საერთაშორისო ფესტივალი – „საქართველო და ზღვა“
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა „საქართველო და ზღვა“, რომელიც მეორედ ჩატარდა, წელსაც მრავალფეროვანი პროგრამა შემოგვთავაზა. მისი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია კინოდოკუმენტალისტი ნინო ხოფერია, პროექტის მხარდამჭერი – ქალაქ ბათუმის მერია.
ფესტივალი, რომელიც ოთხ დღეს გაგრძელდა. 17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეს გაიხსნა აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში პოეტის ხელნაწერებისა და მემორიალური ნივთების გამოფენით. ექსპონატები გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა წარმოადგინა.
ფესტივალში ქართველი და უცხოელი მსახიობები, მკვლევრები, კინემატოგრაფისტები, კომპოზიტორები, მუსიკოს-შემსრულებლები, მწერლები, პოეტები მონაწილეობდნენ, მათ შორის: ტიმოთე ლაფონი, ია მაისაია, მანონ ბულისკერია, ბელა ხაბეიშვილი, ჟან რენოდო, ზურაბ ცინცქილაძე, დავით თედორაძე, ვახტანგ ღლონტი, სანდრო ბერიძე, სულხან წულუკიძე, მამუკა მაზავრიშვილი, გუგი ნემსიწვერიძე, ნიკა ნუცუბიძე, მერაბ ანდრონიკაშვილი, მანანა ღარიბაშვილი…
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი იყო. გაიმართა პოეტთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება, ასევე, ლიტერატურული წარმოდგენები ქართველი და უცხოელი მსახიობების მონაწილეობით. პროგრამა მოიცავდა ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციებს. გაიმართა საინტერესო წარმოდგენა „აფხაზეთი და გალაკტიონი“ თბილისელი და ბათუმელი მწერლების მონაწილეობით.
გაჟღერდა გალაკტიონის პოეზია ქართულ და ფრანგულ ენებზე. პროგრამა მოიცავდა, ასევე, პერფორმანსს გემზე, რომელსაც ორგანიზატორებმა სიმბოლურად „გემი დალანდი“ უწოდეს. გალაკტიონს სურდა, პოეზია და ტალღა ერთმანეთს შერწყმოდა და მონაწილეებმა ბოთლი, რომელშიც სათანადო ტექსტი მოთავსდა ხელწერებით, სიმბოლურად გაშლილ ზღვაში ჩაუშვეს.
ფესტივალის დახურვის დღეს სასიამოვნო წუთები აჩუქა მსმენელს მომღერალმა ირინა ხინიკაძემ.
– ბიბლიოთეკაში საინტერესო ექსპონატები იყო გამოფენილი, წარმოდგენილი ხელნაწერები ისტორიული განძია. საერთოდ, ასეთი ფესტივალების არსებობა საქართველოში და ზოგადად, ჩვენს პატარა ქალაქში, მნიშვნელოვანია, მადლობა ქალბატონ ნინო ხოფერიას, ის ამ ფესტივალს ძალიან კარგად უძღვება, – აღნიშნა ბათუმის ვიცე-მერმა სოფო ხალვაშმა.
თავად გალაკტიონს სურდა ასეთი ფესტივალის დაარსება. მეორე წელია, ამ ფესტივალს ქალაქ ბათუმის მერია აფინანსებს. მიხარია, რომ წელსაც კარგად ჩაიარა. მადლობელი ვარ ბათუმის მერიის, მათ გაითავისეს პოეტის ოცნება. გალაკტიონი ბათუმში ჩამოსვლისას ყოველთვის ბედნიერი იყო, არაერთ გეგმას სახავდა. ამ ფესტივალის ჩატარების იდეა, შეიძლება ვთქვათ, რომ თავად გალაკტიონს ეკუთვნის, უბრალოდ, მისი განხორციელების პატივი ჩვენ გვერგო, – აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა, დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ხოფერიამ.
– დიდმა პოეტმა სწორედ აქ, ბათუმში, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის შენობაში გააჟღერა მსგავსი ფესტივალის დაფუძნება. მაშინ ეს შენობა მასწავლებელთა სახლს ეკუთვნოდა. და აი, უკვე მეორედ ტარდება ფესტივალი, ეს დიდი ბედნიერებაცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. ჩვენთვის წლევანდელი ფესტივალი იმით გამოირჩეოდა, რომ წარმოდგენილი იყო გალაკტიონის დამოკიდებულება ფრანგული ლიტერატურული სამყაროსა და პოეზიის მიმართ, – გვითხრა საღამოს წამყვანმა ელისაბედ აბულაძემ.
– პარიზიდან ვარ, აქამდე გალაკტიონს არ ვიცნობდი, ამ ფესტივალის და იმ წიგნის წყალობით აღმოვაჩინე, რომელიც წავიკითხე. მისი პოეზიით აღფრთოვანებული ვარ და ვთვლი, რომ ერთ-ერთი ძლიერი პოეტია, რომელიც ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა. აღმოვაჩინე ისიც, რომ საქართველო პოეზიის ქვეყანაა. გალაკტიონს მთარგმნელ ბელა ხაბეიშვილის წყალობით გავეცანი. ფესტივალის დღეები და ქალაქში სეირნობა საუკეთესო მოგონებად მიმყვება. ეს არის მზის, მუსიკის, სიმშვიდის თანხლებით, კარგ ადამიანებთან ერთად გატარებული დღეები, რაც არასოდეს დამავიწყდება, – გვითხრა ფრანგმა მსახიობმა ტიმოთე ლაფონმა.
როგორც ქალბატონმა ნინო ხოფერიამ აღნიშნა, ფესტივალი ტრადიციულია და ამიერიდან ყოველ 17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეს გაიხსნება.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა










