„საბოტაჟის საქმე“ – ბრალდებები, ხმაურიანი განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე განიხილება მტკიცებულებების დასაშვებობა და გადაწყდება, გადაეცემა თუ არა საქმე არსებით განხილვას. სხდომას არ ესწრებიან ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და მამუკა ხაზარაძე, ხოლო პროცესს აკვირდებიან აშშ-ისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები.
გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საბოტაჟსა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ქმედებებს ედავება. ბრალდებების ნაწილი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეში ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს 30 000-ლარიანი, ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონ ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.
სასამართლო სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „განმემარტა, რომ არანაირი უფლებები არ მაქვს“, ხოლო მოსამართლის გაფრთხილებაზე უპასუხა: „თქვენ უწესოები ხართ“. მოგვიანებით მან აღნიშნა: „ზვიგენის შეურაცხყოფაზე თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“.
საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, „ეს საქმე იმაზეა, რომ გავაჩეროთ ბრძოლა სამართლიანობისთვის და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“. ვაშაძე ამტკიცებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და „ცარიელი ფურცლის მეტი არაფერი დევს“.
ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის განცხადებით, პროცესი რეალურად სანქციებს უკავშირდება: „სინამდვილეში, გვასამართლებენ იმის გამო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა“. მისი თქმით, მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ საჯარო განცხადებები და ძველი ჩანაწერები, რომლებიც საქმესთან კავშირში არ არის.
ოპოზიციის შეფასებით, საქმე პოლიტიკური ზეწოლა და კრიტიკული ხმების დათრგუნვის მცდელობაა. სასამართლო პროცესი ამ ეტაპზე კვლავ გრძელდება.