როგორ ირჩევენ ახალ პატრიარქს?
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პირველიერარქი იყო. ახალ პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება აირჩევს.
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ კრება უნდა მოიწვიოს 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოწვეული იქნება წმ. სინოდის სხდომა, რომელიც საპატრიარქო კანდიდატებს შეარჩევს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არა უმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.
„წმინდა სინოდი შეარჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ სამ კანდიდატს. სინოდის თითოეულ წევრს უფლება აქვს, წარადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის – საკუთარი თავიც. სამი მღვდელმთავარი, რომელიც სინოდზე ხმათა უმრავლესობას მიიღებს, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი. ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ მე-13 კრებაზე მიიღეს.
ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის მართვას ხელმძღვანელობს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ტახტის მოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბრიდან დადგენილია მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით გათვალისწინებულია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით, მოვალეა გახსნას კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებული ანდერძი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა გამოაცხადოს. თუ ასეთი ანდერძი არ არსებობს ან ანდერძში არ არის მოხსენიებული მოსაყდრის ვინაობა, ეკლესიის მართვა პატრიარქის არჩევნებამდე ქიროტონიით უპირატესზე გადადის.
რადგან კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიცოცხლეშივე დაადგინა მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისთანავე მისი მოსაყდრეობა შედის ძალაში (თუ ანდერძი საპირისპიროს არ ამბობს და თუ მღვდელმთავრები კანონიკურ პრეტენზიას არ აყენებენ).
გაფართოებული კრება შედგება სინოდის ყველა წევრისგან, ყოველი ეპარქიიდან მოწვეული ორი სასულიერო და ერთი საერო პირისგან. თითოეული მონასტრიდან, ასევე სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან წარმოდგენილი 2-2 დელეგატისგან. ასევე აუცილებელია, გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან კრებას ესწრებოდეს 4 დელეგატი და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც იქნება მოწვეული ყველა დანარჩენი ეპარქიიდან.
გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ, მაგრამ არჩევნებში ხმის უფლებით მონაწილეობს მხოლოდ მღვდელმთავარი, ანუ ამომრჩეველი კვლავ 39 კაცია. შესაბამისად, პატრიარქი მხოლოდ მღვდელმთავრების რჩეულია.
როგორც ვთქვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. ხმოსნების არსებული რაოდენობით პატრიარქად ასარჩევად კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა დააგროვოს.
თუ წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული სამი კანდიდატიდან ვერცერთი მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელმაც ხმათა უმრავლესობა პირველ კენჭისყრაში მიიღო.
შესაბამისად, წინ ორი კრებაა: წმიდა სინოდი, სადაც სამ კანდიდატს ირჩევენ და გაფართოებული კრება, სადაც ამ სამი კანდიდატიდან პატრიარქს აირჩევენ. გაფართოებული კრების ჩატარება და პატრიარქის ინტრონიზაცია ხდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. შესაბამისად, პატრიარქის გარდაცვალებიდან მაქსიმუმ 2 თვეში ეკლესიას ახალი პატრიარქი ეყოლება.