„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო
By

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რაც მათივე ინფორმაციით, ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 87%-ია.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 6-ჯერ აღემატება სხვა ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას ერთად აღებულს (1,019,578 ლარი).

„კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში – მათთან დაკავშირებული კომპანიები იღებენ მრავალმილიონიან ტენდერებს და საბიუჯეტო სუბსიდიებს.

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2024 წლიდან 143.6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი მათ 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.

მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა 23-მა კომპანიამ 1.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2016 წლიდან კი ამავე კომპანიებს 15 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.

ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო მიღებული გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების ჯამური ღირებულება 185,447 ლარია.

2024 წლიდან, დონორებთან დაკავშირებულმა 13-მა კომპანიამ 27 მილიონ ლარზე მეტი სოფლის მეურნეობის სუბსიდია მიიღო. სულ კი ამ კომპანიებს 71 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სუბსიდია აქვთ მიღებული. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ვახტანგ კარიჭაშვილის ბიზნეს-ქსელი, რომლის კომპანიებმაც 25 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, რაც 2024 წელს გაცემული აგრო სუბსიდიების 13%-ს შეადგენს. ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას აგროსუბსიდია არ მიუღია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ, სამ თვეში რეგიონიდან პარტიას 2.5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. დროის ასეთ მონაკვეთში რეგიონიდან ასეთი დიდი ოდენობის შემოწირულება უპრეცედენტოა და აჩენს ეჭვს, რომ შემოწირულებები მესამე პირების მეშვეობითაა განხორციელებული, რაც კანონდარღვევაა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ 6 თვეში „ქართულ ოცნებას“ 168-მა პირმა 6. 573. 370 ლარი შესწირა. სულ „ქართული ოცნების“ ზემოაღნიშნულ დონორებს პარტიისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივლისი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *