„რუსეთმა შეძლო სარაკეტო წარმოების გაზრდა“
„აშშ-ის ჯარის მინისტრმა დენ დრისკოლმა გასულ კვირას კიევში ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე სცადა მათი დარწმუნება, რომ მხარი დაეჭირათ ტრამპის სამშვიდობო გეგმისთვის და რუსეთის სამხედრო ძალის გაძლიერების შესახებ შეატყობინა“, – წერს The New York Times-ი.
გამოცემის ორი წყაროს ინფორმაციით, დრისკოლმა განაცხადა, რომ რუსეთმა შეძლო სარაკეტო წარმოების გაზრდა და ახლა უკვე შეუძლია ამ რაკეტების მარაგების შექმნა, პარალელურად კი უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელება.
NYT-ის თანამოსაუბრეების თქმით, ქვეტექსტი აშკარა იყო: რუსეთის მხრიდან მზარდი სარაკეტო საფრთხის გამო, რომელმაც შესაძლოა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს უკრაინას ან სხვა ევროპულ ქვეყანას, ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაა აუცილებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა ომის დასრულების შემდეგ სამხედრო წარმოება მნიშვნელოვნად შეამციროს, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, მას ევროპის ქვეყნებზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმისას გამართლება არ ექნება“, – წერს გამოცემა.
დრისკოლის განცხადებას ევროპელ დიპლომატთა ნაწილი დაეთანხმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.