
საგაზაფხულო სესია დაიხურა
აჭარის საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა გაიმართა, რომლითაც 2025 წლის საგაზაფხულო სესია დასრულდა.
2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშით სხდომაზე წარსდგნენ უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები ფრიდონ ფუტკარაძე და მამუკა თურმანიძე.
– დღევანდელ სხდომაზე აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარვადგინე. კოლეგებს მოვახსენე კომიტეტის საქმიანობის მიმართულებებზე, ფუნქციებზე, ამოცანებზე. კომიტეტის სხდომის შემდეგ შეფასდა გასული წლის საქმიანობა და გაკეთდა საოქმო ჩანაწერები. კომიტეტის მთავარი პრიორიტეტი საზედამხედველო საქმიანობაა, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა დაწესებულების მონიტორინგი, რაც კომიტეტის საქმიანობის სფეროში შემოდის, – განაცხადა აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძემ. „ვიმედოვნებ, მომავალშიც აღნიშნული კომიტეტი გააგრძელებს თავის კანონშემოქმედებით საქმიანობას და გვექნება ის შედეგები, რაც ჩვენს მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს“, – აღნიშნა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა თურმანიძემ.
საგაზაფხულო სესია და აღნიშნულ დროში გაწეული საქმიანობა შეაფასა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ.
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია იხურება ივნისის მესამე ხუთშაბათს, შესაბამისად, დღეს მორიგი სხდომით დაიხურა. მოვისმინეთ უმაღლესი საბჭოს ორი კომიტეტის ანგარიში, რომელიც მოიცავდა 2024 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ მოხსენებებს. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ აქტიური საგაზაფხულო სესია გვქონდა, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოვისმინეთ ხუთი მინისტრის მოხსენება, ასევე, გუშინ გვქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში. გარდა ამისა, ჩატარდა რამდენიმე რიგგარეშე სხდომაც. უკვე დღეიდან, სექტემბრის პირველ სამშაბათამდე, უმაღლესი საბჭო იმუშავებს მხოლოდ რიგგარეშე სესიების ფორმატში, – აღნიშნა დავით გაბაიძემ.
ნანა აბულაძე