
რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია
რუსეთმა ღამით კიევს, ივანო-ფრანკოვსკსა და ხარკოვს დრონებითა და რაკეტებით შეუტია. არიან დაშავებულები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევზე თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.
ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს, საბავშვო ბაღს, ავტოფარეხებსა და მაღაზიებს, დაზიანდა ლუკიანოვსკას მეტროსადგურის ფოიე.
„რუსულმა ჯარებმა ხარკოვს ღამით 12-ჯერ დაარტყეს“ – იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება.
საჰაერო განგაში უკრაინის რამდენიმე რეგიონში გამოცხადდა, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, პოლტავის, სუმის, ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, ჩერკასისა და ვინიცის ოლქებში.
რუსეთის ქმედებების ფონზე, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დაადასტურა, რომ გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს და რუსეთის ხელისუფლებას „დამნაშავე რეჟიმი“ უწოდა.
კანცლერის გაცხადებით, რუსეთის დამნაშავე რეჟიმი სამხედრო ძალით ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს უკრაინის არსებობა და დაანგრიოს მთელი ევროპის პოლიტიკური თავისუფლება, რასაც გერმანიის ფედერალური მთავრობა არ დაუშვებს.