
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ივანე აბაშიძე წარადგინა, რომელიც 2023 წლიდან დღემდე Columbia Shipmanagement Georgia LLC-ის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.
„საზღვაო სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც დიდ როლს ასრულებს მთლიანად ეკონომიკის განვითარების საქმეში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ივანე აბაშიძე უხელმძღვანელებს – დარგის გამოცდილი, კეთილსინდისიერი პროფესიონალი. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს ზოგადად საზღვაო სექტორის განვითარების კუთხით, მათი განხორციელების პროცესში კი სააგენტოს საკვანძო როლი ექნება. დარწმუნებული ვარ, ივანეს გამოცდილებით, სწორი ხედვით და ხელმძღვანელობით, ამ საქმეს თავს ერთად, წარმატებით გავართმევთ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
უწყების ინფორმაციით, ივანე აბაშიძის პროფესიული კარიერა მთლიანად საზღვაო სფეროსთანაა დაკავშირებული, მათ შორის, 2011 წლიდან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე – 2014 – 2018 წლებში იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხოლო 2018–2023 წლებში – სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2015 – 2020 წლებში ის ეროვნული პროექტის GloMEEP-ის კოორდინატორი იყო, 2016 – 2023 წლებში კი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორი.