
როი აბუსელიძე: ეს ყველაფერი რომ დამთავრდება და გარეთ გავალთ, უკეთესი დედამიწა დაგვხვდება
ნანა აბულაძე: 577 20 35 90
„ჩვენ გამო სხვა ადამიანს საფრთხე რომ შეექმნას, ამ ომში ღალატის ტოლფასი იქნება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“
დღეს მსოფლიოსთვის მთავარ გამოწვევად ისევ კოვიდ-19 რჩება. მსოფლიოს და მათ შორის საქართველოშიც გვიწევს ცხოვრების განსხვავებულ რეჟიმთან შეგუება. არ უნდა მოვდუნდეთ, დისტანციურად გავაგრძელოთ იმ საქმეების კეთება, რაც აუცილებელია ადამიანის განვითარებისა და წინსვლისათვის. ზოგისთვის კარანტინში გატარებული დრო საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, განსაკუთრებით შემოქმედი ადამიანებისთვის – გამოუთავისუფლდათ დრო მეტი ფიქრისთვის, შემოქმედებითი ძიებებისთვის. გადავწყვიტეთ, პოეტ როინ აბუსელიძისთვის გვეკითხა, როგორ იმოქმედა მასზე დღევანდელმა მდგომარეობამ, გაჩნდა თუ არა მის შემოქმედებაში ახალი ლექსები და თუ თვლის, რომ ისინი სწორედ ახლა უნდა დაეწერა?
– არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უამრავი რამის გადაფასება მოხდა. ისევე, როგორც ყველა ადამიანზე, ჩემზეც მოახდინა ამ ახალმა რეალობამ გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად, სახლიდან არ გავდივარ, ეს არც შემოქმედებით წინსვლაში მიშლის ხელს და კარგა ხანია, ხასიათზეც აღარ მოქმედებს. ალბათ, სამწერლო ასპარეზზე მოღვაწე ადამიანებისთვის ეს „შვებულება” მეტი ფიქრის საშუალებაა და ბუნებრივია, იბადება ახალი ნაწარმოებებიც. ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები უპირველესად, განრიგზე აისახა. ჩავდექი იმ რეჟიმში, რომელსაც სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი დღე უკვე დილით იწყება. მოუწესრიგებელი ძილიდან გამომდინარე, ბავშვობის შემდეგ პირველად ვნახე მზის ამოსვლა. აქამდე მაშინ მეღვიძა, როცა ყველას ეძინა, ხოლო როცა სხვები დგებოდნენ, მე მაშინ მივდიოდი დასაძინებლად. ადამიანი მაინც გონებას უფრო ემორჩილება, ვიდრე ფულს და ყველა პრობლემის გადაჭრა შეიძლება, თუ სწორი კუთხით მივუდგებით. ამ ვირუსმა მე პირადად, მოთმინება მასწავლა და ამ მოთმინებით მოვიგე (როგორც ანდაზაშია), ამ მოთმინებით მოიგო ჩემმა შემოქმედებამაც. ვინც იმის ილუზიას იქმნის, რომ სახლში სული ეხუთება და ერთი სული აქვს, გარეთ როდის გავა, ვეტყვი – ყველაფერი ჩაივლის. არის ქვეყნები, ქალაქები, ადგილები, სადაც ინდივიდებს გაუსაძლის პირობებში უწევთ თავის გატანა, ჩვენ კი ინტერნეტის ეპოქაში, როცა სახლიდან გაუსვლელად მუშაობაც შეგვიძლია, უნდა გავიჭირვოთ და როცა ყველაფერი დასრულდება და გარეთ გავალთ, უკეთესი დედამიწა დაგვხვდება.
„ქალი ან უნდა გააღმერთო ან მიატოვო” – რემარკი
ეჭვის ჩიტები რომ აკენკავენ მოლოდინს,
შენს ძებნას შლეგივით რომ დავიწყებ,
რომ გადამეწურება იმედი ბოლომდის,
წლები რომ დალეწავენ ლავიწებს,
ისეთი გულწრფელი სიყვარულით ავენთები, ისეთი გაგიჟებით გინატრებ,
ჭურვივით დასკდებიან ფიქრისას საფეთქლები
და მხოლოდ ლექსებში ვიბინადრებ. . .
გავიხსენებ იმ გრძნობებს, იმ ღამეს, შენობას, სევდამ რომ მონატრებით შენიღბა
და ტანში ძვირფასი ტკივილივით შემოვა – შენი სუნი, შენი გემო, შენი ხმა. პასუხი გაეცემა ყველა ჭორს, ყველა კითხვას, საღამო დაეშვება აფრებად,
შენ მკერდზე თავს დამადებ, მე ლექსებს წაგიკითხავ და ოთახს მოუნდება გაფრენა. . . ფილმებში ვიცხოვრებთ, მუქ ზეცას გადავღებავთ, შეივსება სიცოცხლის სარჩევიც
და როგორც საყვედური და როგორც ქადაგება,
ერთმანეთში იმგვარად დავრჩებით.
ახლა კი ვფიქრობ და ის აზრი მათრთოლებს, ამდენ ხანს შენზე რომ ვერ ვწერდი,
მე ვერც გაგაღმერთე და ვერც მიგატოვე,
მე ვერ მოვახერხე ვერცერთი!. . .
ეს ლექსი სწორედ კარანტინში ყოფნის პერიოდში დაიბადა და ვთვლი, რომ სწორედ ახლა უნდა დაბადებულიყო. და ბოლოს, მინდა ვთხოვო საზოგადოებას, სახლში უნდა დავრჩეთ ჩვენი ოჯახის წევრების კეთილდღეობისათვის, რადგან ეს გარკვეულწილად არის ომი. შესაბამისად, ჩვენ გამო სხვა ადამიანს საფრთხე რომ შეექმნას, ამ ომში ღალატის ტოლფასი იქნება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, – გვითხრა პოეტმა როი აბუსელიძემ.