწყობა, სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. ამგვარად, მომავალი წლის ტურისტულ სეზონს ქობულეთი კიდევ ერთი მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი, განახლებული სანაპირო ზოლით შეხვდება. ასევე, რამდენიმე სკვერის რეაბილიტაცია განვახორციელეთ, სადაც სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო. წესრიგდება და კეთილეწყობა მრავალბინიანი კორპუსების ეზოები.
აქტიურად მიმდინარეობს შიდასასოფლო გზების ბეტონირება.
– როგორია ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, ძირითადად, რომელ სექტორზე კეთდება აქცენტი?
– ბოლო წლებია, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია მოიცავს ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას, სოციალურ მიმართულებებს, განათლებას, ეს მიმართულებები კვლავ პრიორიტეტულია.
– რა ნაბიჯებს დგამს მერია იმისთვის, რომ ქობულეთი უფრო მიმზიდველი გახდეს როგორც ტურისტებისთვის, ისე ინვესტორებისთვის?
– ჩვენ წლებია აღნიშნული მიმართულებით ვმუშაობთ. ეს არის კომპლექსური ჯაჭვი – თითოეული ქალაქის, კუთხის პოპულარიზაციაზე ზრუნვაში ჩართულია მთელი რეგიონი, მთავრობა, რათა ჩვენი სახელი მაქსიმალურად გავიდეს მსოფლიო ბაზრებზე, ბევრმა უცხოელმა გაიცნოს, დაინტერესდეს ჩვენი ტურისტული პოტენციალით. ყოველწლიურად ვამზადებთ და ვაახლებთ საიმიჯო ვიდეორგოლებს, რეკლამებს, ვაშენებთ ახალ პარკებს, სკვერებს, ვაწესრიგებთ ტურისტულ ლოკაციებს. ყველა სფეროში, რომლებიც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტში ტურისტული მიმართულების განვითარებასთან, სწორად წარმართვასთან, აკეთებენ მაქსიმუმს, რათა ყოველწლიურად უკეთესი გახადონ მუნიციპალიტეტი ადგილობრივებისთვის და სტუმრებისთვის.
– რას აკეთებს მერია საზოგადოების სოციალური და განათლების სფეროებში მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით?
– სოციალური და განათლების პოლიტიკა ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებებია, რაც გულისხმობს არა მხოლოდ დახმარებას, არამედ გარემოს გაუმჯობესებას, უკეთესი პირობების შექმნას. სოციალური მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია, ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის ინდივიდუალური სახლების მშენებლობას მოწყვლადი ოჯახებისთვის, წელს უკვე დავიწყეთ სოციალური სახლის მშენებლობა. გარდა ამისა სხვადასხვა პროგრამა მუშაობს, რაც საშუალებას გვაძლევს საჭიროების მქონე მოსახლეობას გაეწიოს შესაბამისი დახმარება. განათლების მიმართულებით მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროგრამები მოქმედებს. თითოეული ეს პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებში მეტი განვითარების შესაძლებლობას, მოტივაციას, მიაღწიონ და შეძლონ უფრო მეტი. წელს პირველად დავიწყეთ ოქროს და ვერცხლის მედლის მფლობელ მოსწავლეებზე ერთჯერადად ფულადი სტიპენდიის გაცემა. გარდა ამისა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100-70-50% სახელმწიფო გრანტების მფლობელთათვის ერთჯერადი სტიპენდიები გაიცემა. ასევე, მოქმედებს I და II საფეხურების სტუდენტებისთვის სტიპენდია.
– მმართველმა გუნდმა მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქობულეთის მერობის კანდიდატად დაგასახელათ. მერის მოვალეობის შესრულებისას რა გამოცდილება დაგიგროვდათ, რაც წინასაარჩევნო კამპანიაში ყველაზე მეტად გეხმარებათ?
– ჩემთვის ამ ქალაქის მერობა განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა. პატივი მაქვს, ჩემს ქალაქს, ჩემს ხალხს ვემსახურო, ვიდგე მათ გვერდით. მოხარული ვარ, რომ ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში. ბოლო რამდენიმეთვიანმა მუშაობამ უფრო ახლოდან დამანახა მოსახლეობის საჭიროებები, რა შეიძლება გავაკეთოთ მათთვის, როგორ გავხადოთ მუნიციპალიტეტი უკეთესი, უფრო განვითარებული, მეტად მიმზიდველი. ვფიქრობ, ეს და კიდევ ბევრი სხვა გამოწვევა წინ გველოდება, ერთად კი შეგვიძლია ბევრი სასიკეთო საქმე გავუკეთოთ ჩვენს კუთხეს.
– რა არის თქვენი მთავარი არგუმენტი, რისთვისაც უნდა დაგიჭიროთ მხარი ქობულეთის მოსახლეობამ?
– ქობულეთში დავიბადე, აქ ვცხოვრობ და ყველაზე კარგად მესმის მისი მაჯისცემა – რა სჭირდება მუნიციპალიტეტს და როგორ შეიძლება უკეთესობისკენ შევცვალოთ. მესმის მოსახლეობის საჭიროებები და ვიმუშავებ, რომ არსებული გამოწვევები დავძლიოთ, თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს ის პრიორიტეტები და სიკეთეები, რომელსაც მერია ახორციელებს. როგორც წინა წლებში, ისევე, გაგრძელდება სოფლის მეურნეობაში ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება მაქსიმალურად ყველა სოფელში, არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაცია-განახლება, სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია. გუნდის მხარდაჭერით, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით, არაერთი სიახლე განხორციელდება.
– მერად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, რა პროექტს ან გეგმას განახორციელებთ?
– პირველ რიგში, ყველა დაწყებული პროგრამა და პროექტი მივა ბოლომდე. უკვე გვაქვს მონახაზი, რა მიმართულებებით დავიწყებთ მუშაობას. დიდი გეგმები გვაქვს ქობულეთისთვის, მჯერა, მოსახლეობასთან ერთად ყველა დასახულ მიზანს მივიყვან ბოლომდე. ეტაპობრივად გაგაცნობთ მუნიციპალიტეტში დაწყებულ სიახლეებს.
თამარ ლამპარაძე