საარჩევნო პროცესი – აჭარაში, გამოწვევები და პერსპექტივები
არჩევნების საერთაშორისო დღის აღნიშვნით წელს აჭარაში კიდევ ერთხელ გახდა შესაძლებელი საზოგადოებრივი ყურადღება საარჩევნო პროცესის მნიშვნელობაზე, მისი განვითარების დინამიკასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე გამახვილებულიყო. აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრა გამართა, სადაც მიმოიხილეს არჩევნების ისტორია, დემოკრატიულ პროცესში მისი როლი და ის პასუხისმგებლობა, რომელიც ახალგაზრდა თაობას ქვეყნის სამომავლო განვითარებაში ეკისრება.
შეხვედრის შემდეგ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან პარმენ ჯალაღონიასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, სადაც მან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მზაობაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, საზოგადოებრივი ნდობის მექანიზმებზე, კიბერუსაფრთხოებაზე, შშმ პირებისთვის შექმნილ პირობებსა და საარჩევნო პროცესის განვითარების სამომავლო ხედვაზე.
– ბატონო პარმენ, რაზე გაამახვილეთ ყურადღება ახალგაზრდებთან შეხვედრისას?
– აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად არჩევნების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ეს დღე ყოველწლიურად თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება, და გარკვეულწილად, ტრადიციად არის ჩამოყალიბებული. ახალგაზრდებთან შეხვედრისას რამდენიმე საკითხი განვიხილეთ: არჩევნების ისტორია, მისი მნიშვნელობა, არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობის როლი და 30 წლამდე ახალგაზრდების მაქსიმალურად გააქტიურობა ამ კუთხით.
– რამდენად მზად არის საარჩევნო ადმინისტრაცია მოახლოებული არჩევნებისთვის?
– მოგეხსენებათ, აჭარის საარჩევნო ადმინისტრაცია მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ვატარებთ და მომდევნო არჩევნები კანონმდებლობით 2028 წელს ჩატარდება. მანამდე მზადების პროცესში ვართ, ასევე, საკუთარი ორგანიზაციის განვითარების პროცესში. რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაცია ნებისმიერი არჩვნებისთვის მაქსიმალურად მზად არის როგორც ადამიანური, ასევე, მატერიალური და ფინანსური რესურსებით.
– ამჟამად რა გამოწვევებია წინა წლებთან შედარებით?
– შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების ჩატარების პროცესში ტექნოლოგიასთან დაკავშირებით გამოწვევები ნამდვილად არ გვაქვს. როგორც 2024 წლის არჩევნებმა გვაჩვენა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საკმაოდ წარმატებით ჩატარდა და ამ კუთხით ტექნიკას პრობლემა არ ჰქონია. საარჩევნო ადმინისტრაციამ მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა. მწვავე გამოწვევა არ გვაქვს, პრობლემად რჩება საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება არჩევნების მიმართ. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნე გვყავს. ბევრი საკუთარი ინტერესების დაცვის ან განხორციელების პროცესში არასწორ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას, განსაკუთრებით გაყალბებასთან დაკავშირებით, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ ბრალდებების დამტკიცება შეუძლებელია, რადგან, რასაც გვაბრალებენ, ბუნებაში არ ყოფილა და საზოგადოების დიდ ნაწილს არჩევნებისადმი ნდობა მაინც აქვს.
– რა მექანიზმებია შექმნილი იმისთვის, რომ არჩევნების პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა გაიზარდოს?
– ნდობას პროცესი განაპირობებს. ამომრჩეველი, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე იყო და უშუალოდ ამ პროცესის მონაწილე გახლდათ, ვფიქრობ, კარგად ხედავს იმ ბევრ სიკეთეს და გაუმჯობესებას, რაც ამ სფეროშია დანერგილი. ეს არის ტექნოლოგიები, საარჩევნო ადმინისტრაციების მზაობა და რაც მთავარია, როგორც ტექნოლოგიური, ასევე, ქაღალდის კვალის არსებობა. მოქალაქეს, რომელსაც არ სჯერა ტექნოლოგიის, თავისუფლად შეუძლია, გადაამოწმოს ჩვენი სისწორე ქაღალდის საშუალებით. უბნებს, რომლებსაც არ აქვს ელექტრონული საშუალებები, ჩვეულებრივად ითვლიან შედეგებს, ასე რომ, აქ თანხვედრა გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დამთვლელი აპარატების შემოღებამ, ვფიქრობ, უფრო გაზარდა საზოგადოების ნდობა არჩევნებისადმი და ბევრ კითხვას, რომელიც ადრე საზოგადოებაში არსებობდა, მკაფიოდ გასცა პასუხი. ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია. უშუალოდ ჩვენს ორგანიზაციას ეს არ ეხება, მაგრამ სხვადასხვა გამოკითხვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი, საარჩევნო პროცესისადმი მოსახლეობის ნდობა საკმაოდ მაღალია.
– რამდენად თავისუფალია საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური ზეწოლისგან?
– რა თქმა უნდა, სრულად თავისუფალია. ვინც არჩევნებშია ჩართული, ძალიან მარტივად მიხვდება, რომ პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა დღევანდელი კანონმდებლობით საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების, დამკვირვებლების, მედიის, კონკრეტული სუბიექტების წარმომადგენლების უბნებზე, ოლქებში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში არსებობის პირობებში შეუძლებელია. ამას გამორიცხავს ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის არსი, ასევე, ის ტექნოლოგიური და საარჩევნო პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, გამყარებულია კანონმდებლობით. როგორ შეიძლება მოხდეს პოლიტიკური ზეგავლენა? მოქალაქე მოვიდა უბანზე, შესაბამისი ტექნოლოგიით გაიარა ვერიფიკაცია, თუმცა ქაღალდის კვალი ამ შემთხვევაშიც რჩება. ხმის მთვლელმა აპარატმა დაითვალა შედეგები, თუმცა იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ კომისიის მიერ დათვლილ შედეგს, ანუ სახეზე გვაქვს, როგორც ელექტრონული მოწყობილობების მიერ დატოვებული კვალი, ასევე ქაღალდის კვალი, სხვა რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკურ პროცესს – არ ვიცი.
– როგორ არის უზრუნველყოფილი შშმ პირებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობა?
– იქ, სადაც შშმ პირს აქვს სურვილი, რომ უბანში მოვიდეს და ხმა მისცეს, შესაძლებლობების შეზღუდვის შესაბამისად, ნებისმიერი უზრუნველყოფილია როგორც ადგილზე მოსვლით, ასევე შესაბამისი პანდუსებით, ბრაილის შრიფტით, შუშის გამადიდებლით და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთით ვერ სარგებლობს, მას უფლება აქვს, თანმხლებთან ერთად შევიდეს საარჩევნო უბანზე და ხმა მისი დახმარებით მისცეს. საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ვცდილობთ ამ კუთხით სერვისების გაუმჯობესებას და ვფიქრობ, რომ მწვავე გამოწვევების წინაშე ამ კუთხით არ ვდგავართ.
– რამდენად დაცულია საარჩევნო მონაცემები კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით?
– ძალიან კარგი შეკითხვაა. კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე მეტად დაცულია მონაცემები, იმიტომ, რომ ის ტექნოლოგიური მოწყობილობები, რომლებითაც არჩევნები ტარდება, არის სტაციონარი და ინტერნეტით არ უკავშირდება არცერთ მოწყობილობას. მასში ჩატვირთულია მხოლოდ უბნის საარჩევნო სია და ამ სიის მიღებაც ინტერნეტის საშუალებით არ ხორციელდება. შესაბამისად, შეუძლებელია კიბერუსაფრთხოების კუთხით რაიმე პრობლემის არსებობა.
– როგორ განიხილება საჩივრები და რამდენად გამჭვირვალეა ეს პროცესი?
– საჩივრების დიდი ნაწილი განიხილება უშუალოდ უბნების მიერ. არის საჩივრების ნაწილი, რომლებიც განიხილება ოლქების მიერ, ხოლო მცირე რაოდენობა – უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა განხილვა არის, რა თქმა უნდა, ღია, საჯარო და მას ესწრება როგორც კომისიის წევრი, ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ცხადია, პირველ რიგში, საჩივრის ინიციატორი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე პრაქტიკულად დანერგა მისი სხდომების საჯაროდ ტრანსლირება, ასე რომ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება როგორც ელექტრონულად, ასევე, უშუალოდ დაესწროს საჩივრის განხილვის პროცესს.
– რა ხდება იმ შემთხვევაში თუ დარღვევები გავლენას ახდენს შედეგებზე?
– კანონმდებლობით დადგენილია, რომ თუ დარღვევა ისეთია, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგზე, კონკრეტულ უბანზე, ოლქში, ან ქვეყნის მასშტაბით, ამ შემთხვევაში ამ უბნის შედეგები უქმდება და ტარდება ხელახალი არჩევნები. შესაძლებელია, უბნის გარდა, შესაბამის საარჩევნო ოლქში ჩატარდეს, ან მთელ ქვეყანაში. ეს დამოკიდებულია კონკრეტული ტიპის დარღვევაზე, ადგილმდებარეობასა და იმაზე, რა სახის ზეგავლენას ახდენს არჩევნებზე. ასეთი საჩივარი, რომელიც მთლიანად გავლენას შეიძლება ახდენდეს არჩევნებზე – არ გვქონია.
– როგორ ხედავთ საარჩევნო პროცესის განვითარებას მომავალში?
– განვითარება, ზოგადად, ბევრი რამის შეიძლება. ალბათ, უფრო მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ საკუთარი წევრების და საარჩევნო ადმინისტრაციების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და გავაგრძელოთ ტექნოლოგიური მოწყობილობებით ელექტრონული არჩევნების ჩატარება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადაც არაელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარდა არჩევნები, იმ უბნებში რაიმე პრობლემა გვაქვს, არა, უბრალოდ, როგორც ჩანს, საზოგადოებას მეტი ნდობა აქვს ამ პროცესისადმი და ამ კუთხით განვითარება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია.
მარიამ ხითარიშვილი