
„საერთაშორისო სამართლის არსებობა არ არის დამოკიდებული ერთი სახელმწიფოს მოქმედებაზე“. . .
ექსპერტთა თქმით, უმთავრესი განსხვავება დასავლეთსა და რუსეთს შორის ისაა, რომ დასავლეთში დემოკრატიულ სტანდარტებს იცავენ, ხოლო რუსეთში რაც არის, ვიცით: ერების ასიმილაცია, ეთნოწმენდა, ოკუპაცია, აგრესია, რასაც ოფიციალური მოსკოვი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ახორციელებს და უკრაინა ამის თვალსაჩინო მაგალითია. უდავოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ევრაზიის კონტინენტზე. ამ ომის დასრულების შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ამ მიმართებით მსოფლიოს მართლწესრიგის ფორმირების კონტურებიც გამოიკვეთება. რა იყო რუსეთის მაქსიმუმი და მინიმუმი? რამდენად ეფექტიანია დაწესებული სანქციები? როგორ მოქმედებს რუსეთ-უკრაინის ომი ახალ მსოფლიო წესრიგზე? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ბსუ-ის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლევან ჯაყელი.
– აშკარაა, რომ რუსეთი უკრაინისგან კაპიტულაციას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომის დასრულებას არ აპირებს. ეს რისი მანიშნებელია?
– რა თქმა უნდა, რუსეთს ეს თავიდანვე ჰქონდა განსაზღვრული, მაგრამ უკრაინელთა წინააღმდეგობამ და მსოფლიოს ქვეყნების, განსაკუთრებით, წამყვანი სახელმწიფოების რეაქციამ, მას უკან დაახევინა, გადააწყობინა გეგმები, რომელიც დღეს სხვაგვარად ჩანს. ეს გეგმები ხმიანდება არა მხოლოდ ტერიტორიული და პოლიტიკური გავლენის მოთხოვნით, არამედ რუსეთის მხრიდან უკრაინის კაპიტულაციის მოთხოვნით. რაც შეეხება პოლიტიკურ მოთხოვნებს: კრემლი ითხოვს ისეთ გარანტიებს, როგორიცაა საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ნატოში არმიღება, ნატოს არგაფართოება აღმოსავლეთით. ეს არის ძირითადი გახმოვანებული მიზნები. რუსეთს არ აქვს დაგეგმილი, უახლოეს მომავალში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულება. აშკარაა, რომ რაღაცის მოლოდინშია, ისწრაფვის გადატეხოს უკრაინის წინააღმდეგობა და მოლაპარაკებების და მოთხოვნების მხრივ იყოს უპირატეს მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ყველა შეიარაღებული კონფლიქტის ძირითადი მიზანი მოწინააღმდეგის კაპიტულაციაა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, სავსებით რეალურია, რუსეთი დასჯერდეს იმ მოთხოვნების შესრულებას, რაც ზემოთ აღვნიშნე.
– რა არის რუსეთის მაქსიმუმი და მინიმუმი უკრაინასთან მიმართებით?
– ფაქტი ერთია, რუსეთი გამოვიდა იმ პასიური მდგომარეობიდან, რომელშიც იმყოფებოდა 90-იან წლებში, როდესაც ჩართული იყო შიდაპოლიტიკურ და შეიარაღებულ კონფლიქტებში. რუსეთმა ახლა უკვე მოიცალა საერთაშორისო პოლიტიკისთვის. ბევრი ამბობს, რომ კრემლი ამ ომს აწარმოებს, რათა გადაფაროს შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები. ეს ომი ემსახურება იმას, რომ რუსეთი გახდეს მხარე, რომელიც ყველა მსოფლიო პროცესში იქნება ჩართული და უიმისოდ დღის წესრიგში მდგომი არცერთი საკითხი არ გადაწყდეს. როგორც ჩანს, ამ შეირაღებული კონფლიქტის დაწყებით რუსეთმა უკვე მოახერხა (მიუხედავად იმისა, რომ ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული) ყურადღების მიპყრობა, თავისი ინტერესების წინ წამოწევა, რათა მოელაპარაკონ და დაასრულონ ეს ომი მისი პირობებით. რახან მიზანს (საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართვა) მიაღწია, ამიტომ რუსეთის მაქსიმუმი არის პოლიტიკური ამბიციები ანუ მისი უსაფრთხოების გარანტიები იმ კუთხით, რომ ნატო არ გაფართოვდეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ნატოს და სხვა ევროპულ ქვეყნებთან დალაგებული ურთიერთობით, მისთვის გამალებული შეიარაღება და პერმანენტული დაძაბულობა უფრო მისაღებია, უფრო კომფორტულია, ვინაიდან სურს, მუდმივად ჰყავდეს ტონუსში ევროპული ქვეყნები, აშშ, რომ მასთან ყოველწუთიერ, უწყვეტ კონტაქტზე იყვნენ და კომპრომისის გზით იღებდეს იმას, რასაც ითხოვს. ამიტომ მაქსიმუმი არის საბჭოთა კავშირის ფარგლების და გავლენების აღდგენა. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს უკრაინაში. რა იყო სტრატეგიული მიზანი? უკრაინის ხელისუფლების ცვლილება, უკრაინის არმიის განადგურება. რუსეთმა უკრაინელი ერის გატეხვა ვერ შეძლო, ასევე, ვერ შეძლო კიევის, ოდესის, ხარკოვის და ზაპოროჟიეს აღება, რაც, როგორც აღვნიშნე, უკრაინელთა თავგანწირვის და დასავლეთის მხარდაჭერის შედეგია.
– რუსეთი დაუნდობელ დარტყმებს აყენებს უკრაინის დასახლებულ პუნქტებს. ამ მხრივ, პუტინის მიმართ ჰააგის სასამართლოს ვერდიქტიც გვახსოვს, მაგრამ საერთაშორისო სამართალი არ მოქმედებს, რატომ?
– საქმე ისაა, რომ რუსეთი ჩარჩენილია საბჭოურ აზროვნებაში, საბჭოურ იდეოლოგიაში და ამ მდგომარეობიდან ვერ გამოდის. რუსეთის ბრძოლის სტილი, მეთოდები არის საბჭოური და არ ითვალისწინებს ცივილიზებული მსოფლიოს მიღწევებს, როგორებიცაა ჰუმანიზაცია, შეიარაღებულ კონფლიქტებზე მაქსიმალურად უარის თქმა. რუსეთი განაგრძობს საგარეო პოლიტიკის ხელყოფას, თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეიარაღებული ძალებით, ის არ ენდობა შეთანხმებებს, მოლაპარაკებებს, ვინაიდან თვითონ არ ცდილობს, დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებები, უგულებელყოფს საერთაშორისო მართლწესრიგს. რუსეთს ჰგონია, რომ ევროპული ქვეყნები, ევროკავშირი, აშშ, ნატო ასევე დააიგნორირებენ საერთაშორისო და მიღწეულ შეთანხმებებს. აი, ეს ფაქტორია, რაც გავლენას ახდენს რუსეთის მოქმედებაზე და იმ მეთოდებზე, რომლებსაც ის იყენებს შეიარაღებული კონფლიქტის დროს, უმტკიცებს მსოფლიოს, რომ ამ თემებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება მომაკვდინებელია და ის ნებისმიერი გზით მოახდენს ამაზე რეაგირებას. ასეც მოქმედებს, არ ერიდება მშვიდობიან მოსახლეობას. მოკლედ, რუსეთის მიზანია, გაუწიონ ანგარიში ყველა სახის მოლაპარაკებებში, რაც საერთაშორისო სამართლთან შეუსაბამობაში არ არის. რუსი მეცნიერები ცდილობენ, რომ მოთხოვნები მიუსადაგონ საერთაშორისო სამართლებრივ მოთხოვნებს და ყველაფერი წარმოაჩინონ თავდაცვითი მოტივით. არადა, თავდასხმის შემთხვევაში გაეროს წესდება ითვალისწინებს თავდაცვის მიზნით შეიარაღებული ძალების გამოყენებას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსეთი ცდილობს მსოფლიომ არ შეაფასოს მისი მოქმედება.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რუსეთის მიმართ უმკაცრესი სანქციები დაწესდეს…
– პირველ რიგში, ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს ის გარემოება, რომ აშშ ორიენტირებულია თავის ინდივიდუალურ სანქციებზე და ამ გზით ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს რუსეთის თუ სხვა საერთაშორისო მოთხოვნებზე, რომელთა მიმართაც გააჩნია ინტერესი. თავიდათავი ის არის, რომ უფრო ნაკლებად მიმართავენ საერთაშორისო სანქციებს, რადგან მათში ისეთი მექანიზმია ჩადებული და ისეთი წესებია გათვალისწინებული, რომ შეუძლებელი ხდება ამ სანქციების მიღება და შემდეგ – განხორციელება. ეფექტურია და პოპულარული ხდება მექანიზმი, როდესაც თითოეული სახელმწიფო თავად წყვეტს, რა ტიპის სანქციებს მიიღებს და რა კონტრზომებს განახორციელებს. ეს გაცილებით მარტივია, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციებში კოლეგიალობა, შესაბამისად, როგორც აშშ-ის ინდივიდუალური, ასევე ევროკავშირის ზომები ეფექტურია, თუმცა, სამწუხაროდ, არასაკმარისი. მან ვერ გამოიწვია ის ეფექტი, რომ რუსეთი დათანხმებულიყო ომის შეწყვეტას. რუსეთი გააგრძელებს და გაამწვავებს შეიარაღებულ კონფლიქტს. ცხადია, სანქციების სერია გაგრძელდება და ის უფრო ხისტი გახდება. იგულისხმება ბლოკადა, ემბარგო და ა.შ. ამ მხრივ სანქციები, ნაწილობრივ, ამოქმედებულია. ვფიქრობ, აბსოლუტური შეზღუდვების პირობებში, რუსეთი იძულებული გახდება, დაიხიოს უკან და მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, მაგრამ სხვა საკითხია, აწყობს თუ არა მსოფლიოს ამგვარი რუსეთის შენარჩუნება, სიტუაციის დაპაუზება და შემდეგ ახალ გამოწვევაზე რეაგირება. რა იქნება მომავალში, არავინ იცის, რუსეთისადმი ნდობა დაყვანილია ნულზე.
– როგორ მოქმედებს რუსეთ-უკრაინის ომი ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაზე?
– პასუხი ერთმნიშვნელოვნია – პირდაპირ და გადამწყვეტად, იმიტომ, რომ რუსეთის ამგვარმა მოქმედებამ ყველა საერთაშორისო ნორმა შეაჩერა, წაართვა მას სიცოცხლე და ამ პირობებში შეუძლებელი ხდება ახალ მსოფლიო წესრიგზე საუბარი. კონფლიქტი უნდა დასრულდეს, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, როგორც ეს მოხდა გაეროს შემთხვევაში და ისაუბრონ ან გაეროს გარდაქმნაზე, ან ახალი ორგანიზაციის ფორმირებაზე, ახალი მსოფლიო წესრიგის დაფუძნებაზე, რომელსაც შემდეგ ყველა დაიცავს, დარღვევის შემთხვევაში კი ძვირად დაუჯდება დამღრვევს. Aამგვარად, მსოფლიო წესრიგზე მუშაობა უკვე დაწყებულია, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში დღითი დღე იმსხვრევა ის კოშკი, რომელიც გაერომ ააგო. შესაბამისად, შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ ჩვენ ვიხილავთ ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის მექანიზმს.
– თუ რუსეთს შერჩა ოკუპირებული ტერიტორიები, ეს ნიშნავს თუ არა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები დიდი ხნის განმავლობაში აღარ იარსებებს?
– ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, რადგან საერთაშორისო სამართალში არსებობს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი, მაგრამ ეს პრინციპი არ გამორიცხავს საზღვრების ობიექტურ და კანონიერ ცვლილებას, ნებაყოფლობით გადაცემას, ან სხვა სახით დაკანონების უფლებას, შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის ნორმების სიცოცხლისუნარიონაბაზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს ის, შერჩება თუ არა რუსეთს ეს ტერიტორიები. სავსებით რეალურია, რომ ეს ტერიტორიები შერჩეს, მაგრამ საერთაშორისო ნორმები გააგრძელებს არსებობას. შეიძლება შეიცვალოს შინაარსი, მოხდეს მათი ფორმაცია, კორექცია და ის ახალ რეალობაში იქნება გამოყენებული, მიეცემა ახალი სიცოცხლე. საერთაშორისო სამართლის არსებობა არ არის დამოკიდებული ერთი სახელმწიფოს მოქმედებაზე ან რამდენიმე ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგზე, საერთაშორისო სამართალი ფართო ცნებაა, განზომილებაში არსებობს და, შესაბამისად, მისი სიცოცხლისუნარიანობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მოქმედებებზე. Aამის მიუხედავად, დაიდება რუსეთის მოქმედებების შედეგი, საჭიროებს აღიარებას, საერთაშორისო სამართლით სავალდებულოა, ისევე როგორც ჩვენს შემთხვევაში. მაგალითად, დღეს გვაქვს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ფაქტორი, ისინი არსებობს დე ფაქტოდ, მაგრამ მათი იურიდიული აღიარება არ არსებობს, შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის ნორმებს გააჩნია კონკრეტული პასუხი ასეთი ფაქტების და პროცესების მიმართ.
– ვხედავთ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი მოიშალა, სამომავლოდ რას უნდა ველოდოთ?
– თუკი ვერ მოხერხდა რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური პოტენციალის, ამბიციების შეჩერება, ჩარჩოში მოქცევა, სავარაუდოდ, მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიარაღებული კონფლიქტი შეჩერდეს, ცივი ომი შეიძლება განმეორდეს მსოფლიოში და გამალებული შეიარაღება დაუბრუნდეს თავის ჩვეულებრივ რიტმს. აუცილებელია ისეთ პირობებზე შეჯერება, რომ არც რუსეთს და არც სხვა სახელმწიფოს არ ჰქონდეს ინტერესი, სამხედრო გზით გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები. ამასთან დაკავშირებით რაღაც საერთაშორისო შეთანხმება უნდა მიიღოს მსოფლიომ. რისკი არსებობს, თუმცა საიმისო სიბრძნე დაგროვდა მეოცე საუკუნეში, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს.
– ჩანს, რომ დასავლეთი არც უკრაინის გამარჯვებით და არც რუსეთის რეალური მარცხითაა დაინტერესებული?
– საინტერესო ფაქტორია, ასე მარტივად ეს არ ჩანს, თუმცა დასავლეთი რომ დაინტერესებული იყოს უკრაინის გამარჯვებით, მას აშკარად უფრო მეტი მხარდაჭერა და შეირაღება ექნებოდა, ვიდრე დღეს აქვს. ფაქტია, ევროპა და აშშ ფრთხილობენ და სავსებით გამართლებულია ეს სიფრთხილე, ვინაიდან რუსეთს გააჩნია პოტენციალი უფრო ხისტი მოქმედებებისა, რომლის დროსაც მოლაპარაკებებზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტი იქნება. ამიტომ რბილი ძალით უნდა დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები. სანქციების სერია, რომელიც დაწყებულია, უნდა გაგრძელდეს, რუსეთი უნდა დავიდეს ეკონომიკურად და სამხედრო პოტენციალით იმ კონდიციამდე, რომ მის ინტერესებში შედიოდეს მოლაპარაკება და ნეიტრალური შეთანხმების მიღწევა. ამიტომ გამართლებულია რუსეთის ნელ-ნელა დამარცხების სტრატეგია, მაგრამ, ამავდროულად, არ დამარცხდეს უკრაინა, ანუ რუსეთმა არ იგრძნოს მარცხის შიში იმდენად, რომ უკიდურეს ზომებს მიმართოს და თავი დაიცვას ბირთვული იარაღით. ის ნელ-ნელა უნდა დაარწმუნო იმაში, რომ ამ ომს აზრი არ აქვს, რომ უკრაინას ვერ დაამარცხებს, რომ აშშ და ევროკავშირი არ შეეგუება რუსეთის ამ მოქმედებებს და იმ შედეგს, რომლის შენარჩუნებას რუსეთი ომის დასრულების შემდეგ შეეცდება. ამგვარად, ნელა, რბილად უნდა მივიდეს რუსეთი იქამდე, რომ დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის დაცვაც შემდეგ მის ინტერესებში იქნება.
– დაბოლოს დასავლეთმა რა უნდა გააკეთოს, რომ რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწიოს უკრაინაში და მათ შორის სამხრეთ კავკასიაში?
– ზოგადად, დასავლეთი და აშშ ყოველთვის იყვნენ თანმიმდევრულები და გააზრებულად მოქმედებდნენ რუსეთის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირის დაშლაც ამაზე მიუთითებს. ისინი პირდაპირ, შეიარაღებული კონფლიქტით კი არ დაუპირისპირდნენ საბჭოთა კავშირს, არამედ სხვადასხვა წერტილში უქმნიდნენ მას ეკონომიკურ პრობლემებს და მიზანსაც მიაღწიეს. დღესაც, როგორც ჩანს, იგივე სტრატეგია გრძელდება – რუსეთს სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალს აცლიან, რაც მათი გადასახედიდან გამართლებულია, ამიტომაც არ მთავრდება ეს ომი ასე უცებ. რესურსები დასავლეთს გააჩნია, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც იკვეთება, მათ არ აქვთ ცეცხლის შეწყვეტის სურვილი,კ თუმცა ეტაპობრივად ისინი მიაღწევენ იმას, რომ რუსეთს აღარ ექნება ძალა, რესურსი და თავისთავად აზრი არ ექნება ომის გაგრძელებას, ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვევს რუსეთის დაშლას, ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლას, დაიწყება ქაოსი, შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაც ვიხილოთ, რაც რუსეთმა, ერთხელ გაიარა, თუმცა დღევანდელი კრემლი ამას ყურადღებას არ აქცევს, ყველანაირად ცდილობს, დაარწმუნოს მსოფლიო, რომ აქვს რესურსი, და მიაღწევს საწადელს. აქედან გამომდინარე, ითხოვს მის მიერ დასავლეთისთვის წაყენებული პირობების მიღებას. მოკლედ, რაც უფრო სიღრმისეულად გაითავისებს დასავლეთი რუსეთის ვერაგობას, მით მალე დასრულდება აღნიშნული კონფლიქტი, თუმცა, როგორც ჩანს, არც დასავლეთია დაინტერესებული მისი დაუყოვნებლივ შეწყვეტით.
ლაშა ხომერიკი