
როგორ დავიცვათ შრომითი უფლებები?
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების სხდომათა დარბაზში სემინარი გაიმართა თემაზე – „დასაქმებულთა შრომის უფლებები“.
სემინარის მონაწილეებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია მიესალმა, სემინარს კი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გაერთიანების იურისტი რაისა ლიპარტელიანი უძღვებოდა.
სემინარში აჭარაში სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლები და დასაქმებულები მონაწილეობდნენ.
მანამდე დედაქალაქიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის უფროსი სპეციალისტი, დასაქმებულთა წარმომადგენელი მაგნუს ბერგი, ამავე ოფისის დასაქმებულთა საქმიანობის ბიუროს ოფიცერი სერგიუს გლოვაცკასი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც სოციალური სტანდარტებით შრომითი უფლებების დაცვას ეხებოდა. ეს იყო ორდღიანი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა დარგობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პროფკავშირის წევრები როგორც აჭარიდან, ისე სხვა რეგიონებიდან.
სემინარი შრომითი უფლებების დაცვას შეეხებოდა, კერძოდ, დასაქმებულთა უფლებებს, ხელშეკრულებების, შვებულებების, ბიულეტენების საკითხებს. . . მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე იურიდიული კონსულტაციის მიღებაც შეეძლოთ. როგორც ორგანიზატორებმა თქვეს, ასეთი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.
კითხვაზე, თუ როგორ არის დაცული ჩვენთან დღეს შრომითი უფლებები, ქალბატონმა რაისამ გვითხრა:
– სამწუხაროდ, ყველა სექტორში პრობლემაა შრომითი უფლებების დაცვა, ხშირად არ იდება ხელშეკრულებები. . . ჩვენი ორგანიზაცია ყოველდღიურად უზრუნველყოფს სამართლებრივ დახმარებას, კონსულტაციას, სასამართლოში წარმომადგენლობას, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობას. თითოეულ ჩვენს წევრს საშუალება აქვს, ნებისმიერ დროს მოგვმართოს. მათთან სოციალური ქსელებით ვურთიერთობთ, ზოგი რეკავს, ან პირადად მოდის. . . არაერთი საქმე მოვიგეთ, ჩვენი დავების 98 პროცენტი დასაქმებულთა სასარგებლოდ მთავრდება. ეს ეხება სამსახურში აღდგენას, სახელფასო დავალიანებას, უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევას. . . დავები საკმაოდ მრავალფეროვანია.
– ძალიან საინტერესო სემინარი გვქონდა, გავიგეთ, თუ რა უფლებები აქვს დასაქმულებს. გათავისუფლებასთან, შვებულებებთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გაგვაცნეს, ჩვენი უფლებები დაგვიკონკრეტეს. ამის შემდეგ უფრო სხვაგვარად მივაქცევთ ყველაფერს ყურადღებას, – თქვა შპს „ბათუმის წყალის“ წარმომადგენელმა ირმა ტაკიძემ.
– შრომით უფლებებზე უფრო მეტი გავიგეთ, მათ შორის, შვებულებაზე, ბიულეტენზე, სხვადასხვა დარღვევაზე, წამყვანმა ყველაფერზე ამომწურავად ისაუბრა. აქამდე ამას ყურადღებას სათანადოდ არ ვაქცევდით. ამიერიდან უფრო ვიაქტიურებთ და ამ ცოდნას საფუძვლიანად გამოვიყენებთ, – აღნიშნა ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის კოორდინატორმა ნანა ფარტენაძემ.
– რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან კარგად ნაცნობი თემააა, მაგრამ ჩვენს წევრებთან მუდმივი კონტაქტი უნდა გვქონდეს. შრომის კანონმდებლობასთან, უსაფრთხოებასთან, სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით რა სიახლეებიც იქნება, ვალდებულები ვართ, ჩვენს წევრებს გავიცნოთ. ეს სემინარი ჩვენი მოთხოვნით დაიგეგმა. ყველა გაიგებს, რა ცვლილებებია შეტანილი შრომის კოდექსში, რა მექანიზმებია ჩადებული მათი შრომითი უფლებების დასაცავად. სხვათა შორის, ჩვენ არაერთი სასამართლო პროცესი მოვიგეთ. ახლახან დამსაქმებელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქალბატონს კონტრაქტს არ უგრძელებდა და ეს პროცესი მოვიგეთ, სამსახურში რეკორდულ დროში აღვადგინეთ. ამ თანამდებობაზე ჩემი არჩევის დღიდან, აქ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი მოვიყვანეთ. წინასწარაა დაგეგმილი, რომელი ორგანიზაცია შემოწმდეს. ვიძლევით რეკომენდაციებს, დარღვევებზე ვრეაგირებთ. გარდა სემინარებისა, გვაქვს „ღია კარის დღე“. ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე იდგმება კარავი, ფლაერებს, ბუკლეტებს ვურიგებთ მოსახლეობას. თუ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, იქ მითითებულია ჩვენი ფეისბუქგვერდი, მეილი. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ყველას დავეხმაროთ, დავიცვათ მათი შრომითი უფლებები. მაგრამ მკითხველმა ერთი რამ უნდა იცოდეს – უპირველესად, ჩვენ ვეხმარებით ჩვენი ორგანიზაციის წევრებს, ამისი სრული უფლებამოსილება გვაქვს. ცუდია ის, რომ სასამართლო პროცესი ჭიანურდება. ამიტომ დამსაქმებელს ვუხსნით, რომ კარგი იქნება, თუ ისინი თავად შეთანხმდებიან დასაქმებულთან და პრობლემას მოაგვარებენ. ჩვენ ასეთი შემოთავაზება გვაქვს – შეიქმნას ცალკე შრომის სასამართლო. ევროპის ქვეყნებში მსგავსი სასმართლო არის და შრომითი დავები ორ-სამ დღეში გვარდება. აი, ამ აუცილებელი მოდელის შეთავაზება გვსურს, – გვითხრა აჭარის პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ლევან გურგენიძემ.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა

