საგარეო უწყება – ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალში, საქართველო, ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას
By

საგარეო უწყება – ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალში, საქართველო, ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას

„დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალში, რომელიც 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში იგეგმება და რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური იწვევს ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, საქართველო ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას“, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა, „არასერიოზულ დამოკიდებულებაზე“ მიუთითებს.

„დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალში, რომელიც 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში იგეგმება და რომელში მონაწილეობის მისაღებადაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური იწვევს ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, საქართველო ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას.

საკითხის მნიშვნელობიდან და დაკავშირებადობის საკითხებში საქართველოს როლიდან გამომდინარე, მინისტრების შეხვედრაში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს რამდენიმე კვირის წინ ეცნობა ქართული მხარის პოზიცია საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს როლის გათვალისწინებით, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ისე დაკავშირებადობის საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესში უნდა იყოს საქართველოს შესაბამის დონეზე მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საკითხზე გამართულ დისკუსიებში.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა, ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, არის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ მარტივი გეოგრაფიული რეალობის უარყოფის დემონსტრირება და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მოწვევის საკითხი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად.

ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი კარგად აცნობიერებს გეოპოლიტიკურ საჭიროებებს, აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას, საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის საკითხში და არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მსგავს დამოკიდებულებას საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *