საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან – უსკოში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრების ციკლი სამ დღეს გაგრძელდა და მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო სისტემები, არჩევნების პრინციპები, საარჩევნო პროცესში საერთაშორისო საზოგადოების როლი, დეზინფორმაცია, სოციალური მედიის გავლენა საარჩევნო პროცესებზე და სხვ.
საინფორმაციაო კურსი ითვალისწინებს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას. სტუდენტები გაეცნენ საარჩევნო დღის პროცედურებს და მონაწილეობა მიიღეს არჩევნების დღის პრაქტიკულ სიმულაციაში.
უსკოში სტუდენტებს საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენის შესახებ კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია ესაუბრა.
შეხვედრის მე-2 დღეს მონაწილეებს საერთაშორისო ორგანიზაციების როლის, მანდატის, საარჩევნო დაკვირვების სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის შესახებ დეტალური ინფორმაცია უსკოს ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსმა რუსუდან ანანიაშვილმა გააცნო.
შეხვედრის მე-3 დღეს უსკოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მელაძე სტუდენტებს საარჩევნო დღის პროცედურების შესახებ ესაუბრა,
უსკოს წევრმა ირაკლი გვარჯალაძემ სტუდენტებს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიურ ინტერვენციაზე ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, მათთან კენჭისყრის დღის პროცედურები განიხილა.

– ჩვენ გვქონდა მორიგი შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრა, ზოგადად, არჩევნებსა და დემოკრატიას ეხებოდა. ძირითადად, განხილული გვქონდა დემოკრატიის არსი და მნიშვნელობა ამა თუ იმ ქვეყანაში. ვსაუბრობდით საარჩევნო საკითხებზე, უმაღლეს საარჩევნო კომისიისა და ზოგადად, საზოგადოების წინაშე მდგარ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არჩევნებს უკავშირდება. ასევე, განხილული გვქონდა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების საკითხი, მათ შორის საარჩევნო დავები, საარჩევნო საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, მათ ანგარიშებთან, რომელიც წინა და ყველა არჩევნებს უკავშირდებოდა. ვფიქრობ, სტუდენტებისთვის, გარდა საუნივერსიტეტო პროგრამისა, რომელიც არჩევნებთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანია უშუალოდ იმ პრაქტიკის გაზიარება, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს გაქვს, – გვითხრა კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ.
– სულ ექვსი ტრენინგი ჩატარდა. აქედან 3-უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ასევე – ონალინ პლატფორმა „ზუმში“, სადაც მოწვეული გვყავდა 2 საერთაშორისო ექსპერტი. ერთი – პოლონეთიდან, მეორე კი შოტლანდიიდან, რომელიც გვიზიარებდა თავის გამოცდილებას საარჩევნო თემატიკისა და ახალგაზრდების გააქტიურების მიმართულებით. ყველა ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, თუ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო ვაშენოთ, უნდა გვახსოვდეს ფუნდამენტური უფლება, რაც მოქალაქეს გააჩნია, ეს საკუთარი ხმის მიცემის უფლებაა. შესაბამისად, ახალგაზრდა ჯგუფებს რომლებიც 17-დან 18 წლამდე გარდამავალ ასაკში არიან, უნდა ჰქონდეთ ცოდნა, როგორ მისცენ ხმა თანამედროვე პირობებში, რა ტექნოლოგიები შემოვიდა ქართულ რეალობაში, როგორ უნდა მოხდეს ხმის მიცემა ტექნოლოგიების გამოყენებით, რა შედეგებზე გავდივართ საბოლოო ჯამში და როგორ უწყობს ეს ყველაფერი ხელს ქართული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, – გვითხრა ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა და პროექტის ავტორმა გიგა ფარტენაძემ.

სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. აღნიშნული გამოცდილება ახალგაზრდებს დაეხმარება, რომ სადამკვირვებლო მისიაშიც ჩაერთონ.