რომელი პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს „ქართული ოცნება“?
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება, რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.
„ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია აღნიშნული სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა: „ელენე ხოშტარია – დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები, თუმცა ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას ისარგებლეს ორი კრიტერიუმით: „რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის კონკრეტული პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას“. მან პროცედურულ ნაწილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სარჩელი ხვალ გადაეცემა საპროცედურო კომიტეტს, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოში გადააგზავნიან.
„რაც შეეხება პროცედურას, გეტყვით: ეს სარჩელი გადაეცემა საპროცედურო კომიტეტს, რომელმაც უნდა შეამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა, დაადასტუროს. ამის შემდეგ, როდესაც კომიტეტი დაადასტურებს, გადავაგზავნით საკონსტიტუციო სასამართლოში, დღეს არ მგონია. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს 9 თვე სარჩელის განსახილველად, 9 თვის თავზე, ეს არის მაქსიმალური ვადა, უნდა არსებობდეს უკვე გადაწყვეტილება. რაც შეეხება წარმომადგენლებს, სარჩელში მითითებულები არ არიან წარმომადგენლები, მოგვიანებით დავაზუსტებთ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ხვალ გავა, დადასტურდება და როგორც კი დასტურის საბუთი გვექნება, გადავაგზავნით “, – აღნიშნა პაპუაშვილმა.