
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების კვლევა ციფრულ ეპოქაში – მეთოდები, ინსტრუმენტები, სტრატეგიები“
2025 წლის 11-16 აგვისტოს გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის, ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების კვლევა ციფრულ ეპოქაში – მეთოდები, ინსტრუმენტები, სტრატეგიები“. სეზონური სკოლა მიზნად ისახავს სტუდენტთათვის აკადემიური ცოდნის გადაცემას ჰუმანიტარული მეცნიერების ახალ დარგში, პოლიტიკურ ლინგვისტიკაში. სეზონური სკოლის პროგრამით გათვალისწინებული ლექციები საშუალებას მისცემს საგანმანათლებლო სფეროს სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები) სტუდენტებს გაეცნონ პოლიტიკური ზეპირმეტყველების კვლევის თანამედროვე მეთოდებს, ინსტრუმენტებსა და სტრატეგიებს ციფრულ ეპოქაში. სკოლის პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს სტუდენტებში პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას და გამოუმუშავებს პოლიტიკური ტექსტების პროფესიული ანალიზის უნარ-ჩვევებს. სეზონური სკოლის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. პრაქტიკულ ნაწილში სეზონური სკოლის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, თავად გააანალიზონ პოლიტიკური ტექსტები და კვლევის შედეგები წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით, რაც დაეხმარება მათ საკუთარი უნარ-ჩვევების შეცნობასა და გაუმჯობესებაში. სეზონური სკოლის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან კომუნიკაციის ფორმებსა და მისი წარმართვის ენობრივ საშუალებებს; ქართული პოლიტიკური გამოსვლების არქიტექტონიკას, მანიპულაციის ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ საშუალებებს; პოლიტიკური მეტყველების კულტურას, პოლიტკორექტულობის არსს, პოლიტიკური მეტყველების არგუმენტაციულ სტრუქტურებს, კომუნიკაციის თავისებურებებს, შესაძლებლობებსა და გამოყენების მეთოდებს მედიაკომუნიკაციაში; გაერკვევიან პოლიტიკური დებატების არქიტექტონიკაში, კამათის არსსა და მიზნის მიღწევის სტრატეგიებში; ასევე, გაეცნობიან საკითხის იურიდიულ ასპექტს, კერძოდ, პოლიტიკური გამოსვლების შედეგებს ადამიანის უფლებების კონტექსტში. გარდა მიღებული ცოდნისა, სეზონური სკოლის მონაწილეები გათვითცნობიერდებიან ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკური ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღების, პოლიტკორექტულობის, პოლიტიკური ეთიკის წესების დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაში; დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული დემოკრატიის, როგორც საზოგადოებრივი წინსვლის აუცილებელი წინაპირობის, მისაღწევად პოლიტიკური კულტურის და დემოკრატიის ინდექსების გაზრდის საჭიროებაში. სეზონური სკოლის თეორიულ ნაწილში დაგეგმილია ლექციები, რომლებსაც ჩაატარებენ ევროპასა და საქართველოში მოღვაწე სპეციალისტები და ექსპერტები. პრაქტიკულ ბლოკში მონაწილეებს შეეძლებათ მასალების ჯგუფური მოპოვება და დამუშავება პრაქტიკული მეცადინეობის ჩასატარებლად (ვიდეომასალების სელექცია/კლასიფიკაცია), ასევე მასალის დამუშავება ELAN-ში. ვიდეო, აუდიო და ტექსტური რესურსების დამუშავება, ELAN-ში გადატანა (EAF ფაილების შექმნა), მეტამონაცემების ბანკის შექმნა. პრაქტიკულ ბლოკში, ასევე, დაგეგმილია მოპოვებული ტექსტების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი. სეზონურ სკოლაში მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მონაწილეები წარმოადგენენ სტუდენტური საკვალიფიკაციო პრეზენტაციების სახით.