18 C ბათუმი
Monday 16th June 2025
როცა სხვის ტკივილს ატარებ…
By

როცა სხვის ტკივილს ატარებ…

ახლახან ბათუმის „გრანდ მოლში“, კინოთეატრ „კავეაში“ მოკლემეტრაჟიან ფილმ „გამყოფი ხაზის“ პრემიერა შედგა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობაზეა. ფილმში მთავარ როლს ჩვენი გაზეთის ჟურნალისტი და მოყვარული მსახიობი მარიამ ხითარიშვილი ასრულებს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, სადაც დეტალურად იხსენებს ამ მხატვრულ სახეზე მუშაობასთან დაკავშირებულ სიძნელეებსა და საკუთარ განცდებს.
– როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია, როდესაც სცენარი წაიკითხეთ?
– სანამ `გამყოფი ხაზის~ სცენარი დაიწერებოდა, ფილმის რეჟისორ მევლუდ საბაშვილის რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმში მეორეხარისხოვანი როლები მქონდა შესრულებული. პირველი იყო 5-წუთიანი ფილმი კორუფციის თემაზე – „50 ქვეყანა“, შემდეგ – „საუკეთესო სურვილებით“, ხოლო მესამე – „გადახდის ბოლო დღე“. მახსოვს, შესრულებაზე ვსაუბრობდით და მევლუდს ხუმრობით ვუთხარი – ჩემი შესაძლებლობები ამ ფილმებში ბოლომდე ვერ გამოვხატე, კარგი იქნებოდა, თავი გამომეცადა მძიმე, თუნდაც ფსიქოლოგიურ დრამაში, სადაც ემოციურად დავიცლებოდი და მაქსიმალურად გამოვავლენდი ჩემს მსახიობურ ოსტატობას-მეთქი. ამ ნათქვამისთვის მაშინ სერიოზული დატვირთვა არ მიმიცია, თუმცა მევლუდს ალბათ გონებაში ჩარჩა და წელიწად-ნახევრის შემდეგ, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, მიგზავნის სცენარს – წაიკითხეო. წავიკითხე და მივხვდი, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი საინტერესო პერიოდი მეწყებოდა. ჩემთვის ეს როლი, უბრალოდ, სამსახიობო ამოცანა არ ყოფილა. თავიდანვე გავიაზრე, რომ დიდი პასუხისმგებლობა და იმ გამოცდილების დასაწყისი იყო, რომელიც ჩემს პროფესიულ და პიროვნულ ღირსებებს ახალ საფეხურზე აიყვანდა.
– რამდენად რთულია ძალადობის მსხვერპლი ქალის როლის მორგება?
– საკმაოდ რთული, რადგან ასეთი როლის შესრულებისას, უბრალოდ, ტექსტის დაზეპირება არ კმარა. აუცილებელია, შეიგრძნო და გააცნობიერო ის ტკივილი, რაც მსგავს სიტუაციაში მყოფ ადამიანს აქვს განცდილი. ძალადობა მისი მსხვერპლისთვის ხშირად ჩუმი, უხმო ტკივილია, რომელსაც გარშემომყოფები ვერ ამჩნევენ. ყველაზე რთული სწორედ ამ ემოციური მდგომარეობის გადმოცემა იყო. ვცდილობდი, თითოეული სცენა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო, რათა ამ თემის სიმძიმე და მნიშვნელობა ყველასთვის გასაგები გამხდარიყო. ამ პერსონაჟის სახეზე მუშაობამ მაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი – ხმა, მზერა, სიჩუმე, ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდე.
– როლისთვის როგორ ემზადებოდით? ხომ არ გქონდათ ურთიერთობა ქალბატონებთან, რომლებმაც ძალადობა გამოსცადეს?
– საბედნიეროდ, ჩემს სამეგობრო და სანაცნობო წრეში არ მყავს ადამიანები მსგავსი ისტორიებით. ასე რომ, ვერც სხვისი და მადლობა ღმერთს, ვერც ჩემი გამოცდილებით ვიხელმძღვანელებდი. რომ გითხრათ, სპეციალურად ამისთვის მსგავსი შინაარსის ფილმებს, ან გადაცემებს ვუყურებდი-მეთქი, მოგატყუებთ. არ მინდოდა, სხვისი გავლენით მეთამაშა ეს როლი, თუმცა ბევრი ინტერვიუ წავიკითხე ძალადობაგადატანილ ქალებთან და ეს არა მხოლოდ ფაქტების გაგებაში, არამედ იმ ტკივილის განცდაში დამეხმარა, რასაც ეს ქალები გადიან. ასევე, ბევრი ფიქრი და ანალიზი დამჭირდა იმის წარმოსადგენად, რა მდგომარეობაში იქნებოდა ჩემი პერსონაჟი კონკრეტულ სიტუაციაში. იყო სცენები, სადაც მხოლოდ მზერით, ჟესტებით გადმოვცემდი სათქმელს. როცა დიალოგი აღარ არის, ამ დროს სხეული საუბრობს და ამგვარად ვცდილობდი, გამეღრმავებინა პერსონაჟის შინაგანი ხმა. ეს იყო მძიმე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.
– ემოციურად რამდენად რთული იყო ამ როლში შესვლა?
– ეს იყო ერთგვარი ემოციური ჩაძირვა ისეთ რეალობაში, რომელსაც დღესაც ბევრი ქალი გადის. გადაღებების შემდეგ რაღაც პერიოდი მდუმარებაში ვრჩებოდი. ვეღარ ვუბრუნდებოდი ყოველდღიურ ცხოვრებას ისე სწრაფად, როგორც სხვა როლების შემდეგ. სხვის ტკივილს რომ ატარებ, ის დროებით შენიც ხდება. ალბათ ყველაზე მძიმე იყო ის მომენტები, როცა კამერის მიღმაც მახსენდებოდა, რომ ეს ისტორია ათასობით ქალის რეალური ცხოვრებაა და ამიტომ ჩემი „თამაში“ ერთგვარ მორალურ პასუხისმგებლობად მექცა. ამ როლმა მაჩვენა, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანი ტკივილის მიუხედავად და, ამავე დროს, რამდენად უძლურია ქალი, როცა მისი ტკივილი არავის ესმის.
– როგორ აღწერდით თქვენს პერსონაჟს? რა პროცესები მიდის მასში?
– ჩემი პერსონაჟი არის ქალი, რომელიც ცხოვრობს შიშში, მაგრამ თანდათან სწავლობს საკუთარი თავის მიღებას, ტკივილის დანახვას და, საბოლოოდ, წინააღმდეგობის გაწევას. გარედან შესაძლოა მორჩილად გამოიყურებოდეს, მაგრამ მის შიგნით ბრაზი და უდიდესი შინაგანი ბრძოლაა. თავდაპირველად საკუთარ თავთანაც ვერ აღიარებს, რომ ძალადობის მსხვერპლია. მასში ნელ-ნელა იბადება ძალა და სწორედ ეს შინაგანი ტრანსფორმაციაა როლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. პერსონაჟში მთავარი პროცესი თვითშეცნობაა – როგორ გადადის შიში გააზრებაში და გააზრება – მოქმედებაში. მასში სიმამაცე იღვიძებს, რომელიც თავიდანვე ჰქონდა, უბრალოდ, წლების განმავლობაში მიძინებული იყო. ძალადობისგან თავის დაღწევა მისთვის მხოლოდ ფიზიკური არ არის, ეს მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ემოციური განთავისუფლებაა.
– თქვენი აზრით, თავიდანვე რატომ არ მიდის პერსონაჟი იმ აზრამდე, რომ მოძალადე მეუღლისგან განთავისუფლდეს?
– ჩემი პერსონაჟის შემთხვევაში, მოძალადე ქმარზე დამოკიდებულება მხოლოდ ემოციური არ არის. ეს რთული, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური კავშირია. მოძალადე ხშირად მანიპულირებს, რაც მსხვერპლში ქმნის ილუზიას, თითქოს ეს დროებითი მდგომარეობაა და ყველაფერი გამოსწორდება. ამას ემატება სირცხვილის გრძნობა: რას იტყვის სხვა? იქნებ ჩემი ბრალია ყველაფერი?.. ხშირად ძალადობის მსხვერპლი ისეთ გარემოშია გაზრდილი, სადაც ძალადობა ნორმაა. ასეთ შემთხვევაში, მან შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს, რომ ტოქსიკურ და სახიფათო ურთიერთობაშია. ამას ემატება ქმარზე ფინანსური დამოკიდებულება, ოჯახური წნეხი და ღრმა სასოწარკვეთა. ჩემი პერსონაჟიც სწორედ ამ პროცესს გადის, თუმცა, დროთა განმავლობაში, მასში შინაგანი ხმა იღვიძებს და მეუბნება, რომ გადარჩენა მხოლოდ საკუთარი თავის დაცვით შეიძლება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია, რადგან თეორიულად გაქცევის გზა ყოველთვის არსებობს, მაგრამ წასვლის ძალა ყველას არ აქვს.
– როგორ ფიქრობთ, რატომ ჩუმდებიან ძალადობის მსხვერპლი ქალები?
– პირველ რიგში, იმიტომ, რომ მათ შიში მართავთ, შიში – ფიზიკური შურისძიების, შიში – მარტო დარჩენის, უსახსრობის, საზოგადოებისგან გარიყვის. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ბევრ ქალს ჰგონია, თავად მიიყვანა ურთიერთობა იმ მდგომარეობამდე, სადაც ძალადობა „დასაშვებია“ და ამიტომ თავადაა დამნაშავე. მოძალადე ამით სარგებლობს და ამბობს, რომ ქალი პროვოცირებს, არ უსმენს, არ ასრულებს მეუღლის მოვალეობებს. ეს ყველაფერი მსხვერპლს შთააგონებს, რომ ძალადობა მართლაც მისი ბრალია. მორიგი მიზეზი საზოგადოებრივი დამოკიდებულებაა. ხშირად, მსხვერპლს ეშინია, რომ არ დაუჯერებენ ან, უარეს შემთხვევაში, დაადანაშაულებენ. „ოჯახში ყველაფერი ხდება“, „მაინც ბავშვების მამაა“ – ასეთი ფრაზები ქალს ჩუმად ყოფნას აიძულებს. დამოუკიდებლობის ნაკლებობაც ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია. როცა ქალი ფინანსურად, სოციალურად ან ემოციურად მოძალადე ქმარზეა დამოკიდებული, მას არ აქვს რესურსი, ნაბიჯი გადადგას. ასეთ პირობებში ჩუმად ყოფნა თვითგადარჩენის ინსტინქტია, თუმცა ქალის სიჩუმე არ ნიშნავს სიძლიერის არარსებობას, ხშირად სწორედ ეს სიჩუმეა ყველაზე მძიმე ტვირთი, რაც ქალმა სატარებლად აირჩია, რადგან ამ ეტაპზე სხვა გზა, უბრალოდ, არ აქვს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება ღია იყოს მოსმენისა და მხარდაჭერისთვის და არა განკითხვისთვის. ჩუმად ყოფნა არჩევანი კი არა, ხშირად იძულებაა.

– როგორი იყო რეჟისორსა და გადამღებ ჯგუფთან მუშაობა?
– მათთან მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და თბილი გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში. მევლუდს გამორჩეული ხედვა აქვს და უზომოდ შრომისმოყვარეა. მან თავიდანვე თავისუფალი და შემოქმედებითად მდიდარი სამუშაო გარემო შექმნა, რაც საშუალებას მაძლევდა, პერსონაჟთან მუშაობისას ბოლომდე გავხსნილიყავი. ვგრძნობდი, ჩემს ემოციებს როგორ აფასებდნენ, ეს კი მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გადამღები ჯგუფის თითოეული წევრი: ოპერატორი დავით ახმაევი, აუდიოინჟინერი ნაიკო ქადიძე და ტექნიკური მენეჯერი გიორგი ჩიბურდანიძე ის ადამიანები არიან, რომლებიც აცნობიერებენ, რომ კარგი კადრი მხოლოდ ტექნიკით არ იქმნება, მას სიმშვიდე, მხარდაჭერა და კოლექტიური ერთიანობა სჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმისთვის, რომ ყოველი გადაღების დღე ჩემთვის ემოციური მოგზაურობა იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა სენსიტიურ თემაზე მუშაობ და იცი, შენი გუნდი გენდობა, გისმენს და გვერდით გიდგას. ვფიქრობ, სწორედ ამ ერთსულოვნებით და ნდობით შევძელით კარგი შედეგის მიღება.
– შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება ოჯახური ძალადობის მიმართ როლზე მუშაობის შემდეგ?
– დიახ, მნიშვნელოვნად შეიცვალა. მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეს სერიოზული პრობლემა იყო, ძალადობა ჩემთვის მაინც, გარკვეულწილად, სტატისტიკად, ახალ ამბად ან სხვის ტკივილად აღიქმებოდა. როცა პერსონაჟის თვალით ვუყურე მოვლენებს, დავინახე ის შიში და შინაგანი ბრძოლა, რასაც რეალური ადამიანები ყოველდღე განიცდიან, ვიგრძენი, რამდენად ადვილია გარედან რჩევის მიცემა: „რატომ არ მიდის?“, „რატომ არ საუბრობს?“… როცა ამ პროცესს შიგნიდან ეცნობი, ხვდები, რამდენად რთულია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. დღეს ამ თემაზე ბევრად უფრო ფრთხილად და გაცნობიერებულად ვსაუბრობ.
– ახლახან კინოთეატრ „კავეაში“ ფილმის შიდა პრემიერა შედგა. როგორი გამოხმაურება მიიღეთ მაყურებლისგან?
– ჩემთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი დღე იყო. დარბაზი მაყურებლებით იყო სავსე, რომლებმაც ფილმის დასრულების შემდეგ ხანგრძლივი აპლოდისმენტებით გამოხატეს აღფრთოვანება. ჩვენების შემდეგ ფილმის გარჩევა გაიმართა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი გიორგი მასალკინი უძღვებოდა. მან ჩემი შესრულება დადებითად შეაფასა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენებას წარსულში ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი ესწრებოდა. ფილმის გარჩევისას თავისი განცდები გაგვიზიარა, თქვა, რომ ეს ისტორია მისთვის ნაცნობია და სწორედ ამიტომ მასზე ძალიან იმოქმედა. ასეთი გამოხმაურება ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. როდესაც მაყურებელი გეუბნება, რომ შენი შესრულება დაეხმარა მას საკუთარი გამოცდილების გააზრებაში, ეს მსახიობისთვის უდიდესი ჯილდოა. მჯერა, ეს ფილმი მნიშვნელოვან დისკუსიას გამოიწვევს საზოგადოებაში და ხელს შეუწყობს ოჯახური ძალადობის თემაზე ღიად საუბარს.
– თქვენი აზრით, შეუძლია ამ როლსა და ისტორიას მსგავსი ძალადობის მსხვერპლთა დახმარება?
– დიახ, ვფიქრობ, ამ ისტორიას ნამდვილად შეუძლია იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ძალადობას განიცდიან ან უკვე გაიარეს მსგავსი გამოცდილება. კინოხელოვნებას აქვს უნარი, ზუსტად იმას შეეხოს, რაზეც სიტყვებით ვერ ისაუბრებ. ადამიანი ეკრანზე საკუთარ ტკივილს რომ ხედავს, გრძნობს, რომ მარტო არაა. შესაძლოა, იფიქროს: თუ მან ძალადობისგან თავის დაღწევა შეძლო, იქნებ მეც შევძლო? – სწორედ ეს შეიძლება გახდეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი მდგომარეობის აღიარებისკენ და გამოსავლისკენ. გარდა ამისა, ფილმის გავლენით, შესაძლოა, საზოგადოებაშიც გაჩნდეს მეტი გააზრება და თანაგრძნობა, ნაკლები სტიგმა და მეტი მხარდაჭერა. ასეთი გარემო კი სწორედ ის საყრდენია, რომელიც ბევრ ქალს საკუთარი შიშის დამარცხებაში ეხმარება. ფილმს ყოველთვის არ შეუძლია პასუხების გაცემა, სამაგიეროდ, შეუძლია კითხვები გააჩინოს და ხშირად სწორედ აქედან იწყება სვლა ცვლილებისკენ.
– როგორ ფიქრობთ, ხელოვნების ენით რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ასეთ თემებზე ღიად საუბარი?
– საზოგადოების განვითარებისთვის, ვფიქრობ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ასეთ მტკივნეულ და სენსიტიურ თემებზე ხელოვნების ენით ღიად ვილაპარაკოთ. ხშირად, ძალადობაზე მხოლოდ სტატისტიკის ან იურიდიული დოკუმენტების დონეზე ვსაუბრობთ და მიღმა გვრჩება ადამიანური მხარე, ვერ ვხედავთ იმას, ვინც რეალურად ამ პრობლემით ცხოვრობს. ხელოვნება კი, იქნება ეს კინო, თეატრი, ლიტერატურა თუ სხვა ფორმა, აძლევს მსხვერპლს ხმას, სახეს, ემოციას და სწორედ ეს ქმნის კავშირს მაყურებელთან.
თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ივნისი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *