
საერთაშორისო ტურნირი – ბილიარდში
ბათუმი სამ დღეს მასპინძლობდა საერთაშორისო ტურნირს ბილიარდში (პულში), რომელიც საბილიარდე კლუბ „პირამიდაში“ ჩატარდა. ჩვენს ქალაქში აღმოსავლეთ ევროპის ათი ქვეყნის 90 საუკეთესო მობილიარდე შეიკრიბა. ტურნირის მთავარი ორგანიზატორი აღმოსავლეთ ევროპის ბილიარდის საბჭო იყო. შეჯიბრება აჭარის ბილიარდის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის, ნაწილობრივ კი, საქართველოს ბილიარდის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, მისი საპრიზო ფონდი 5 500 ევრო იყო, გარდა ამისა, საპრიზო ადგილებზე გასული მობილიარდეები ფასიანი პრიზებითაც დაჯილდოვდნენ.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ, საფინალო შეხვედრებში 19 ქართველი, მათ გარდა, პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის, თურქეთისა და კვიპროსის წარმომადგენელი ჩაერთნენ.
– ტურნირზე, სამწუხაროდ, ქართველებმა ცოტათი „მოიკოჭლეს“. საქართველოს ერთი წარმომადგენელი მხოლოდ მერვე ადგილზე გავიდა. საუკეთესო 16 მობილიარდეთა შორის, სამი ქართველი აღმოჩნდა, მათგან ერთი – ბათუმელი, ხოლო 32 საუკეთესოში 19 ქართველი შევიდა. ამ შედეგით დავასრულეთ შეჯიბრება, – გვითხრა აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ კახიძემ.
საბოლოოდ, პირველ ადგილზე პოლონეთის წარმომადგენელი გავიდა, ის შარშანდელი გამარჯებულიცაა, მეორეზე – სლოვაკელი მობილიარდე, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილები პოლონელმა მობილიარდეებმა გაიყვეს.
მანანა ძიძიშვილი