საგადასახადო შეღავათები 2028 წლამდე გაგრძელდება
By

საგადასახადო შეღავათები 2028 წლამდე გაგრძელდება

მთავრობა პარლამენტს დაჩქარებული წესით სთხოვს „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების მიღებას, რომლის მიხედვითაც, მოქმედი საგადასახადო შეღავათების დიდი ნაწილი 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება. ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და როგორც მცირე მეწარმეებს, ისე აგროსექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებსა და იმ პირებს შეეხება, ვინც უძრავ ქონებას ან მოკლე ვადიანი გაქირავების სერვისს სთავაზობს.

პროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირები და საწარმოები კვლავ ისარგებლებენ შეღავათით: საქართველოში წარმოებული პროდუქციის პირველადი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი საშემოსავლო ან მოგების გადასახადით არ დაიბეგრება, თუ წლიური ბრუნვა 200 000 ლარს არ აჭარბებს. ამავე სფეროში დასაქმებულთა ხელფასებზე მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, ასევე, 2028 წლამდე გაგრძელდება.

გაგრძელდება შეღავათები ინვესტორებისთვისაც: იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებულ და ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე დაშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებენ, პროცენტიდან მიღებულ შემოსავალზე გადასახადს კვლავ არ გადაიხდიან.

ასევე 2028 წლამდე განაგრძობს მნოქმედებას  თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებები შეეხება ფიზიკურ პირებსაც, რომლებიც თავიანთ საცხოვრებელ ფართს მოკლე ვადით აქირავებენ. ასეთ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხადონ (თუ ისინი ნებაყოფლობით არ არიან რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და მათი ბრუნვა 12 თვის განმავლობაში 100 000 ლარს არ აჭარბებს).

კანონპროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლებას ჩათვლის უფლებით, ანუ კომპანიებს შეუძლიათ, სამეურნეო საქმიანობაში ჩადებული დღგ დაიბრუნონ.

გარდა ამისა, 2028 წლამდე გაგრძელდება შეღავათი უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: 2026 წლის 1 იანვრამდე, თუ შესრულებულია სსკ-ის 79-ე ნაწილის ყველა მოთხოვნა, უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დღგ-ისგან გათავისუფლდება.

განაგრძობს მოქმედებას იმპორტის დღგ-ის არსებული გამოთვლის წესიც: საქონლის შემოტანისას დღგ-ის დასაბეგრი თანხა კვლავ განისაზღვრება საქონლის საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახდელის (გარდა დღგ-ისა) დაჯამებით.

როგორც საქართველოს პარლამენტში აღნიშნავენ, ცვლილებების მიზანია, სხვადასხვა სექტორისთვის არსებული საგადასახადო შეღავათების შენარჩუნება და ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის ფინანსური გარემოს გამარტივება.

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *