საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო და ზღვა“
ბათუმში მესამე დღეა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო და ზღვა“ მიმდინარეობს. მას ბათუმი მეორე წელია მასპინძლობს. მისი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია კინოდოკუმენტალისტი ნინო ხოფერია, პროექტის მხარდამჭერი – ქალაქ ბათუმის მერია. ფესტივალის გახსნის ღონისძიება 17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეს გაიმართა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში და საჯარო ბიბლიოთეკაში პოეტის ხელნაწერებისა და მემორიალური ნივთების გამოფენა მოეწყო, რომელიც ქართული ლიტერატურის მუზეუმმა წარმოადგინა, ასევე, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ოთხდღიან ფესტივალში ქართველი და უცხოელი მსახიობები, მკვლევრები, კინემატოგრაფისტები, მუსიკოს-შემსრულებლები მონაწილეობენ. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. გაიმართება პოეტთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება, ასევე, ლიტერატურული წარმოდგენები ქართველი და უცხოელი მსახიობების მონაწილეობით. პროგრამა მოიცავს ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციებს. გაიმართება წარმოდგენა – „აფხაზეთი და გალაკტიონი“. ფესტივალის ფარგლებში ერთმანეთს თბილისელი და ბათუმელი მწერლები შეხვდებიან. გაჟღერდება გალაკტიონის პოეზია ქართულ და ფრანგულ ენებზე. პროგრამა მოიცავს ასევე პერფორმანსს გემზე, რომელსაც ორგანიზატორებმა სიმბოლურად „გემი დალანდი“ უწოდეს. ფესტივალი 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა





