„საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად არ არსებობს“
,,საქართველომ უსწრაფესად უნდა განსაზღვროს განვითარების გეზი და მიმართულება“
გასული წელი საქართველოსთვის პოლიტიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა: ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები ხელისუფლების წინააღმდეგ, დღის წესრიგში იდგა ახალი არჩევნების მოთხოვნა, გამწვავდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება… ოპოზიციის დაყოფა, საკადრო ცვლილებები მთავრობაში, კორუფციის ბრალდებით დაჭერილი ჩინოვნიკები და პარტიების შესაძლო გაუქმების საკითხი კიდევ უფრო ამძაფრებს პოლიტიკურ ვითარებას, ამავე დროს, მრავალ კითხვას აჩენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესება, რეგიონში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომი, ვენესუელასა და ირანში განვითარებული მოვლენები. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება სტრატეგიული კვლევების ხელმძღვანელი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე.
– როგორ აფასებთ გასული წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში რა ასპექტებს გამოყოფდით?
– დამეთანხმებით, გასული წელი აღსავსე იყო რეზონანსული მოვლენებით. ეს მოვლენები პროცესის შემადგენელი ნაწილი გახლდათ და მიზნად ისახავდა გლობალური მასშტაბით დასავლური ცივილიზაციის მეწინავეობის იდეის გადარჩენას, ხოლო ლოკალურად იმის გარკვევას, აქვს თუ არა ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტის გამყარების და კრიზისებისადმი მდგრადი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების უნარი. ამ მიმართებით პროცესები შარშან მხოლოდ დაიწყო და ჩვენ თვალწინ ვითარდება, თანაც უაღრესად წინააღმდეგობრივად. ერთი შედეგი სახეზეა – საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და თავისუფლებას ვერ უზრუნველყოფს გაცხადებული კურსი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გარკვევა დიდხანს გაიწელა და, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა. საპროტესტო ტალღამ შედეგი ვერ მოიტანა, რევოლუციური სცენარი მარცხიანი აღმოჩნდა და განგრძობადი პროტესტის მიუხედავად, ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების მოძიება შეუძლებელი გახდა. აი, მოკლე რეზიუმე, თუმცა გასული წელი იმდენად მნიშვნელოვანი და მრავლშრიანი იყო, რომ „რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად“.
– ზემოაღნიშნულმა მოვლენებმა რა პლუსები და მინუსები შესძინა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას?
– პლუსების რა მოგახსენოთ, მინუსები კი – გაგიხარია, ბევრია. ფაქტობრივად, უარი ითქვა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე როგორც ჩვენი ხელისუფლების, ისე დასავლეთის მიერ. ევროლიდერების და ევროსტრუქტურების ცალსახა პოზიცია – თუ ჩვენთვის სასურველი პოლიტიკური ძალა არ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, თქვენ ევროკავშირის წევრობას ვერ ეღირსებით, იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიისა და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომ პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გაცხადებული კურსი ისევ ევროკავშირთან დაახლოებას გულისხმობს გაწევრიანების მიზნით. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ სუსტია. უამრავ ნაწილებად არის დაშლილი, საზოგადოების მხარდაჭერა მთლიანადაც და ცალკეული სუბიექტების დონეზეც არ არის მასშტაბური და წონადი. ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დააანონსა, რაც, სავარაუდოდ, გარკვეული დროის შემდეგ, თუ რამე არსებითად არ შეიცვალა, ასეც მოხდება. რა თქმა უნდა, პარტიების აკრძალვა, ჩემი აზრით, არ არის ეფექტური და სწორი გზა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე, მაგრამ არც პოლიტიკაში ჩაბეტონებული და ზღუდემორღვეული პარტიების გაუთავებელი მიეთ-მოეთი სძენს რამე ღირებულს ამ ქვეყნის მომავალს.
– ოპოზიციის ლიდერების დაკავებამ საგამოძიებო კომისიაში არმონაწილეობის გამო როგორ იმოქმედა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოების ნდობაზე?
– უარყოფითად, რა თქმა უნდა, თუმცა კანონის, წესისა და რიგის იგნორირება ხელისუფლებისთვის თვითლიკვიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
– მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმების მოთხოვნა როგორ აისახება ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯზე?
– უარყოფითად, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო იმიჯი უკვე აღარ არის ცალსახა განსაზღვრება და მოცემულობა. იგი უკვე გულისხმობს არამხოლოდ ევროკავშირს და დასავლეთს, რომლის აზრი წინა პერიოდში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, ნიშნავდა არსებითს, მთავარს და დომინანტურს. ახლა ჩვენ უფრო აღმოსავლეთისკენ გავიწიეთ. ჩინეთის დიდი კედლისკენ მივემართებით, საიდანაც კრემლის კურანტების ხმა ისმის. პარალელურად, ტრამპი ცენტრალური აზიისკენ მიიწევს, ერდოღანს და თურქეთს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს, ზანგეზურის კორიდორით („ტრამპის გზა“) ცენტრალურ აზიაში შეღწევას და დამკვიდრებას ცდილობს, რაც, სავარაუდოდ, მომავალში ჩინეთთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით „დემოკრატიული იმიჯი“ სხვა შინაარსს იძენს, ევროკავშირისთვის ის კატეგორიულად მიუღებელია და ასეთ დემოკრატიას, რომელიც მათ ხელს არ აძლევს, არც აღიარებენ. ტრამპის ეპოქის ამერიკისთვის მთავარია სარგებლიანობა და მიღებული შედეგი. ეს მომენტი თუ დააფიქსირეს, ამერიკელებისთვის ლუკაშენკო, ფაშინიანი, ალიევი, ტოყაევი, ორბანი და ტუსკი ერთი და იგივეა, ყველას აღიარებენ და ყველასგან სარგებლის მიღებას შეეცდებიან. კიდევ სხვა იქნება ჩვენი იმიჯი ჩინეთისთვის, რომელთან სტრატეგიული პარტნიორობა თუ დაგვცალდა, საერთოდ საინტერესო აღარაა, ჩვენთან აიკრძალება თუ არა რამდენიმე პარტია. რაც შეეხება რუსეთს, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ მისი საერთაშორისო იზოლირებისგან და სანქციებისგან ჩვენი ეკონომიკა გვარიან ბენეფიტს იღებს, რუსეთი გაფაციცებით აკვირდება რეგიონში ვითარებას, შეშფოთებულია „ზანგეზურის კორიდორის“ იდეით და ძირითადად, ჯერჯერობით, დუმს.
– რამდენად აზიანებს ოპოზიციას შიდა დაყოფა ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის თვალსაზრისით?
– აზიანებს, მაგრამ ჩვენი ჭრელი ოპოზიციის ერთობა და ერთიანობა წარმოუდგენლად მეჩვენება, იმდენად განსხვავებულები არიან ხედვებით, მენტალობით, წარსული საქმიანობის შინაარსით და მიზნებით. ასეთი ერთიანობისგან ერთაზრიანობაც კი არ გამოვა. უფრო ალბათ ამ უამრავ და ჭრელ სივრცეს რომელიმე ლიდერის ავტორიტეტი თუ გააერთიანებდა, ასეთ ლიდერს კი მათ შორის ვერ ვხედავ.
– საგარეო საკითხსაც შევეხოთ: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესება რა არის, თქვენი შეფასებით?
– გარდაუვალი და ლოგიკური მოცემულობა. ევროკავშირი არ არის ის, რაც თუნდაც 5 წლის წინ იყო, მისი კრიზისი ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ დაიწყო, როცა ჩავარდა პროექტი ევროკავშირის ერთიანი კონსტიტუციისა და ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ. ამის მერე იყო დიდი დარტყმა – ბრექსიტი, დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან და ევრობიუროკრატიის მომძლავრება, ლამის ვოლუნტარიზმამდე მისვლა. როცა წამყვანი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი ფონდერლაიენი და სხვები პატარა ქვეყნებს იგნორირებას უკეთებენ, მათ ინტერესებს არად დაგიდევენ, მათდამი ფინანსური დახმარების სანაცვლოდ სრულ მორჩილებას ითხოვენ, აქ მთავრდება მსოფლიოს ბევრი ხალხის ოცნება ამ კეთილდღეობისა და სამართლიანობის სივრცესთან მიერთების შესახებ. აღარაფერს ვიტყვი რუმინეთში ევრობიუროკრატებისთვის არასასურველი პერსონის არჩევის გამო, ამ არჩევნების გაუქმებაზე ან გერმანიაში უამრავ მცდელობაზე, აიკრძალოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ეს პარტია არც მე მომწონს, გულახდილად რომ გითხრათ, მაგრამ რახან მას მხარს ბევრი გერმანელი უჭერს, თუ ისინი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ, უნდა მიეცეთ არსებობის და ფუნქციონირების საშუალება. სხვა შემთხვევაში, ის პრობლემები, რაზედაც ისინი აპელირებენ, საზოგადოების წიაღში წავა და ევროკავშირსაც ააფეთქებს და გერმანიასაც. სხვათა შორის, რაღაც ამდაგვარი ჩვენ გავლილი გვქვს, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობდა საზოგადოებაზე და შეძლებისდაგვარად აყალბებდა არჩევნებს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალი გახადა. უშეცდომო არც „ოცნება“ აღმოჩნდა, რასაც, ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ ისინი თავად გაითვალისწინებენ.
– იცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი და, ამ მხრივ, ვენესუელისა და ირანის მოვლენები რისი მანიშნებელია?
– მოდით, შევთანხმდეთ, რომ მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს, ანუ „ახალი მსოფლიო წესრიგი“ რუსეთის უკრაინაში შეჭრით დამთავრდა. ეს მოცემულობა კიდევ უფრო გაამყარა აშშ-ის ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლამ. აგერ სულ ახლახან ტრამპმა ბრძანა, არანაირი საერთაშორისო სამართალი არ მჭირდება, ჩემთვის ყველაფრის მთავარი საზომი ჩემი სინდისიაო. ცოტა ადრე სახელწიფო მდივანმა რუბიომ ბრძანა – არ მაინტერესებს, რას ამბობს გაეროო. აბაა?! არადა, იმავე ამერიკელების მოთხოვნით, უკვე 15 იანვარს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიეს, სადაც ირანის ამბებია დღის წესრიგში. შიგადაშიგ, ჩანს, ამერიკელებს გაეროც დასჭირდებათ, უუფლებო და არაეფექტური.
დაახლოებით იმავეს მეტყველებს ვენესუელის ეგრეთ წოდებული „ქეისი“ – ყველა და ყველაფერი ტრამპის ანუ ამერიკის ნებას ექვემდებარება. ის ძველი, ლამაზად შეფუთული დემოკრატიის პრინციპების და ადამიანის უფლებების ზედმიწევნით დაცვა, სხვა ამგვარის მოთხოვნა ფორმალურადაც აღარ ხდება საჭირო.
– გლობალური ცვლილებების პროცესში როგორია საქართველოს პერსპექტივა და ხელისუფლება როგორ პასუხობს ამ მსოფლიო გამოწვევებს?
– საქართველომ უსწრაფესად უნდა განსაზღვროს განვითარების გეზი და მიმართულება. აუცილებელია ბისმარკისეული მერყეობის დიპლომატიისა და პოლიტიკის აღება მიზნის მისაღწევ იარაღად, ურთიერთობების გარკვევა დიდ მოთამაშეებთან. ტრამპისტულ, პუტინისტურ, სიძინპინისეულ მსოფლიოში პატარა ერების ადგილი გადაწყვეტილებების მისაღებ მაგიდასთან არ ჩანს, არადა, უნდა ვიფიქროთ სწრაფად და ვიმოქმედოთ.
– დაბოლოს, რამდენად რეალურია, რუსეთ-უკრაინის ომმა, გარკვეულწილად, განსაზღვროს მსოფლიოს ახალი წესრიგი?
– რუსეთ-უკრაინის ომი, კერძოდ მისი შედეგები, ბევრ რამეს თავის ადგილზე დააყენებს. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილიც მის დასრულებას ელოდება სამომავლო გეზის დასაკონკრეტებლად.
ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებამდე, ვფიქრობ, ბევრი წყალი ჩაივლის. ჯერ ამ რეალობას უნდა ავუღოთ ალღო. საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, არ არსებობს, ან მოქმედებს დროდადრო და შიგადაშიგ. არც ის გარკვეულა, რას ნიშნავს პუტინის მრავალპოლუსიანი მსოფლიო ან ამერიკის შეერთებული შტატების დომინირების ტაქტიკა ყველგან და ყველაფერში. ერთი რამ არის ცხადი – საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, საბჭოთა კავშირის დაშლა-დაცემით კი არ დამთავრდა, არამედ, როგორც აღმოჩნდა, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30-35 წლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დასავლური ლიბერალური დემოკრატია ჩიხში შევიდა და აშშ-ში მეორე ვადით ტრამპი პრეზიდენტი გახდა. ერთი რამ მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, თქვენ და თქვენს მკითხველს: არ მოვიწყენთ!
ლაშა ხომერიკი