რუსეთის ბრიტანეთთან საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 8 მილიარდი დოლარი შეადგინა
By

რუსეთის ბრიტანეთთან საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 8 მილიარდი დოლარი შეადგინა

„საერთაშორისო წნეხის მიუხედავად, რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე, სულ მცირე, 8 მილიარდი დოლარი შეადგინა“. –  ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ი ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სამ წელიწადში რუსეთთან, სულ მცირე, 29000 სავაჭრო ოპერაცია განხორციელდა. გარიგებების 90%-ზე მეტი ბრიტანეთის ვირჯინისა და ბერმუდის კუნძულებზე მოდის.

ამასთან ერთად, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები რუსეთიდან ექსპორტის საკვანძო ჰაბად იქცა. მათი მეშვეობით ხდებოდა „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტების, ფოლადისა და ნახშირის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპოვებული წიაღისეულის ექსპორტსაც ეწეოდა.

ბერმუდის კუნძულები ნავთობისა და გაზის სექტორისთვის საჭირო აღჭურვილობისა და დანადგარების შესაძენად გამოიყენებოდა. ადგილობრივი შუამავლების მეშვეობით რუსეთი ყიდულობდა საბურღ მოწყობილობებსა და გაზის ტურბინებისთვის საჭირო ნაწილებს.

კაიმანის კუნძულები და გიბრალტარი გამოიყენებოდა ლითონებთან, კერძოდ, ტყვიასა და თუთიასთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის, ოქროს ზოდებისა და ვერტმფრენებისთვის საჭირო ნაწილების შესაძენად.

ცალკე აღნიშვნის ღირსია იახტები. როგორც ორგანიზაცია წერს, აღნიშნულ პერიოდში იახტების რუსეთში ან რუსეთიდან გადაადგილების 160 შემთხვევაა დაფიქსირებული. იახტების გადაადგილება კაიმანისა და ვირჯინის კუნძულებზე დარეგისტრირებული შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხდებოდა. Transparency International-ის ინფორმაციით, იახტები დაკავშირებულია რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან.

 

  • No Comments
  • თებერვალი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *