„რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს 9-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
4 ოქტომბერს, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ. მათ ჯებირები დააზიანეს და ეზოში შეღწევა შეძლეს, თუმცა სამართალდამცველებმა ეზო მალევე დაატოვებინეს. შსს-მ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები 5 ოქტომბერს დააკავა.
პროკურატურამ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს –
პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერ პაატა მანჯგალაძეს და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს ბრალი წარუდგინა.
შსს-ში აცხადებენ, რომ ამ პიროვნებებს „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. დანაშაულები 9- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გალერეა
