,,რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე ბევრად იქნება დამოკიდებული პოსტსაბჭოთა ქვეყნების მომავალი“
By

,,რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე ბევრად იქნება დამოკიდებული პოსტსაბჭოთა ქვეყნების მომავალი“

ჩვენს რეალობაში მოუგვარებელ პრობლემათა შორის უმთავრესი ოკუპირებული ტერიტორიებია, ამდენად ქართული მხარის მთავარი საზრუნავიც ამ ტერიტორიების დაბრუნებაა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ მხრივ, სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა – აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია გრძელდება, ლტოლვილები ვერ უბრუნდებიან საკუთარ კარმიდამოს და დასავლეთიც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს ამ რეგიონების დეოკუპაციის კუთხით, რასაც თავისი მიზეზები გააჩნია: ბირთვულ სახელმწიფოსთან დაპირისპირება არც ისე ადვილია, რისი თვალსაჩინო მაგალითია რუსეთის აგრესია უკრაინაში. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი გელა ირემაძე.

რუსეთუკრაინის ომის შედეგი რამდენად განსაზღვრავს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მომავალს?
– ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე ბევრად იქნება დამოკიდებული, მსოფლიოს თუ არა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მომავალი მაინც. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა ამასწინათ განაცხადა, რომ უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას გაუწევს და ამავდროულად, რუსეთს ჯოჯოხეთური სანქციებით დაემუქრა, რაც რუსეთისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში, მომაკვდინებელი აღმოჩნდება. ამჟამად უკრაინაში პოზიციური ომი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს სხვადასხვა ქალაქის ინფრასტრუქტურას, იგი მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას ვერ აღწევს და ეს არა მარტო უკრაინის ჯარის დამსახურებაა, არამედ დასავლეთის მკაფიო მხარდაჭერაც – რომ არა კოლექტიური დასავლეთის დახმარება, უკრაინელებს გაუძნელდებოდათ მტრის შეჩერება. ხარკოვის, ოდესის და, რაც მთავარია, კიევის ვერაღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისთვის. უდავოა, რომ რუსეთის გამარჯვება ან მარცხი უკრაინაში უამრავი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს. თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდა, ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას.
როგორ შეიძლება დასავლეთი დაგვეხმაროს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის თვალსაზრისით?
– დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ადამიანის თავისუფალი არჩევანი – ამ სამ ძირითად მიზანს საქართველო მარტო ვერ მიაღწევს, ანუ აუცილებელია სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა და ამ მიმართებით დასავლეთი შეძლებისდაგვარად გვეხმარება. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, მხოლოდ სამმა ქვეყანამ აღიარა, რისი არდანახვა უმადურობა იქნებოდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართულმა მხარემაც უნდა იაქტიუროს, ვგულისხმობ საინფორმაციო ომის წარმოებას რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთ-უკრაინის ომში თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო ომს. სწორედ დასავლური მედიის დახმარებით შეძლო უკრაინამ რუსეთის სახელმწიფოს დანაშაულის ჩვენება მსოფლიოსთვის, ბუჩას ტრაგედიის გამოაშკარავებამ დაარწმუნა დასავლეთი რუსეთის ბარბაროსობაში.
არადა, არანაკლები სიმხეცე ჩაიდინა რუსეთმა საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. . .
– დიახ, ოკუპანტებმა საქართველოს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს. ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდა განხორციელდა რუსეთის სახელმწიფოს მეშვეობით, თუმცა მსოფლიო თანამეგობრობისთვის ეს სამწუხარო ისტორია უცნობია, ვგულისხმობ ფართო ფენებს, არადა, როგორ ცდილობდა რუსეთი, დაერწმუნებინა მსოფლიო თანამეგობრობა ქართული ჯარის არაადამიანობაში ოს და აფხაზ მოსახლეობასთან მიმართებით. რუსულმა პროპაგანდამ დასავლეთში საწადელს ვერ მიაღწია, მაგრამ ეს ჩვენთვის შეღავათი არ არის.
– რას გულისხმობთ?
– იმის თქმა მინდა, რომ ქართულმა მხარემ დასავლეთში ამ მიმართულებით უნდა იაქტიუროს, კერძოდ, როგორც აღვნიშნე, ცხინვალის რეგიონში მოხდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რაც ევროპარლამენტმაც დაადასტურა, გალში ხდება ქართველების შევიწროება, ამის შესახებ დღენიადაგ უნდა საუბრობდნენ უცხოური მედიასაშუალებები და, ასევე, ქართულმა მხარემ საერთაშორისო ფორუმებსა და დასავლელ ლიდერებთან შეხვედრებისას ამაზე ხმამაღლა უნდა ისაუბროს. ამ მხრივ აღსანიშნავი და გასახარია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს და მასთან ეკონომიკურად ითანამშრომლებს, სანქციები დაუწესდება. ეს გახლავთ მკაფიო გზავნილი საქართველოს არაკეთილმოსურნეებისადმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის თვალსაზრისით.
სხვათა შორის, ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ 90-იან წლებში რუსეთმა ისარგებლა დასავლეთის პასიურობით და, ამავდროულად, ჩვენი შეცდომებით. რას ფიქრობთ?
– გასული საუკუნის 90-იან წლებში კრემლმა შეძლო ქართველთა და აფხაზთა, ქართველთა და ოსთა ურთიერთგადამტერება, მაშინ დასავლეთს ჩვენთვის არ ეცალა. სამწუხაროდ, ელცინის დემოკრატიულობის სჯეროდათ და მას ბევრ რამეს პატიობდნენ – აფხაზეთის ოკუპაციას, ჩეჩნეთის ორ ომს, ჩეჩენი მოსახლეობის გენოციდს – დაახლოებით ორასი ათასი ადამიანი დაიღუპა ამ ომებში… ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთმა კარგად ისარგებლა ქართველთა შეცდომებით, არადა, სანამ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდებოდა, პრეზიდენტმა გამსახურდიამ გამონახა საერთო ენა აფხაზებთან, მოხერხდა კომპრომისი და სიტუაციის დარეგულირება, მაშინ საქართველო ამ ყველაფრით ომს გადაურჩა.
– როგორც ცნობილია, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. . .
– სამწუხაროდ, დიახ, მას შემდეგ, რაც კანონიერი ხელისუფლება დაამხეს, მმართველობა სამხედრო საბჭომ ჩაიბარა, რომელმაც რამდენიმე თვეში მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძე ჩამოიყვანა და იგი ქვეყნის მმართველი გახადა. იმდროინდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის წინაშე წარმოქმნილ გამოწვევებს ვერ უპასუხა. სწორედ იმ პერიოდში რუსეთმა მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია… მიუხედავად სავალალო მდგომარეობისა, ქვეყანამ მაინც შეძლო, გარკვეულწილად, რუსეთის ზეგავლენისგან განთავისუფლება, საქართველო ჩაერთო მნიშვნელოვან მეგაპროექტებში. რად ღირს თუნდაც ,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის პროექტი, ასევე, ნატოსთან ურთიერთობამ ახალი იმპულსი შეიძინა და ა.შ. თუმცა, როგორც ვთქვი, მაშინ არ მოხდა რუსეთის მხილება დასავლეთის თვალში, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და უკრაინის მოვლენების ფონზე მთელმა მსოფლიომ დაინახა რუსეთის რეალური სახე.
კონკრეტულად, ქართულმა მხარემ რა ქმედებები უნდა განახორციელოს?
– მაგალითად, ქართულმა მხარემ უნდა მოიწვიოს გაეროს გენერალური მდივანი, ასევე, ევროკავშირის ჩინოვნიკები, აშშ-ის გავლენიანი კონგრესმენები საქართველოში, უნდა აუხსნას მათ, რომ დაახლოებით ოთხასი ათასი ადამიანი ლტოლვილია, საკუთარ მიწა-წყალს (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) ვერ უბრუნდება სწორედ რუსეთის მიზეზით და როცა ამას უცხოური მედიასაშუალებები აჩვენებენ, ეს ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს. უკრაინამ ხომ უზრუნველყო დასავლელი ლიდერების ვიზიტი ქვეყანაში? ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. გარდა ამისა, რუსეთს გააქვს წიაღისეული აფხაზეთიდან, ეკოსისტემა სავალალო მდგომარეობაშია, ეკონომიკა მოშლილია. . . ქართულმა მხარემ აფხაზებს უნდა ავუხსნათ, რომ რუსეთი მათი დაუძინებელი მტერია და მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ მათი, როგორიც ეთნოსის გადარჩენა.
– ცხადია, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მანამდე ვერ იქნება ნორმალური, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება. თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– რა თქმა უნდა, არის საკითხები, რისი დათმობაც არ შეიძლება, ესაა დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენული არჩევანი. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს არცერთი ხელისუფალი არ შეეგუება არსებული რეალობის დაკანონებას აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ხოლო სხვა საკითხების განხილვა და ურთიერკომპრომისის მიღწევა შესაძლებელია. ამ მხრივ, სამწუხაროდ, გაეროც უუნარო აღმოჩნდა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მან ვერ დაიცვა ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის სუვერენიტეტი, თუმცა აღსანიშნავია, რომ გაეროს რეზოლუციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – როგორც ცნობილია, ამ რამდენიმე ხნის წინ გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიერ იყო მომზადებული. ზემოთ აღნიშნული რეზოლუცია აღიარებს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და, ასევე, მათი შთამომავლების დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენმა ქვეყანამ არ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური აქტივობა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ ყველგან უნდა დასვას ეს საკითხი, რათა ყველა რეზოლუციაში ხაზგასმული იყოს საქართველოს სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა და ის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
დაბოლოს, რას მოუტანს საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაერთიანება?
– ნატო და ევროკავშირი ბევრი კუთხითაა მიმზიდველი, თუნდაც -უსაფრთხოების და ეკონომიკური კეთილდღეობით, ამიტომ საქართველოს წარმატება დამოკიდებულია სწორედ იმ ღირებულებისკენ სვლაზე, რასაც დასავლეთის ქვეყნები ამკვიდრებენ, ესენია: სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ადამიანის უფლებათა დაცვა, ცივილიზებული პაექრობა ოპონენტებს შორის და განსხვავებული აზრის პატივისცემა.

 

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *